LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ნანიტაშვილი: „სამი წლის ასაკის მერე მამას მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვდი, თუმცა, ცოლის მოყვანა რომ გადავწყვიტე, პირველად მამაჩემს დავურეკე. მინდოდა, ეს ამბავი პირველად მისთვის მეთქვა და ბედნიერი ვარ, ასე რომ მოვიქეცი…“

999
257056f0-c679-4ab0-ac32-e563334aa3aa

მსახიობ და ტელეწამყვან ნიკო ნანიტაშვილის განვლილი ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი, თუმცა, დღეს იმ გამოცდილებების მადლიერია, რაც ამ გზაზე ფეხდაფეხ ხვდებოდა და რთული პერიოდების შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

ჩემი ოჯახის, მშობლებისა და ბებია-ბაბუების ხელშეწყობითა და დიდი მონდომებით, უდარდელი და მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. ყველანაირ წრეზე დავდიოდი. ზოგადად, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე, მათ შორის, ოჯახურიც, მაგრამ ყველაფერი ისეთი, რაც საჭიროა და დიდ გამოცდილებას გაძლევს. სტუდენტობისას თბილისში წამოვედი, ბიძაჩემმა შემიფარა, ასე ვთქვათ, მიშვილა და თავის შვილებთან ერთად, მამობა გამიწია. ფაქტობრივად, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გახდნენ ჩემი მშობლები. ცარიელ-ტარიელმა ჭიათურიდან დედაქალაქში ამოვყავი თავი, მათ კი ორი წელი, თავად ნაქირავებ ბინაში მაცხოვრებელმა, ლუკმა გამიყვეს და გზაზე დამაყენეს. ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი რომ არ ყოფილიყვნენ, ძალიან გამიჭირდებოდა და არ ვიცი, დღეს რა, როგორ, სად და რანაირად იქნებოდა.

– თქვი, მიუხედავად მაშინდელი რეალობისა, უდარდელი ბავშვობა მქონდა, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებაც ადრეული ასაკიდან მივიღეო. ხომ არ გულისხმობდი ადრეულ გამოცდილებაში იმას, რომ დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ და ბებია-ბაბუასთან იზრდებოდი?

– ამ თემაზე საუბარს ვერიდები, მით უმეტეს, რაც მამა გარდაიცვალა. სამი წლის ვიყავი, როცა დედა და მამა დაშორდნენ. ორივეს თავისი ცხოვრება ჰქონდა. დედას, დაქალთან ერთად, ხან ერთ ქვეყანაში უწევდა წასვლა, ხან მეორეში, რომ ფინანსურად დაგვხმარებოდა. ბებია-ბაბუებმა გამზარდეს. დღეს თუ ადამიანი ვარ, კაცი მქვია და რამე ვიცი – ჩემი ბებიებისგან და ბაბუებისგან. ჩემი მთავარი გულშემატკივრები ისინი არიან. მათ რომ ჩემი სიხარული უხარიათ და ჩემი ტკივილი სტკივათ, ისე – არავის. მამას თავისი ოჯახი ჰყავდა და მისგან ნახევარდა-ძმა მყავს. კარგი დაძმობა გვაქვს. მამას არ ჰქონდა მარტივი ცხოვრება. ქუჩაში გახდა შეუძლოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ შეძლეს, გარდაიცვალა. მამაჩემზე ყველგან და ყოველთვის ვამბობ, რომ ის იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულის მეტი არაფერი შეეძლო. ჩვენი თითოეული განშორების მერე გადაკვეთა იყო ცრემლი, ჩახუტება და სიხარული. იყო ადამიანი, რომელსაც სულ ერიდებოდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, მაგრამ მისი თვალებიდან უზომო სიყვარული მოდიოდა. არც ბაბუა და ბებია მაკლებდნენ ყურადღებას. ბავშვობაში ისინი მიწევდნენ მამობასაც, დედობასაც და ბებია-ბაბუობასაც, მაგრამ მახსოვს, მაინც სულ მამის მოსვლას ველოდებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც არ მქონია მამასთან გაუცხოების მომენტი. სამი წლის ასაკის მერე მამას მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვდი, თუმცა, ცოლის მოყვანა რომ გადავწყვიტე, პირველად მამაჩემს დავურეკე. მინდოდა, ეს ამბავი პირველად მისთვის მეთქვა და ბედნიერი ვარ, ასე რომ მოვიქეცი. ძალიან ბედნიერი იყო, ჩემს ჯვრისწერასაც დაესწრო და ჩემ გვერდით იყო. მისი გარდაცვალების მერე დამაკლდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის მჭირდებოდა. თუმცა, გარდაცვალების მერეც ის სულ ჩემ გვერდით იქნება ემოციურად და სულიერად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g