ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას, მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი ეხმიანება. ისინი სამძიმარს უცხადებენ ლევან კაჭარავას ოჯახს.
ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა უკავშირდებოდეს თბილისში, რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს.
როგორც ნიკო კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, „ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი და ეს საზოგადოებამ კარგად იცის“.
„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი, ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას, შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ , მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი”,- წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ამავე პოსტში, ნიკო კვარაცხელიას დედა მოუწოდებს მედიას თავი შეიკავონ, მისივე სიტყვებით, “უსაფუძველო ინფორმაციის გავრცელებისგან”.