“ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს.” – “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა გირაოს სანაცვლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მელია ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
რურუამ ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს:
“ევროკავშირმა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თანხა გადაიხადა, ასე ჩათვალა საჭიროდ და მე ამას მივესალმები. მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც გააკეთეს. ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს.
ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ალბათ, ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ. დოკუმენტს ყველა უნდა დათანხმდეს, “ევროპული საქართველოც”, ბატონი შალვა ნათელაშვილიც, ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც.
მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე იმედს ვამყარებ, რომ დადებით როლს ითამაშებს.” – თქვა რურუამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.