„ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა.
„სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია, თქვენი მასპინძლობა. ჩვენი საბჭოს წევრებს ვუსურვებ ორმხრივი ინიციატივების წარმატებით განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ შევძლებთ ყველა შესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთობა და კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემაც.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ როგორც თანათავმჯდომარე სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ იმართება. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც ხაზს უსვამს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას და ასევე მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი და უმაღლესი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ფორმატებში და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში სათანადოდ აისახება ჩვენს გამორჩეულად წარმატებულ თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვიდან, ჩვენი მეზობლობიდან.
ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს არის მრავალ ათასწლიანი კავშირები და სწორედ ამ კავშირებს, ამ მეგობრობას ეფუძნება ის მეგობრობა, რომელიც მთავრობებს შორის ურთიერთობებშიც არის გამოხატული. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის სხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმაოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოვკვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა.
„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ.
მოხარულნი ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. გასულ წელს, სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40 %-ით მოიმატა, რის გამოც ვართ მოხარულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომეხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან, ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.