თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ – ამის შესახებ ბაიდენსა და პუტინს შორის 2 საათიანი ვიდეო ზარის შემდეგ გახდა ცნობილი.
რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა უკრაინისა და ირანის საკითხები განიხილეს. ჯო ბაიდენის მრჩევლის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ მზად არის გააკეთოს ის, რაც შტატებმა 2014 წელს არ გააკეთა.
აღნიშნულ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” პარტია “ევროპული დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ისაუბრა.
მართალია, საქართველოს პირდაპირ არ ეხება ეს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენთანაც ხშირად ყოფილა არც თუ ოპტიმისტური შეფასება, რომ დასავლეთი მართალია მხარს გვიჭერს ხოლმე, მაგრამ ეს არ სცდება ე.წ. შეშფოთებებს. რამდენად რეალურია ის, რომ ამ ჯერზე უკრაინას წონადი დახმარება აღმოუჩინონ?
უკრაინას დასავლეთი და კერძოდ, აშშ ისედაც უწევს წონად დახმარებას სამხედრო პროგრამების ხაზით. ისიც ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი ტექსტით იყო დატვირთული უსაფრთხოების ქარტია. როდესაც დღის წესრიგში დადგა უშუალო სამხედრო საფრთხე რუსეთის მხრიდან, ცხადია მისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ ჩაერთო ამ პროცესში და საკმაოდ სერიოზულადაც. ამ ორმხრივი, ვირტუალურ სამიტის თემა იყო უკრაინის უსაფრთხოების საკითხი. ეს კი სერიოზული დახმარებაა.
რა ინტერესები აქვს რუსეთს? სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი – ვგულისხმობ იმას, რომ ყირიმი უკვე წაართვა უკრაინას, პლუს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, აკონტროლებს დნესტრისპირეთს (მოლდოვა), შუა აზია ფაქტობრივად კონტროლს ქვეშ ჰყავს, ჩვენც წაგვართვა ტერიტორიები…სადამდე შეიძლება წავიდეს რუსეთი და ეკონომიკური სანქციები საკმარისი და ადეკვატურია?
ზოგადად რუსეთის ინტერესია და სამწუხაროდ, ამ სახელმწიფოს ბუნებაა ის, რომ ყოველთვის ორიენტირებულია მუდმივ გაფართოებაზე და შესაბამისად, მისი უახლესი სახელმწიფოს მყარი ჩართვა დემოკრატიულ თანამეგობრობაში, მისთვის მიუღებელი პროცესია და ის მუდმივად ქმნის პრობლემებს ამ პროცესში. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ამიტომ 2014 წელს განხორციელებული აგრესია ამ არაჯანსაღი გეოპოლიტიკური კონცეფციის ნაწილია.
ცხადია, რომ ორი დიდი სახელმწიფოს ომი რეგიონზე გავლენას მოახდენს, მაგრამ რამდენად ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ეს საქართველოსთვის თქვენი შეფასებით?
ეს ერთიანი ნაწილის პროცესია. უბრალოდ, იყო პერიოდები, როდესაც საქართველოს თემა იყო მაქსიმალურად აქტუალიზირებული, ახლა კი უკრაინის. მაგრამ იმ კონტექსტში, რაზეც გესაუბრეთ სამეზობლოს მიმართ გატარებული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ერთ კონტექსტში ვართ ჩვენც და უკრაინაც. თუ უკრაინას მძიმე დარტყმა მიადგა და, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ფორმით მოუწია დანებება, შემდგომ რა თქმა უნდა საქართველოს ჯერიც დადგება და ჩვენს მიმართაც გამკაცრდება მიდგომა და მოთხოვნები. ასე რომ, როგორ დასრულდება და განვითარდება პროცესი უკრაინასთან დაკავშირებით არა ირიბად, არამედ პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან,”-აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაკიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.