თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდადებულები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო.
აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას მოკლული ახალგაზრდის დედა, იზა ომაძე არ დასწრებია.
განაჩენს იზა ომაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სტატუსით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატული თბილისელი ქალის ფოტო დაურთო და ამავე პოსტში საზოგადოებას მის მიმართ გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალი რომელიც შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა!
მადლობა ღმერთს არსებობისთვის, იმისთვის რომ მოგვცა თავისუფალი ნება ვემსახუროთ ან მას ან ეშმაკს,
მადლობა ჟურნალისტებს უკლებლივ ყველას მხარში დგომისთვის, რომ არა თქვენი მხარდაჭერა ვერაფერს შევძლებდით.
მაპატიეთ ვერ გპასუხობთ.
და მადლობა სრულიად უცხო ადამიანებს, ვინც ჩემი ტკივილით ელოდა დღევანდელ განაჩენს, რომელიც უცვლელი დარჩა“…- წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.