რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ფილმის „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი – ნიკოლოზ ხომასურიძე და მსახიობები – გიორგი გილიგაშვილი და ლიზა ბერიშვილი სტუმრობდნენ.
ნიკოლოზ, მოგვიყევით თქვენს ახალ ფილმზე, როგორია სახელწოდება და რაზე მოგვითხრობს ის?
ნიკოლოზი: ფილმის სახელწოდება არის „გააზიარე სიყვარული“. ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ზრდილობა, რაც უმნიშვნელოვანესია. ეს არის ფილმი დროში მოგზაურობაზე, სიყვარულის გაზიარებაზე. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რაც არის მიჯნურობის 10 თვისება, ამ თვისებების მატარებელნი არიან სხვადასხვა გმირები, რასაც ჩვენი ფილმის მთავარი გმირი, ქარი ჭელიძე აცნობს მეორე გმირს, ონია მეტრეველს, რომელსაც არაჩვეულებრივი, ულამაზესი, ლიზა ბერიშვილი ასრულებს. ყველაფერი კოვიდპანდემიის დროს ხდება, ისინი გაიცნობენ ერთმანეთს და ხდება ცნობიერის და ქვეცნობიერის ურთიერთკავშირის წარმოჩენა, აქ ასევე ჩართულია კავკასიური იოგა. ძალიან შთამბეჭდავი სცენარია. „გააზიარე სიყვარული“ ისტორიულ-ბიოგრაფიული, რომანტიკული, სათავგადასავლო ჟანრის მხატვრული ფილმია.
ახლა, დარჩენილი გვაქვს ბოლო, თანამედროვეობის სცენები, ისტორიული სცენები უკვე ყველა გადავიღეთ… დავით აღმაშენებელი, რუსთაველი, ფიროსმანი და მარგარიტა, გალაკტიონი და ოლღა, კლოდ მონე და ასე მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ… ვფიქრობ, რომ „გააზიარე სიყვარული“ ახალი სიტყვა იქნება ქართულ კინოში და ახალი აღმოჩენა იქნება ჩვენი ლიზა ბერიშვილიც, რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს თავის როლს.
ლიზა, როგორი იყო გადაღების პროცესი?
ლიზა: ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ამ ფილმზე მუშაობა, არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ ცხოვრებისეული კუთხითაც. ეს ფილმი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხაა. იმდენ რამეს გასწავლის ადამიანს და იმდენად მრავალმხრივია სცენარი, შეუძლებელია, რომ გავლენა არ მოახდინოს შენზე და სიყვარულის გაზიარება არ მოგანდომოს.
ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლოზის მსგავსი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში, ძალიან მზრდის მასთან ურთიერთობა. ყველა, ვინც ამ ფილმზე მუშაობს, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და უდიდესი დამსახურება აქვთ ჩემს განვითარებაში. მე ისეთ ასაკში მომიწია ამ ფილმზე მუშაობა, როცა სამყაროს შეცნობას ვიწყებდი და ეს ჩემთვის ძალიან გარდამტეხი მომენტი იყო.
ნიკოლოზ, როგორია ფილმის მსახიობების ჩამონათვალი?
ნიკოლოზი: მთავარ როლში არის გიორგი გილიგაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივად გააცოცხლა ქარი ჭელიძე, რომელიც დროში მოგზაურია.
ისტორია 3500 წლის წინ იწყება, როდესაც იბერიელი ქურუმები ცოცხლდებიან და გადმოდიან თანამედროვეობაში. ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ იწყება კადრები. გიორგი ლიზასთან ერთად სხვადასხვა დროში მოგზაურობს, ისინი სხვადასხვა გმირებს ხვდებიან.
ახლა, ჩემთვის საყვარელ, ბატონ რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. მან არაჩვეულებრივად გააცოცხლა დიდოსტატის როლი, რომელიც ჩვენი ქარის მასწავლებელია. დავით სარაჯიშვილის როლს თამაშობს გოგი თურქიაშვილი. ასევე, ფილმში თამაშობს გია დარჩიაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივად გააცოცხლა ადამ ფორაქიშვილი. გალაკტიონს თამაშობს აკაკი ფესტვენიძე, რომელიც საოცრად ჰგავს მას. ოლღა ოკუჯავას როლში თეკლა მარჯანიშვილია. რუსთაველის როლი ვახო ჩაჩანიძემ შეასრულა.
გიორგი, როგორი არის ნიკასთან მუშაობა და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს ფილმი?
გიორგი: პირველ რიგში, დავიწყებ ფილმის სახელწოდებით – „გააზიარე სიყვარული“, ეს ძალიან დიდი გზავნილია.
ნიკოლოზთან იმხელა ძმობა მაქვს, რომ აღარ ვამბობ, ამ ურთიერთობის სიღრმეებზე და სიმაღლეებზე. ნიკოლოზი აბსოლუტურად გულანთებული ქართველია, რომელიც დაუზოგავად ყველანაირი ენერგიისა, ცდილობს, რომ საღმრთო და ეროვნული იდეა საინტერესოდ შეაკავშიროს ერთმანეთს და ამ პროექტის სახით, მომავალ თაობებს დაუტოვოს. მისი თითოეული პროექტი ეროვნული იდეით და მარადიული სულით არის სავსე, მაგრამ ეს არის გვირგვინი.
ფილმის გადაღება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, თუ გყავთ მხარდამჭერები?
ნიკოლოზი: ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა შრომა, თავგანწირვა და სულისკვეთება არის ჩადებული ამ საქმეში. ყველაფერი უდიდესი სიყვარულით კეთდება.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რაც აუცილებელია კინოს გადაღებისთვის, ბედნიერები ვიქნებოდით, თუ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა, იქნებოდა სახელმწიფო მხარდაჭერა, იაქტიურებდნენ კომპანიები, მაგრამ დღეს, ასე ვთქვათ, აკლია კინოს პრესტიჟი, მით უმეტეს, ეროვნულ პროექტებს. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ისეთი ისტორია და კულტურა გვაქვს, რომ ბევრი ისტორიული ფილმი უნდა იყოს… სიტყვით ბევრი, მაგრამ საქმით ძალიან ცოტა მხარდამჭერია. ეს ფილმი ჩემი პირადი ფინანსებით კეთდება და ჩემი რამდენიმე მეგობარი მიერთდება, არის რამდენიმე მხარდამჭერი. მაგალითად, „ექვთიმეს“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, 7000-მდე ადამიანი შემოგვიერთდა.
თუ გვაქვს სურვილი, რომ ფილმის დაფინანსებაში მივიღოთ მონაწილეობა, როგორ უნდა მოვიქცეთ?
ნიკოლოზი: ჩემს გვერდზე, ნიკოლოზ ხომასურიძის გვერდზე არის მადლიერების ვიდეოები, სადაც მითითებულია ჩვენი კომპანიის ანგარიშები და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ წვლილი შეიტანოს ფილმის შექმნაში. ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ ფილმის წარმდგენი იყოს.
ფილმის პრემიერას სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ვგეგმავთ.
ვისაუბროთ ფილმის „საუნდთრექზე“, რადგან სხვადასხვა კადრებთან, სცენებთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკასაც, რომელსაც განსაკუთრებული ემოცია მოაქვს.
ნიკოლოზი: ამ ფილმში ძალიან ბევრი მუსიკაა, მუსიკას მივყავართ სცენიდან სცენამდე. ფილმში გიორგის ორი სიმღერაც იქნება. ეს სიმღერები შემდეგ კლიპადაც გამოვა, ფილმის კადრებით. ორივე სიმღერა ძალიან მომწონს. ერთ-ერთ სიმღერას – „ქალავ ისეთი თეთრი ხარ“ ქარი უმღერის ონიას და ულამაზესი კადრებით არის გაცოცხლებული. სიმღერის ლექსი და მუსიკა გიოსია.
საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში იყო გადაღებები?
ნიკოლოზი: ვიყავით რომში, პარიზში და იქ იყო გადაღებები, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. გადასაღები გვაქვს გაცნობის სცენა და ვგეგმავთ, რომ საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გადავიღოთ.