23 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნიკო ლეკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, მუსიკაზე და პროფესიაზე ისაუბრა. გადაცემაში სამი სიმღერის, „თბილისი“, „დავბერდი“, „ნიავი არხევს რტოებს“ პრემიერა შედგა.
ბატონო ნიკო, ვისაუბროთ სიმღერაზე „თბილისი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
მუსიკა მაცაცო სებისკვერაძის გახლავთ, ტექსტი თამაზ სანებლიძეს ეკუთვნის. ამ სიმღერას გოგი დოლიძე მღეროდა, მაგრამ მღეროდა შინაურ წრეში, ჩაწერა ვერ მოასწრო. ბოლოს ჩემთან სახლში იმღერა და მერე მოხდა ის ტრაგედია. საერთოდ, ჩემი აზრით, გოგი ყველა დროის საუკეთესო მომღერალი იყო. რამდენიმე ხნის წინ „ფეისბუქზე“ შემხვდა რეპეტიციის მომენტი მაცაცო სებისკვერაძესთან სახლში და ვიფიქრე, რატომ უნდა დაიკარგოს ეს სიმღერა-მეთქი და ჩავწერეთ. ეს სიმღერა არ იყო ცნობილი, ესე მღეროდა ხოლმე ხანდახან. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ტურნეში რომ წავიდა, ამ სიმღერის ჩაწერა უნდოდა და სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.
ალბათ, ასეთი, ხალხისთვის უცნობი ბევრი სიმღერა არსებობს…
კი, სხვათა შორის, კიდევ არსებობს გოგი ცაბაძის სიმღერა, რომელიც მას როიალზე დარჩა დაუმთავრებელი და რომელიც თბილისზეა. რომ გარდაიცვალა, მერე ნახეს, რომ იქ იყო ეს სიმღერა დადებული. ეს არის ძალიან კარგი სიმღერა მორის ფოცხიშვილის ლექსზე, უბრალოდ, დაუმთავრებელი იყო. მერე კახამ, მისმა ვაჟიშვილმა მთხოვა, რომ იქნებ, 90 წლისთავზე შენ იმღეროო და ორკესტრთან ერთად ვიმღერე და არსებობს ამის საკონცერტო ჩანაწერი.
თბილისის ყოფილი მერი ბრძანდებით, რამდენად გენატრებათ ის პერიოდი?
მენატრება, რადგან ახალგაზრდა ვიყავი, ყველა ცოცხალი იყო ჩემს გარშემო, ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები… ის თბილისი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობდა. თბილისი ძალიან მუსიკალური ქალაქი იყო, ახლაც მუსიკალურია, მაგრამ ახლა შეკეტილია ფანჯრებში. ქუჩაში რომ გაგევლოთ, დაინახავდით, რომ ბავშვები უკრავდნენ გამებს, ნაწარმოებებს. უამრავი ბავშვი დადიოდა მუსიკაზე და ეს ფანჯრებიდან ისმოდა. მოდაში იყო ქუჩაში სიმღერაც და ძალიან ბევრი მღეროდა მაშინ კარგად.
ალბათ, მაშინ უფრო ღირებული ნაშრომებიც იქმნებოდა…
რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, მაშინ რა დონის კომპოზიტორები იყვნენ. არ მიწყენენ, ალბათ, მაშინ სხვა აღმაფრენა იყო. ძალიან განვითარებული იყო კინო მუსიკა, თეატრალური მუსიკა, ახლა ეს ცოტა ჩაკეტილია. ჩვენი ფილმები დახუნძლული იყო კომპოზიტორების ნამუშევრებით, ძალიან ბევრი სიმღერა იყო. ახლა რა ფილმებიც გამოდის, კი, კარგია, მომწონს, მაგრამ სიმღერა აღარ არის. ზოგიერთი ისეთი ფილმიც იყო, რომელსაც დიდი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ გენიალური მუსიკები იყო მათში. ძალიან ბევრი სიმღერა იყო მულტფილმებშიც, რომელთაც გენიალური კომპოზიტორები წერდნენ, რეზო ლაღიძე, გუგული თორაძე, ჯანო კახიძე, ალექსანდრე ბასილაია…
გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, მეგობრებზე, ბავშვობის წლებზე…
არაჩვეულებრივად მღეროდნენ მამაჩემი და მისი ძმები, ამიტომ მგონი, რომ დავიბადე, პირველი სიტყვა „მრავალჟამიერი“ ვთქვი. სულ მეუბნებიან, ძალიან პატარა იყავი, სიმღერა რომ დაიწყეო. მყავს უფროსი ძმა და და, მათი მეგობრები კი ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ, მთელი გეპეის კვარტეტი. დამაყენებდნენ ჩემი ძმის ძმაკაცები და მამღერებდნენ. ჯანო კახიძე, ვანიკო მაჭავარიანი, ჯანოს შვიდკაცა სულ ჩემს ოჯახში იყვნენ და მათ ხელში გავიზარდე. სულ სიმღერა და ქეიფი იყო. მერე ჩემს ძმას უყიდეს ძალიან დიდი მიკროფონი და რადიოლა, რომელსაც თავზე მაგნიტოფონი ჰქონდა და გეპეის კვარტეტი ჩვენთან მოდიოდა სახლში და ჩვენთან აწყობდნენ რაღაცებს, მე კი ამ ყველაფერს ვუყურებდი. მე სულ მუსიკაში და სიმღერაში გავიზარდე.
არ გიფიქრიათ, რომ პროფესიად გაგეხადათ ეს ყველაფერი?
სასაცილო ამბავია. მე სადაც ვცხოვრობ, იქ იყო საკონცერტო დარბაზი, სადაც ყველაფერი საუკეთესო ხდებოდა. მე მაშინ პატარა ვიყავი და სულ დავდიოდი რეპეტიციებზე, გასაღები მქონდა და ჩემი ეზოდან ვაღებდი და შევდიოდი ხოლმე. მერე, გუგული თორაძე იყო დირექტორი ამ ფილარმონიის და მან მომცა კონტრამარკა, ნებისმიერ კონცერტზე, რეპეტიციაზე და ა.შ. შემეძლო შესვლა. გაბისკირიას ჰყავდა შერეული ორკესტრი, ვიოლინო, ვიოლონჩელო… ძალიან მომეწონა და ავიჩემე, ვიოლინოზე უნდა ჩავაბარო და დირიჟორი უნდა გამოვიდე-მეთქი. ძალიან კარგად ჩავაბარე მეორე მუსიკალურში და დავიწყე სწავლა. მერე, წამოვიზარდე და მეექვსე, მეშვიდე კლასში გადავედი და როგორია პლეხანოვზე ვიოლინოთი სიარული?! მოკლედ, აღარ მინდოდა. სხვათა შორის, ჩემს დას მივცემდი ხოლმე ამ ვიოლინოს, წავიდოდა მუსიკალურთან, მე ტროლეიბუსით მივყვებოდი და მერე ვართმევდი, რომ ბიჭებს არ დაენახათ. შვიდწლედი რომ დავამთავრე და დიპლომი ავიღე, მამაჩემმა დაუძახა დირექტორს და უთხრა, ჩვენ ამ ბავშვს ვერ გავუშვებთო, ან ტექნიკუმში უნდა ჩააბაროს ან ნიჭიერთა ათწლედში უნდა ჩავრიცხოო. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მამაჩემი გია ყანჩელს ეუბნებოდა, ასეთი ამბავია და რა ვქნაო. გიამ უთხრა, დაანებე თავი, მე მესამე კურსიდან გამოვედი უნივერსიტეტიდან და მერე ჩავაბარე კონსერვატორიაშიო და თუ მოუნდება, მერე თვითონ ჩააბარებსო. გავიდა წლები, მე თანამდებობაზე ვარ, გია ჩვენთან არის, არის პურმარილი და მამაჩემს ეუბნება, ხომ ხედავ შვილი გადაგირჩინეო, თორემ ახლა ეს ჯანოს ორკესტრში მესამე რიგში იჯდებოდაო.
მერე, გეპეის ორკესტრში უნდოდათ, რომ მემღერა, არ ვიყავი წინააღმდეგი, დამიბარეს რეპეტიციაზე და მივედი. მომცეს ერთი სიმღერა, რომელიც უნდა გამევლო. დაიწყეს, ჯერ ერთი გავიდა, მერე მეორე, 1-2 საათი ვიჯექი და მერე ავდექი და წამოვედი. მერე, დეკანმა დამიძახა, ხომ იცი, ახლა გაგრიცხავო, ვუთხარი, გამრიცხეთ, მე რეპეტიციებზე სიარული არ შემიძლია-მეთქი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ ქალაქის მერი როცა ვიყავი, ძალიან ბევრ კონცერტს ვატარებდით. იყო კონცერტი, სადაც გოგი დოლიძე და თამაზაშვილი იყვნენ სცენაზე. ვხედავ, გოგი ჩამოდის, გამიყარა ხელი და სცენაზე ამიყვანა. ატყდა ტაში და მთელი ამბავი და იქ ვიმღერეთ რამდენიმე სიმღერა და სცენაზე პირველი სიმღერა ეს იყო. ამის მერე კიდევ ბევრჯერ ვიმღერე. სცენაზე უფრო თბილისზე ვმღეროდი. მე არ ვარ მომღერალი, უფრო სუფრის მომღერალი ვარ.
მანქანაში სულ ჩართული მაქვს სიმღერები. მერი რომ ვიყავი, კაბინეტში ყოველთვის მედო მაგნიტოფონი და რომ შემოდიოდნენ, ყველს უკვირდა. ჩავრთავდი და ვუსმენდი, თან საქმეს ვაკეთებდი.
ძალიან ბევრი კარგი და ლამაზი სიმღერის ავტორი ხართ, თქვენი პირველი სიმღერა რომ გაიხსენოთ…
ყველა სიმღერას თავისი დრო აქვს. პირველი სიმღერა დავწერე პირველ კურსზე, ძალიან ახალგაზრდა რომ ხარ და სიყვარული რომ მოგიღიტინებს. ეს სიმღერაა „მე მიყვარხარ, გატყობ, შენ გეზარები“. მერე, სუფრაზე ვმღეროდი ხოლმე და ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით გოგოებს.
თქვენი საავტორო სიმღერების ალბომის სახით გამოცემაზე ხომ არ ფიქრობთ?
არ ვიცი, შეიძლება, რადგან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი და ნამღერი.
ვისაუბროთ სიმღერაზე „დავბერდი“.
იოსებ გრიშაშვილს აქვს ერთი ძალიან კარგი ლექსი „დავბერდი“ და მასზე დავწერე მუსიკა და ვმღეროდი ხოლმე.
მოგვიყევით კიდევ ერთ სიმღერაზე, „ნიავი არხევს რტოებს“, რომლის პრემიერაც ასევე დღეს შედგება.
ეს გია ყანჩელის სიმღერაა. უკვე მოგიყევით, რომ სულ ჩემს ოჯახში ვიყავით ხოლმე და გია სულ ამას უკრავდა ხოლმე. გია 21-22 წლის იყო, როდესაც პიანინოზე უკრავდა გეპეის ორკესტრში და ბიჭებს უთხრა, ეს დავწერეო. ეს გიას პირველი ნაწარმოები იყო და ძალიან უყვარდა. დაახლოებით 10-15 წლის წინ მითხრა, მოდი, ეს სიმღერა ჩაწერეო. რაღაც მომერიდა და ვუთხარი, გია, მე არ ვარ მომღერალი, მოვიყვან კარგ ბიჭებს, ისინი იმღერებენ-მეთქი და სხვათა შორის, ეწყინა. რომ გარდაიცვალა, ძალიან ხინჯად დამრჩა, ეს ამბავი რომ არ ავასრულე, სანამ ცოცხალი იყო. მერე, ზაზა შენგელიას ვთხოვე, ასეთი ამბავია-მეთქი და მან გააკეთებინა არანჟირება, მაგრამ მე ავუხსენი, როგორ უკრავდა გია. სხვათა შორის, მომეშვა გულზე.
ნიკო ლეკიშვილი – თბილისი
ნიკო ლეკიშვილი – დავბერდი
ნიკო ლეკიშვილი – ნიავი არხევს რტოებს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნიკო ლეკიშვილი. ვიდეო კოლაჟი