LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე: „ყველას მოსწონს დაცემულის, დამარცხებულის ყურება და არც სიყვარულს იშურებს მისთვის…“

28
ნიკოლოზ-წულუკიძე

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერაზე ისაუბრა და 22 ივლისს ბათუმში დაგეგმილ სპექტაკლზე „ქართული თეატრის ამბავი“ მიიწვია თეატრის მოყვარულები.

წითელი ჯვრის კეთილი ნების საპატიო ელჩი, „ოქროს ფრთის’’ და ეროსი მანჯგალაძის პრემიების ლაურეატი, თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი და თეატრმცოდნე, ტელე და რადიოწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე უამრავი სხვა რეგალიის პატრონია, თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი მაინც მაყურებლის სიყვარული და დაფასებაა.

პუბლიკის სიყვარული

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან უჭირს სხვისი ბედნიერების მიღება, ადამიანების უმეტესობას თრგუნავს და აღიზიანებს სხვისი სიხარული და კარგად ყოფნა, თუმცა ყველას მოსწონს დაცემულის, დამარცხებულის ყურება და არც სიყვარულს იშურებს მისთვის.

საბედნიეროდ, მე გამიმართლა, რადგან უამრავი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი, რით დავიმსახურე, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ნამდვილი, ბუნებრივი ვარ და არასდროს ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, ვასწავლო სხვას ჭკუა, მე უბრალოდ, გულწრფელად ვესაუბრები მაყურებელს, არაფერს ვურჩევ, მითითებებს არ ვაძლევ და არც მორალს ვუკითხავ. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ განსაზღვრა პუბლიკის სიმპათია. მთელი გულით მიყვარს ყველა ჩემი გადაცემა, რომელთაც არა რეიტინგისთვის, არამედ  მაყურებლისთვის ვაკეთებ, რადგან სწორედ მათი ემოცია, განცდა და თანამონაწილეობაა ჩემთვის პრიორიტეტული.

მეგობრები 

მართალია, უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ უმეტესობას საზოგადოება არ იცნობს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი „პლეხანოვის სამეგობრო“. ანუ ბავშვობის მეგობრები შემდგარი და წარმატებული ადამიანები არიან. ვფიქრობ, მეგობრობა ისეთივე ინტიმური თემაა, როგორც ოჯახი, სიყვარული და ძალიან არ უხდება საჯაროდ განხილვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თაობის მეგობარი მყავს, ძალიან მეამაყება გოგი მესხიშვილთან მეგობრობა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, რადგან საოცრად ღირსეული ადამიანია.

ქართული თეატრის ამბავი

სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში შედგა. ვფიქრობდი, ერთი სპექტაკლით შემოვიფარგლებოდით, თუმცა მაყურებლის თხოვნით რამდენიმე წარმოდგენა კიდევ დავდგით. ივლისის თვეში ბათუმში გავემგზავრებით და ბენზეს საკონცერტო დარბაზში ვუმასპინძლებთ პუბლიკას. სიმართლე ვთქვა, თავიდან ნაკლებად მჯეროდა, რომ საზოგადოების დაინტერესებას შევძლებდით, თუმცა ისე სწრაფად გაიყიდა ბილეთები, მივხვდი, რომ ყველა სიამოვნებით ნახავდა დადგამს, რომელიც ქართულ თეატრს მივუძღვენით. ძალიან რთულია ორი საათი იმ ისტორიების სცენიდან მოთხრობა, რომლებიც მაყურებელს დააინტერესებს და არ მობეზრდება, მით უფრო, რომ ჩვენი პუბლიკისთვის აბსოლუტურად უცხოა ე.წ. ‘’ერთი კაცის შოუს’’ ფორმატი. მართალია, ბატონ კოტე მახარაძეს ერთი მსახიობის თეატრი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ განსხვავებული, ტექნიკურად ბევრად რთული გზა ავირჩიეთ და ერთგვარი შოუ მოვაწყვეთ სუხიშვილების დასის, ოპერის ორკესტრის მონაწილეობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

საოცნებო პროექტი

უამრავი იდეაა მაქვს, თუმცა ჯერ თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. მთავარი ძალაა, სასიცოცხლო ძალაა, რადგან სხვაგვარად არაფრის გაკეთება არ გამოვა.

სოციალური ქსელი

მიხარია, რომ ჩემზე ნაკლებად ვრცელდება ჭორები, თუმცა სოციალური ქსელის კომენტარებით მაინც ნაკლებად ვინტერესდები. მეგობრები ხშირად მეხუმრებიან, ისეთი დადებითი შეფასება გაქვს, კენჭი უნდა იყარო პრეზიდენტის პოსტზეო. ძალიან დასაფასებელია საზოგადოების სიყვარული, სწორედ მათი თანადგომის წყალობით მოვძებნე ძალა საკუთარ თავში, დავბრუნებოდი საყვარელ საქმეს.

ვფიქრობ, სწორედ სხვისი სიყვარულის, დაფასების შეგრძნება და ცოდნა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ, გეხმარება ფეხზე დადგომასა და ცხოვრების გაგრძელებაში.

ადრე ჩვენი გადაცემის აუდიტორიას მეტწილად ხანდაზმულები შეადგენდნენ, ახლა კი, ახალგაზრდები ჭარბობენ, ანთებული თვალებით გვიყურებენ და მიხარია, რომ მათი დაინტერესებაც შევძელით.

საყვარელი საქმე

ყველა სფეროში კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის თავისუფლად შემიძლია შეთავაზებაზე უარის თქმა, მეტიც, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლიდან წამოვედი კიდეც, რადგან არაჯანსაღი, სტუდენტებზე ნაკლებად ორიენტირებული გარემო დამხვდა, საშინლად არაკომფორტულად ვიგრძენი თავი და დარჩენას ისევ წამოსვლა ვარჩიე. ვფიქრობ, მთავარი საქმის კეთებით სიამოვნების მიღებაა, რადგან მხოლოდ იძულებით, მოვალეობის მოხდის მიზნით საქმიანობით კარგი არაფერი გამოვა.

ძალიან მიყვარს რადიოც და ტელევიზიაც, მაგრამ თეატრი მაინც ყველას მირჩევნია. მართალია, ძალიან „ბინძურია’’, ადამიანები ბევრად დაუნდობლები, ინტრიგები კი, უფრო საძაგელია ვიდრე ტელევიზიაში, მაგრამ თეატრი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.

ოჯახი

ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე, თუმცა მათივე დამსახურებით, პუბლიკა ნაკლებად იცნობს, რადგან მიიჩნევენ, რომ ოჯახში ერთი ცნობილი ადამიანიც საკმარისია და არასდროს ცდილობენ, „დაფეთებული“ ინტერვიუებით ყურადღების მიქცევას. ზოგადად, ოჯახი არაჩვეულებრივი მცნებაა, რადგან სწორედ ოჯახური გარემო, ფასეულობები და პრიორიტეტები აყალიბებს ადამიანს.

ჰობი

ადრე ხატვა მიტაცებდა, თუმცა იმდენი ვხატე, მთელი სახლი გავავსე და ბოლოს თავი დავანებე. ხატვა უფრო განტვირთვის, დაცლის საშუალება იყო, ამიტომ არავისთვის მითქვამს და არავინ შემიწუხებია. რამაზ ჩხიკვაძის ნათქვამს გავიხსენებ, ‘’უამრავი მიმდინარეობა არსებობს, „იმიზმი“, „ამიზმი“, მე კი ახალი მიმდინარეობა – „იდიოტიზმი“ გამოვიგონე და ამ ჩემს მიმდინარეობაში ვხატავო“, – ხუმრობით მითხრა, არადა სინამდვილეში, არაჩვეულებრივად ხატავდა, მე კი, უფრო ვმაიმუნობდი და არც მიფიქრია საჯაროდ გამოფენა.

სესილია

მე და სესილია კარგი მეგობრები ვართ და უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს, მთელი საქართველო შემოვიარეთ და მარტო თუშეთი დაგვრჩა. ნაკლებად ვფიქრობ, რა პროფესიას აირჩევს, რადგან მირჩევნია, მაქსიმუმი მივცე ყველა სფეროში და თვითონ მოძებნოს საკუთარი თავი. მართალია, არასდროს მითქვამს, მაგრამ კარგად იცის, რომ ძალიან არ მინდა, გახდეს მსახიობი, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც მასზეა, მე კი, ყველანაირად შევუწყობ ხელს მის წარმატებას. სამწუხაროდ, ქართულ თეატრს და ზოგადად, სახელოვნებო სფეროს ნიჭიერი მშობლებით უნიჭო შვილების პოზიციონირების ბევრი ცუდი მაგალითი ახსოვს. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები და შვილები ერთ სფეროში საქმიანობენ, მშობელი საკუთარ შვილს ეხმარება და ამასობაში სხვისი შვილი იჩაგრება.

სამომავლო გეგმები

აგვისტოს თვეში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის შეთავაზებით სიცილიაში ვგეგმავთ „ქართული თეატრის ისტორიის“ წარდგენას. გარდა ამისა, მომავალ კვირას დისერტაციას ვიცავ თემაზე ‘’თავისუფალი თეატრის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები“, რაც მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. საინტერესო და ძალიან მოცულობითი თემა ავირჩიე, რომელმაც რამდენიმე ეპოქა გააერთიანა – საფრანგეთის თეატრით დაწყებული კოტე მარჯანიშვილის რუსეთში დაარსებული „თავისუფალი თეატრით“ დამთავრებული და აქცენტიც სწორედ იმ გარემოსა და პირობებზე გავაკეთე, სადაც აუცილებელი ხდება  მსგავსი სივრცის შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g