LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: „იმედი მაქვს, წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი – თუ გავაგრძელებთ კაკუნს კარზე და არ გვექნება გამოხმაურება, მოხდება მხარდამჭერთა შემცირება, როგორც ნატოს შემთხვევაში“

113
ნიკოლოზ სამხარაძე

ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება – არ უნდა მოგვთხოვონ კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც არ გამოიყენება ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუმინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.

ინტერვიუში სამხარაძე პასუხობს საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს, ასევე საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით საუბრობს.

„საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ორი-სამი თვის წინ იყო. საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღიურად გამოსული მომიტინგეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმ 200-300 ადამიანია. საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, ბრალდებებს, ამ კუთხით, მკაფიო მტკიცებულებები არ ახლდა. უფრო მეტიც, საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდა. შედეგად, ადამიანებს, რომლებიც ამ მიზეზით გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, აღარ სჯეროდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტმა თანდათან იკლო“, – აცხადებს სამხარაძე.

მისივე თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი რჩება“.

„ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი რჩება და აქ მხედველობაში მაქვს საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. ძირითადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, პრიორიტეტები და ამოცანები იგივე რჩება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ რამეებზე, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ჩვენ მაინც განსხვავებული აღქმები გვაქვს. სწორედ ამ მიზეზით ჩნდება მცირე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა ევროკომისია ან ევროპარლამენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გარკვეული კანონები თუ ქმედებები არ შეესაბამება ევროპულ მისწრაფებებს. თუმცა, ხანდახან პოლიტიკურ დეკლარაციებს არ ვცდებით. მაგალითად, სამართლებრივ სიბრტყეში, ჩვენ შევთავაზეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვების შესაძლებლობა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ფაქტობრივად, ჩვენთვის სულაც არ არის სასიამოვნო, როცა ვხედავთ ევროკავშირის ამ დამოკიდებულებას და როგორ ეპყრობიან საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი, რაც გვინდა და მოვითხოვთ, არის სამართლიანი მოპყრობა და ჩვენი პრობლემების და ინტერესების გათვალისწინება.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა, რომ ბრიუსელმა გაიგოს, რომ საქართველო გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს, რომ საქართველო არის რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რის გამოც მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. უფრო მეტიც, ბრიუსელის ინსტიტუტებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, მაგალითად ესტონეთმა. ეს იმიტომ, რომ საქართველო არ არის ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. ამიტომ, ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება. ჩვენ არ უნდა მოგვთხოვონ კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც არ გამოიყენება ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი. ჩვენ ძალიან ღიად ვუთხარით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ წინ წავიწიოთ რეფორმების განხორციელებით, დავნერგოთ ევროპული მოთხოვნები და მოვახდინოთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ იძულებულნი გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც წევრი სახელმწიფოები არ აკეთებენ. მაგალითად, ევროკავშირმა საქართველოს სთხოვა შეცვალოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურა, კერძოდ, პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით სამი მეხუთედით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გენერალურ პროკურორს პარლამენტი საერთოდ არ ნიშნავს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას ნიშნავს პარლამენტი, დანიშვნა ხდება უბრალო უმრავლესობით. კიდევ ერთი მაგალითი ეხება საარჩევნო ბარიერს, ევროკავშირი გვთხოვს საარჩევნო ბარიერის შემცირებას 5%-დან 2%-მდე, მაშინ როდესაც წევრ ქვეყნებში უმეტესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ია. არ მესმის, რამდენად შეუძლია პროცენტულ მაჩვენებელს განსაზღვროს ქვეყნის ევროპულობა ან ნაკლებად ევროპულობა. ევროპულობის იდეის მიღმა, საუბარია იმაზე, თუ რა არის რეალურად აქტუალური სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ამ სისტემის სტაბილურობისა და პოლარობისათვის. ევროკავშირისგან ჯერ არ მიმიღია განმარტება, თუ რატომ უნდა შეამციროს საქართველომ საარჩევნო ბარიერი“, – აღნიშნავს სამხარაძე.

დეპუტატის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

„საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ჩვენ მზად არ ვართ გავხდეთ კავშირის წევრი, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო 5 წელიწადში, კერძოდ 2030 წელს, განვახორციელებთ ყველა საჭირო რეფორმას გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რათა 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დგას…

ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე – გავიდა 17 წელი – ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმნასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ინტერვიუს სრული ვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g