როგორც BBC წერს, აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებამ ინვესტორებში გეოპოლიტიკურ რისკებთან მიმართებით შეშფოთება გააძლიერა, შედეგად, ძვირფასი ლითონების ფასები გაიზარდა.
მაგალითად, 5 იანვრის დილას, აზიის ბაზრებზე ოქროს ფასი, დაახლოებით, 1.8%-ით გაიზარდა და უნციაზე 4408 აშშ დოლარს მიაღწია, ვერცხლის ღირებულებამ კი თითქმის 3.5%-ით მოიმატა, მაშინ, როცა ნედლი ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შეიცვალა.
მიუხედავად გასული წლის ბოლოს დაფიქსირებული კლებისა, ოქროს და ვერცხლის ფასებმა 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწიეს. მაგალითად, ოქროს ღირებულება 1979 წლის შემდეგ 60%-ზე მეტით გაიზარდა და 26 დეკემბერს ყველა დროის მაქსიმუმს, 4549.71 აშშ დოლარს მიაღწია.
ფასების ეს ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მოლოდინმა, ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მნიშვნელოვანი მოცულობით შესყიდვებმა, ასევე ინვესტორების შეშფოთებამ გლობალური დაძაბულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის გამო.
რაც შეეხება ნავთობის ფასებს, რომლებიც აქამდე მერყეობდა, ამ დროისთვის მცირედით შემცირებულია, რადგან ინვესტორები აკვირდებოდნენ, მოახდენდა თუ არა ვაშინგტონის ვენესუელაში ინტერვენცია ნედლი ნავთობის მიწოდებაზე გავლენას.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ „აშშ ვენესუელას მართავს იქამდე, სანამ უსაფრთხო, სათანადო და გონივრული გარდამავალი პერიოდი არ დადგება“, ინდუსტრიის ანალიტიკოსების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ენერგიის ფასებზე საგრძნობ გავლენას არ მოახდენს.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენას მილიარდობით დოლარი დასჭირდება, ვინაიდან სექტორი 2000-იანი წლების დასაწყისიდან მკვეთრ დაღმასვლას განიცდის.
OCBC Bank-ის (Oversea-Chinese Banking Corporation) საინვესტიციო სტრატეგის ვასუ მენონის თქმით, ვენესუელის ნედლი ნავთობის წარმოება წლების განმავლობაში „უსახური“ იყო და ამჟამად გლობალური წარმოების, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს.
