LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილის ახალი ცხოვრება: „ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ვიცი, როგორი ადამიანები არ უნდა მოვუშვა ახლოს…“

12464
ninibadurashvili20914ex

ნინი ბადურაშვილმა პანდემიის შემდეგ ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა – „გაზაფხულია“ ერთ თვეში მილიონჯერ ნახეს „იუთუბზე“. ნინი ამ შედეგს ელოდა და თავისი ნამუშევრით კმაყოფილია, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო მეტზე ფიქრობს. ტელევიზიაში თავს კარგად გრძნობს და დედა-შვილობაშიც ახალი აღმოჩენები აქვს. თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც ახლახან აღმოაჩინა და რაზეც ინტერვიუში გვიყვება.

ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან ,,შუშაბანდის” მშვიდ და ლამაზ გარემოში ჩავწერეთ.

როგორც შოუბიზნესის წარმომადგენელს, კორონას მეორე ტალღის შემდეგ გამკაცრებულ რეგულაციებზე რა აზრი გაქვს?

ნინი ბადურაშვილი:

ზაფხულმა ჩემთვის კონცერტების კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა. გვქონდა დაგეგმილი ერთი კონცერტი, მაგრამ აჭარაში წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემოთავაზებები ადგილზევე მივიღე. ამ ზაფხულმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა პირადად ჩემთვის. ხალხი იმდენად მოწყურებული იყო კონცერტებს, ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა და ტევა არ იყო.

არ გეშინოდა?

ამაზე არ ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, პირბადეც მეკეთა შენობაში და წესებსაც ვიცავდი, მაგრამ კონცერტის დროს სცენაზე ამაზე არ მიფიქრია და არც სხვის კონცერტზე დასწრების დროს. მეც ხალხის იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომლებიც უბედნიერესები იყვნენ, თითქოს პატიმრობიდან გამოუშვეს. ფაქტობრივად, გაზაფხული არ გვქონია.

სამაგიეროდ, გვქონდა სიმღერა სახელწოდებით „გაზაფხულია“ შენი რეპერტუარიდან.

ნამდვილად ასეა. როგორც კი სტუდია გაიხსნა, მივედი და ჩავწერე ეს სიმღერა. მანამდე იყო მზადების პროცესი. ბორიკო შხიანი არანჟირებას სახლში აკეთებდა. ირაკლი ფიფიასაც ვეკონტაქტებოდი ტელეფონით და ვუხსნიდი, როგორი კლიპი მინდოდა. ძალიან მეცინება, როდესაც ხალხი წერდა, გაზაფხული გავიდა და ახლა რატომ ჩაწერა ეს სიმღერაო. მათ ვუპასუხე კიდეც, რომ ბევრზე კარგად ვიცი სეზონების გარჩევა, მაგრამ არ იყო გაზაფხული, სახლში ვისხედით და ამ სიმღერას ვერ ჩავწერდი, თორემ მართლა გაზაფხულზე მინდოდა მისი გამოშვება.

კლიპმა ერთ თვეში მილიონი ნახვა დააგროვა. ელოდებოდი ამ შედეგს?

მართალი რომ გითხრა, კი. როდესაც სიმღერის მცირე ნაწილები დავდე, ბევრმა ახლობელმა ადამიანმა მომწერა, გეხვეწები, ჩამიგდე სიმღერაო. რადგან სიმღერამ გაამართლა, დარწმუნებული ვიყავი, რომ კლიპიც გაამართლებდა. ანის და ნიკას რომ ვუყურებდი და ვიღებდი კადრებს ჩემი ტელეფონით, ვხვდებოდი, რომ ნამდვილად წარმატებული იქნებოდა. ბედნიერი კლიპი გამოვიდა, მინდოდა,  მთავარ როლში ყოფილიყო ახალი წყვილი, ლამაზი გოგო-ბიჭი და არა მე, მინდოდა მომეთხრო ახალი სიყვარულის ისტორია. ყველაფერმა ერთად გაამართლა, სიმღერამაც, რომელიც ერეკლე დიდიას ეკუთვნის, პერსონაჟებმა, არანჟირებამ, რეჟისორმა.

ეს სიმღერა ძველია და დაახლოებით 14 წლისაა. მისი ძველი არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის და იმ დროისთვის ძალიან კარგი იყო, ბევრს უყვარდა ეს სიმღერა და მეუბნებოდნენ, როგორ ვნახოთ „იუთუბზე“ ის შენი ძველი სიმღერაო. მე ზოგადად, ახალი სიმღერების დაწერის მომხრე ვარ. თავიდან არ მინდოდა, ძველს მივბრუნებოდი, მაგრამ ამ პანდემიის დროს ვიფიქრე, ხომ არ მეცადა-მეთქი. ბორიკოს რომ გავახსენე ეს სიმღერა, თავიდან იდეა არ მოეწონა, მაგრამ შემდეგ ზუსტად ავუხსენი, რა მინდოდა. ბორიკო მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ, ძალიან სწორად გააკეთა. ასე რომ, პანდემია უსაქმურად არ გამიტარებია.

ზუსტად დრო მომცა პანდემიამ, ამ სიმღერას ვერ ჩავწერდი და ვერ გავაკეთებდი, სახლში რომ არ დავმჯდარიყავი და არ მქონოდა დრო იმის მოფიქრებისთვის, რა მინდოდა. აქამდე ეს დრო არ მქონია. ვინც სოციალურ ქსელში მადევნებს თვალს, იცის, რამდენს დავდივარ. ამას წინათ გავიღვიძე სადღაც და სამი წუთი ვერაფრით გავიხსენე, სად ვიყავი. იმდენად ბევრი ლოკაცია შევიცვალე ბოლო დროს, რომ კახეთში გავიღვიძე და მეგონა, ბათუმში ვიყავი. ასეთ დროს შემოქმედებაზე ვერ იფიქრებ. რაღაცამ უნდა მოგცეს ინსპირაცია. ყოფილა მომენტი, როცა კაფეში ვმჯდარვარ, სიმღერა მომისმენია და უცებ მოსულა ინსპირაცია.

 

ერთ ადგილას არასდროს ზიხარ, სულ რაღაცას აკეთებ. სარელქსაციოდ რაიმე მეთოდს მიმართავ, მაგალითად, მედიტაციას?

მედიტაცია ძალიან მაგარი რაღაცაა და ესეც სწორედ კორონას ჩაკეტილობის დროს ვცადე. საერთოდ, ჩემმა ტვინმა ძალიან კარგად დაისვენა. აღმოვაჩინე საიტი, საიდანაც იოგას ონლაინსწავლება მიმდინარეობს. მანამდეც მიცდია, მაგრამ ვერ ჩამითრია. იმდენად მომეწონა იოგა, მედიტაცია… დაძაბული გრაფიკი რომ დამეწყო, მაინც ვცდილობ, ერთი დღე იოგა გავაკეთო, ერთი დღე ვივაერჯიშო. კი არ მღლის, პირიქით, ენერგიაზე მოვყავარ. ჩემი დილა ან აქტიური ვარჯიშით იწყება, ან იოგათი. დავუბრუნდი კრივს, რაც ძალიან მშველის.

გაქვს ხოლმე ზოგჯერ გაქცევის სურვილი შენი ცხოვრებიდან?

მქონია, მაგრამ არ გავქცეულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. ვფიქრობ ხოლმე, რომ გავიქცე, სად გავიქცე? თუმცა ხანდახან გადაღებებზე ძალიან ვჯიჯღინებ. ჩვენი გადაღებები ლამაზად ჩანს, მაგრამ ძალიან შრომატევადია. ერთი კადრის გამოსაჩენად შეიძლება მთელი დღე ავდიოდეთ მთაზე, რაც ძალიან დამღლელია და მოქმედებს. ხალხი კი უყურებს, როგორი ლამაზი კადრია, როგორი იქნები შენ, ხანდახან არ ვართ ხოლმე კარგ ხასიათზე. ამ დროს ვწუწუნებ ხოლმე. მეასე დუბლს რომ მაღებინებენ სადღაც ნისლში, შეიძლება, ნერვები მომეშალოს, გავიქცე და მერე ისევ დავბრუნდე უკან. ჩემი და ნოეს ხოცვა-ჟლეტა ყველამ იცის. ნოე ძალიან მომთხოვნია და ხშირად ვჩხუბობთ, საშინელი კონფლიქტები გვაქვს, მაგრამ მერე უცბად ვრიგდებით. მისთვის უფრო სტრესულია, ვიდრე ჩემთვის. ამდენი ხალხის პასუხისმგებლობა აქვს აღებული და კიდევ ჩემი ჯიჯღინი ემატება…

ტელევიზია, როგორც ჩანს, ძალიან მოგწონს…

მართლა აღარ შემიძლია ამის გარეშე. „პრაიმშოუს“ გუნდი არის ძალიან შეკრული, ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვართ.  ტელევიზიის სპეციფიკაც რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

ხშირად სოციალურ ქსელში აქტიურობ და სოციალურ პრობლემებზე წერს. მართლა აპირებ ბინის გაყიდვას ყიფშიძეზე, რადგან გიჭირს ხოლმე სახლში დაბრუნება რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამო?

ისეთი საშინელი ვითარება იყო, სანამ ხალხი გაერკვეოდა, მართლა შეუძლებელი იყო სახლში დაბრუნება. სამჯერ მინდოდა სახლში დაბრუნება და ვერ მივედი. კაფეში ვიჯექი, ყავა დავლიე, მერე მცხეთაში წავედი. ორი წელია, ყიფშიძეზე ვცხოვრობ. თუკი დისკომფორტი შემექმნა, შეიძლება, ვიფიქრო ბინის გაყიდვაზეც. მე მცხეთაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი, სადაც სახლი გვაქვს, მაგრამ ელენე სკოლაში წასასვლელი-წამოსასვლელია და ამის გამო ვარ თბილისში.

ვფიქრობ, სოციალურ ქსელში ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი. ვიღაცის უკმაყოფილება თუ კმაყოფილება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების დროს. ტყუილად ხომ არ ვიგონებთ ამ პრობლემას ამდენი ხალხი? ე.ი. ნამდვილად არსებობს.

მე ძალიან მომწონს ის პოლიტიკა, რომ ხალხმა იაროს ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეს, მაგალითად, ფეხით ვიარე ვარჯიშის ადგილამდე და იქიდან სახლამდე. თუ დრო გაქვს, რატომაც არა. მე რომ მქონდეს ისეთი სამსახური, რომ დილას ცხრაზე იქ უნდა ვიყო და საღამოს ექვსზე დავბრუნდე, რატომაც არ ვისარგებლებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით? ვიცი, რომ ამაზე მიდის მუშაობა და სიამოვნებით დავუჭერ მხარს, მაგრამ როცა ასეთი საგიჟეთია და გაუმართავი შუქნიშნების პრობლემა დგას, აუცილებლად უნდა დავწეროთ. მეც ხანდახან ძალიან მწვავე სტატუსებით გამოვირჩევი, თუმცა ასეთი ხასიათი მაქვს და არ ვნანობ. ვიღაცები არ წერენ და მეკითხებიან, კარგი რა, არ გეზარებაო? არ მეზარება. უფრო ის მეზარება, სახლში რომ ვერ მივდივარ.

ქალიშვილი, ელენე ახსენე, რომელიც შვიდი წლისაა. მის გაზრდასთან ერთად რა შეიცვალა თქვენს დედა-შვილობაში?

მაგალითად, მე, ყველაფერი სამი წლის ასაკიდან მახსოვს. სწორი აღზრდა და ფუნდამენტი, რაც ადამიანად გაყალიბებს, ბავშვობაში იყრება. მეც ისეთივე დამოკიდებულება მაქვს ჩემს შვილთან, როგორიც ეკას ჰქონდა ჩემთან. რაიმეს თუ დავპირდები, ყველაფერი ახსოვს. როგორც დიდ ადამიანს, ისე ვეპყრობი. რა თქმა უნდა, აქვს რიდის მომენტიც და განებივრებისაც. ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობთ და მეც ვსარგებლობდი ამ სირბილით თავის დროზე, ელენესაც მოსწონს ეს თბილი გარემო, მაგრამ მაშინ მე ვიჩენ სიმკაცრეს. ვატყობ, რომ ნელ-ნელა ჭკვიანდება. სხვანაირი, სწორი კითხვები აქვს. სულ მიკვირს, ეს პატარა ბავშვი რანაირად ფიქრობს ამდენს. ახალი ადამიანის შენ თვალწინ ჩამოყალიბება ძალიან საინტერესო პროცესია.

ახლა რა ეტაპზე ხარ, რა დასკვნამდე მიხვედი, როგორი გინდა იყოს შენი ცხოვრება?

ამ პანდემიის დროს ბევრმა გადააფასა რაღაცები. მეც ამ ადამიანების რიცხვში ვარ. ახლა ვარ ძალიან კარგად, საკუთარ თავთან ასეთ ჰარმონიაში არასდროს ვყოფილვარ. 34 წლის ვარ და ძალიან მაგარი ასაკია. საკუთარი თავის სხვანაირად შეფასება იწყება 30 წლის მერე. წლების განმავლობაში არასწორი ადამიანები შემოვუშვი ცხოვრებაში, შეიძლება, რაღაც გამოცდილება მომცეს, მაგრამ საბოლოოდ, არაფერში მჭირდებოდნენ. არასწორი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების მქონე ადამიანების სწორად შეფასებას ვცდილობ. მე ვარ უფრო მიმნდობი ადამიანი, ეს ჩემი, ალბათ, კარგი მხარეც არის და ცუდიც. სხვანაირად დავფიქრდი ამაზე. ბევრი სათავისოდ მიყენებდა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოვუშვი ახლოს, არ უნდა მომეშვა. არ არიან ისინი ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით უნდა იყვნენ. მათი ზრახვები არ იყო წრფელი, რაც შენ გაზიანებს, მას კი ბევრ რამეს ჰმატებს.

გარდა იმისა, რომ დავმშვიდდი, სხვა რაღაცებისგან ვიღებ სიამოვნებას, მაგალითად, ჩემი პროფესიისგან. დადგა დრო, კონცერტი, ახალი სიმღერები გავაკეთო. საკუთარ თავთან ბევრი რამ გავარკვიე.

ერთი ვიცი, რომ ჩემი საქმის გარეშე ვერანაირად ვიქნები. ვერ მოხდება ის, რომ ოჯახი შევქმნა და სახლში დავჯდე. არ ვარ ასეთი ტიპაჟი. ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი. ჯერ არავინ შემყვარებია და არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ ერთხელ გავთხოვდი და გავშორდი. მეორედ აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ბავშვსაც ტრავმას აყენებ ამ გაშორებით. თუკი მეორედ შევქმნი ოჯახს, უნდა მოხდეს ძალიან გააზრებულად, ნაფიქრად და ძალიან დიდი სიყვარულით. აუცილებლად მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს უნდა იყოს საბოლოო. ალბათ, შევქმნი ოჯახს, მაგრამ პირველ რიგში, ძალიან დიდი სიყვარულით. მინდა შვილები გავაჩინო. გარდა ამ ყველაფერისა, მინდა მქონდეს ჩემი საქმე და მაქვს ბიზნესიდეებიც. იცი, კიდევ რას მივხვდი? რაშიც დიდ ენერგიას ჩადებ, ის აუცილებლად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა. მე იღბლიანიც ვარ და შრომასაც ვდებ.

თბილისში ასე ხუმრობდნენ ადრე, ყოველ მეორე ბიჭს ნინი ბადურაშვილი უყვარდაო. შეიძლება, ასეთ დამოკიდებულებას გაეთამამებინე. ახლა სიყვარულს როგორ უყურებ?

რა თქმა უნდა, როცა 19-20 წლის ხარ, თავში გიქრის და გგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება. ამას დაიწუნებ, სხვა გეყოლება. სხვათა შორის, ეს შეფასება პირველად გავიგე, თუმცა ვიცი, რომ სკოლაში თუ უნივერსიტეტში ბევრს ვუყვარდი და მოვწონდი, ამით აღფრთოვანებული და აჟიტირებული არასდროს ვყოფილვარ. არასდროს შემიფერებია, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. რაც ვიყავი, ის დავრჩი. ყოველთვის მაინც გრძნობა იყო მთავარი. პრაგმატული აზროვნება კარგია, შესაძლოა ვიღაცებს გაუმართლათ და ცხოვრება კარგად დაალაგეს. მთავარი არის ის, რომ მე ადამიანი უნდა მომეწონოს, უნდა გაჩნდეს ქიმია, უნდა მომინდეს მასთან ერთად ცხოვრება.

გადაფასებას რაც შეეხება, შესაძლოა, ის ემოციები, რაც ბავშვობაში იყო, აღარ არის და ბევრ საკითხს ტრაგიკულად არ უდგები, უფრო მეტად გონებით აფასებ, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამომდის. ვერ გეტყვი, რომ შორსმჭვრეტელი ვარ და რაღაცას გავთვლი. მაგრამ აქამდე მხოლოდ ემოციაზე ვიყავი დამოკიდებული. ამას, ალბათ, აღარ გავაკეთებ. მხოლოდ ემოციით აღარ შევაფასებ და აღარ დავიწყებ ურთიერთობას. ყველამ რაღაც დაგიტოვა, მაგრამ რაღაცებიც არ იყო საჭირო და არც ვიღაცები, რომლებმაც პრინციპში, დამაზარალეს. ბევრ იმედგაცრუებას როცა ნახავ, ვიღაცები ისეთები არ გამოდგებიან, როგორებადაც თავს გაჩვენებენ, რომ შენთან ქულები დაიწერონ, მერე ნამდვილად ბევრი რამის გადაფასების დრო დგება. ამას ახლა მივხვდი. სწორედ ამას ვამბობდი და ვეცდები, რომ ასეთი ხალხი ახლოს არ მოვუშვა, რომელიც ცდილობს, შენ გამოგიყენოს თავის საკეთილდღეოდ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია:“შუშაბანდი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g