LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინჩო ჯიბლაძე: „მართლა ძალიან მეშინია უკვე ამ ქალაქის, არაფერი, არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დარჩა ლამაზი…“

2616
page

ჟურნალ O.K.-ის რედაქტორი, ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ აშინებს საკუთარი ქალაქი, თბილისი, სადაც არც ერთი კუთხე აღარ დარჩა ლამაზი…

გთავაზობთ მის ვრცელ სტატუსს ამ თემაზე:

„ჩემი ქალაქი მაშინებს…

მართლა ძალიან მეშინია უკვე ამ ქალაქის, არაფერი, არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დარჩა ლამაზი, გარდა ნაწილი ძველი უბნებისა – იმასაც სულ შიშით მივჩერებივარ, არ მჯერა რომ შენარჩუნდება. ალბათ, იმასაც გააპარტახებენ…

საწყალი ქალაქი, რა უქნეს, როგორ უმოწყალოდ დაამახინჯეს, სული ამოაძვრეს. გაუსაძლისია ამ ყველაფრის ყურება. თანაც საცობებიდან, ორი საათი რო ჩაიხერგები საამოდ საბურთალოზე, ვერაზე, ვაკეში…

სადაც არ უნდა ვისეირნო, ორი-სამი ქუჩის გარდა, ყველგან ისეთი უგემოვნო შენობა-ნაგებობები მეფეთება, გული მიმდის სასოწარკვეთისგან. ამიტომაც ხშირად თვალებს ვხუჭავ, ან ტელეფონში ვიყურები. რა სევდიანია ესე სეირნობა. თითქოს ულან ბატორში გავჩნდი ან გადმოვსახლდი.

ტრანსპორტი – მახინჯი სატვირთოები, რომლებიც მთელი დღე დაჯლიგინებენ შუა ქუჩებში და ზედ დადებულ ბეტონის პანელებს ან რკინის ძელებს მიაგრიხინებენ, არანაირი სიფრთხილის ზომები. შავ ბოლს უშვებენ, ყველაფერს კეტავენ და ნაბიჯს არ დაგითმობენ…

გადმოხვალ მანქანიდან და სად ხვდები? ისევ და ისევ კორპუსებში, არც ერთი ერთმანეთს რომ არ უხდება, 99% რომ სიმახინჯეა, ყველგან რომ მანქანები დგას – იმ დღეს საბურთალოზე ეზოში ფეხი ვერ გადავდი, ყველგან ეყენა მანქანა, ყველა ცარიელ გოჯზე. არც ერთი მტკაველი თავისუფალი მიწა, ყველგან – მანქანა – ბეტონის ტყე, ბეტონის ტყე – მანქანა.

ჩემი შვილი ქუჩაში რომ გამყავს, ვცდილობ, მისი ყურადღება რამენაირად არ გადავიდეს გარემოზე, სადაც ვსეირნობთ. არ დააკვირდეს ამ შენობებს. ხან ავეფარები ხოლმე წინ, არ დაინახოს ის, რაც წინ შეიძლება დაინახოს. მაგრამ როდემდე დავუმალავ ამ სიმახინჯეს და როდემდე მოვუყვები ზღაპრებს ულამაზეს თბილისზე, რომელიც გაქრა, აღარ არის…

არასოდეს ვყოფილვარ ასე უიმედოდ, ალბათ ჩემი თავი არ მადარდებდა – ახლა მადარდებს გარემო სადაც ვცხოვრობთ, ჩემი შვილების გამო. გარემო სადაც ისინი გაიზრდებიან სავსეა მხოლოდ უსულგულოდ ნაშენები ბეტონის მონსტრებით და მხრჩოლავი მანქანებით. კიდევ მილიონი ბოღმა მახრჩობს, მაგრამ აღარ ვიტყვი. ყველა თავისას იწვნევს, ვინც ეს გარემო შექმნა. ასეთია ცხოვრება…

ერთხელ რომში ასაკოვანი ცოლ-ქმარი ვარჯიშობდა, ჩქარი ტემპით დადიოდნენ. მივყვებოდი უკან და მართლა მშურდა მათი, მათი ქალაქის, იმ ესთეტიკის სახლის კარს რომ გააღებ და სადაც ხარ… და რამდენი ასეთი ძველი ქალაქი, რომელიც შეინარჩუნეს, მეტ ნაკლებად – უმეტესწილად მაინც. შეინარჩუნა ისევ ხალხმა, პატრიოტიზმმა, სიყვარულმა და გემოვნებამ. განა თბილისი არ იყო ულამაზესი? მაგრამ აი, დახედეთ – ესეთია თბილისი დღეს და მართლა მეშინია, მთელ ქვეყანას არ მოედოს სოკოსავით ეს სენი, რასაც ახლა სახელად “დეველოპმენტი” ჰქვია.

სახლებს და მანქანებს კი არ ვჩივი მართლა. ამას რომ ჩვენი ცხოვრება ჰქვია, იმას ვერ ვეგუები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g