ხელახლა ჩატარებული გამოძიება და ფიროსმანის ცნობილი ფერწერული ტილო კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, სამართალწარმოების პროცესშის ჩადენილი დანაშაულის გამო ხელახლა ჩატარდა გამოძიება , ინფრომაცია კი საქალაქო სასამართლომ გაავრცელა. გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ გამოძიება ამ საქმეზე ჯერ კიდვე 2011 წელს დაიწყო, 2012 წელს კი მ. შ. -ს ბრალი წარედგინა. ამის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მ.შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს და ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა. როგორც სასამართლოს ინფრომაციაშია აღნიშნული, 2015 წელს საქმე პროკურატურას გადაეცა, ის გადაკვალიფიცირდა. პროცესი გაგრძელდა 2018 წლამდე, სანამ მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შუამდგომლობით არ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მ. შ.-ს გამართლება არ მოითხოვა.
“თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით, გაუქმდა მის მიმართ 2012 წლის 5 ივნისს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დ.ა.-ს კანონიერ მემკვიდრეს ნ.ა.-ს მიეცა შესაძლებლობა, სამოქალაქო სარჩელით მიემართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და აღნიშნული ფერწერული ტილოს საკუთრებაში დაბრუნება მოეთხოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.