LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: „ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს“

120
ნიკოლოზ სამხარაძე

„შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფრო თავდაჯერებული და აქტიური გახდა. ბოლო თვეებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, რუსებმა დააჩქარეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა, კერძოდ, რეგიონში აეროპორტის მშენებლობა. რუსეთის ფედერაციამ ასევე გააძლიერა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – ასე უპასუხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში შეკითხვას საქართველოში რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით.

„თუ გადავხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარი ცვლილებები ხაზს უსვამს რუსეთის ფართო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე და კონკრეტულად აფხაზეთში, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ფინანსურ, სოციალური და ენერგეტიკული მიმართულებით.

სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში გამოსავალს არ ვხედავ. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

იმ სცენარის მიხედვით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე ვერ დაიბრუნებს იურისდიქციას აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე, ვფიქრობ, რომ ამ რეგიონების ვითარება ჩრდილოეთ კვიპროსის ვითარებას დაემსგავსება, იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი აღიარებს ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად, მაგრამ პრაქტიკული განზომილების გარეშე.

ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი მდგრადობა ანტიევროკავშირის და ანტიდასავლური ნარატივების მიმართ, როდესაც ისინი რუსეთიდან მოდის. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატებისა თუ პოლიტიკოსების გარკვეული ქმედებები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირის მიმართ.იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ჩაერია საქართველოს არჩევნებში და ამა თუ იმ პარტიის მხარე დაიჭირა, რაც უსამართლო იყო ქართველი ამომრჩევლის მიმართ. ასევე, ორმაგი სტანდარტების მაგალითია საპროტესტო აქციების განსხვავებული შეფასება საქართველოში და ბულგარეთში, როდესაც ევროკავშირის შტაბ-ბინას მომიტინგეები დაესხნენ თავს. ყველა ამ სიტუაციამ დააზიანა ევროკავშირის იმიჯი საქართველოს მოქალაქეების თვალში. მაგრამ რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქართული საზოგადოება უკიდურესად მდგრადია, რადგან საქართველო ამ პროპაგანდის წნეხის ქვეშაა ბოლო 30 წელი“, – აღნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g