ნიკუშა ჭიჭიკოშვილი რამდენიმე წლის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო და მალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვიც გახდა. მას ზედმეტ სახელად „ლუი ანდერსონი“ შეარქვეს და ასე შეიყვარა ხალხმა.
პოპულარობიდან მალევე, პატარა ნიკუშას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას თირკმლის დაავადება ჯერ კიდევ დაბადებამდე დაუდგინეს, თუმცა მდგომარეობა ბოლო წლებში უკიდურესად დაუმძიმდა. გადაიტანა ინსულტი, ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, 3 თვე აპარატზე შეერთებულმა გაატარა, დღესაც დიალიზზეა და ასე მედგრად იბრძვის ქართველი „ლუი ანდერსონი“ სიცოცხლისთვის.
Fortuna.ge ნიკუშას მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს თურქეთში დაუკავშირდა და ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა.
როგორ გრძნობს თავს ნიკუშა, როგორია მისი მდგომარეობა ამჟამად?
ნიკუშა შეუძლოდ გახდა და სტამბოლში წამოვიყვანეთ, საავადმყოფოში წევს და ვმკურნალობთ. ბავშვს, ინსულტის შემდეგ, კიდურები პარალიზებული აქვს. გვითხრეს, რომ თურქეთში კარგი კლინიკაა, სადაც რეაბილიტაციას შეძლებდნენ, თუცა ის შეუძლოდ გახდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რეაბილიტაციის კურსი დროებით შეგვეწყვიტა და გეგმური მკურნალობა გაგვეგრძელებინა.
დონორი ხომ არ გამოჩენილა, რაიმე სიახლე ხომ არ არის ?
სამწუხაროდ, თირკმლის გადასანერგად დონორი ვერ ვიპოვეთ. დონორი ძალიან დიდი შვება იქნებოდა ბავშვისთვის.
ფინანსური დახმარებისთვის სახელმწიფოს თუ მიმართეთ?
აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, რომელიც საქართველოში სამედიცინო ხარჯებისგან დიდად განსხვავდება. მივმართეთ სახელმწიფო უწყებებს, შესაბამის სტურქტურებს და ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაგვეხმარა.
დაახლოებით რამდენ ხანს გასტანს მკურნალობის პერიოდი?
ჯერჯერობით, კვლავ დიალიზზე გვყავს. ინფექცია ჰქონდა ორგანიზმში და მდგომარეობა გაურთულდა. როგორც კი უკეთესი მდგომარეობა იქნება, რეაბილიტაციაზე ვიფიქრებთ და აქვე გავაგრძელებთ კურსს.
ექიმები როგორ აფასებენ მდგომარეობას, რას გეუბნებიან?
ექიმები გვეუბნებიან, რომ ნიკუშას აუცილებლად სჭირდება თირკმელი, რამდენიმე დღის წინაც გვქონდა მათთან საუბარი და განგვიცხადეს, რომ სასწრაფოდ გადასანერგია თირკმელი.
ნიკუშას აუცილებლად სჭირდება დონორი და ახალი თირკმელი, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კონტაქტურია თუ არა ნიკუშა?
დიახ, შეძლებისდაგვარად კონტაქტურია, უბრალოდ, ვერ მოძრაობს. ბავშვმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გადალახა. გადაიტანა ჰემორაგიული ინსულტი, რომელიც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა და ამ ყოველივეს შემდეგ, რა თქმა უნდა, მისთვის რთული იქნებოდა ჩვეულ ფორმაში დაბრუნება, თუმცა უკეთესობა კი გვქონდა.
გიორგი მოსაშვილი