26 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გიორგი გილიგაშვილი და ნინი ბადურაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ ერთობლივ სიმღერაზე „ფიფქისფერი ფიქრები“ ისაუბრეს.
– გიორგი, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?
– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სიმღერის იდეა კახეთში გაჩნდა, როცა არც თოვდა, არც ფიფქები ცვიოდა. უბრალოდ რაღაც მელოდიაზე მოულოდნელად მომივიდა რითმები და მეგობრებთან, მათ შორის ნინისთან გავაჟღერე, სწორედ მან გაამახვილა ყურადღება ჩემს ფრაზებზე და შემომთავაზა სიმღერის გაკეთება. სხვათა შორის, მანამდე არასდროს მიმუშავია ტექსტზე, რომელიც ჩემი მისამართით იქნებოდა ნათქვამი, ამიტომ ნინის ვკითხე, რა მოსწონდა ჩემში. აღმოჩნდა, რომ ჩემი პოეზია, სტილი მოსწონდა და სწორედ ასე მივიღე ფრაზა „მომწონს შენი რითმები, უკან შეკრული თმები“. მოგვიანებით, კომპოზიციაში ჩვენი ძველი სიმღერების ფრაგმენტები გავაერთიანე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე.
– ნინი, შენ როგორ გაიხსენებ სიმღერაზე მუშაობის პროცესს?
– მართლაც საინტერესო და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, მე სიმღერის პროდიუსერად უფრო ვგრძნობ თავს, რადგან მხოლოდ სწორი მიმარულება მივეცი, კომპოზიციაზე კი, გილიგამ თვითონ იმუშავა, მერე ძველი სიმღერები, ჩვენი განსხვავებული სტილი გავაერთიანეთ და საბოლოოდ დასრულებული ნამუშვარი მივიღეთ. სხვათა შორის, სიმღერა „გაზაფხულია“, რომლის ნაწყეტი ახალ კომპოზიციაში შევიდა, თბილისში ყველაზე მოსმენადი 70 სიმღერის რიტინგში მოხვდა, რამაც ძალიან გამახარა.

– რა კომენტარები მოჰყვა სიმღერის სოციალურ ქსელში გავრცელებას?
– სიმართლე ვთქვა, ნაკლებად ვინტერესდები კომენტარებით, თუმცა ვიცი, რომ ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. ჩემთვის მთავარი საკუთარი ნამუშევრის წარდგენაა, შეფასებას კი, მსმენელს ვანდობ, არავის ვაძალებ მის მოწონებას, შეყვარებას ან გულთან ახლოს მიტანას. მე ჩემს გულწრფელ ნათქვამს, შეგრძნებეს ვთავაზობ პუბლიკას და როგორ მიიღებს – უკვე მისი გადასწყვეტია.
– სხვადასხვა ვერსია ვრცელდება შენს პირად ცხოვრებაზე. ჭორები მოჰყვა ახალი სიმღერის კლიპსაც, თუმცა ყველა ჭორი სწრაფად უარყავი. საინტერესოა, სინამდვილეში ხარ თუ არა შეყვარებული?
– მე მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, თუმცა კონკრეტულად არავინ მიყვარს.
– რას საქმიანობდი პანდემიის პერიოდში?
– თუ არ ჩავთვლით ვირუსით გამოწვეულ მსხვერპლს, სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ ადამიანები შეიზღუდნენ საკუთარ ხორციელ ვნებებში, სურვილებში და სულიერებაზე დაფიქრების მეტი დრო მიეცათ. საბედნიეროდ, პანდემიის დროს უამრავი საქმე მქონდა, ან რაღაცას ვწერდი, ან ვჩხირკედელაობდი და წუწუნში დროს არ ვკარგავდი. სხვათაშორის, ერთი ლექსი ამეკვიატა, რომელიც მამაჩემს უყვარს ძალიან – „ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი, მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება. ჩვენ შევიყვაროთ, ნუღარ დავიცდით, ლაღი იქნება ხვალ გათენება“ – ვფიქრობ, ზუსტად ერგება პანდემიას და ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას.

– ნინი, როგორ მოიგე 20 ათასი ლარი?
– არ ვიცი, რას დავაბრალო, მაგრამ ყოველთვის მაქვს წინათგრძნობა, რომელიც აუცილებლად სრულდება. დღეს, მთელი დღე მარჯვენა თვალი მითამაშებდა და ბოლოს რაღაცას დავეჯახე. საბედნიეროდ, გადავრჩი, თუმცა მანქანა დავაზიანე. კარგად მაქვს დაცდილი მარცხენა თვალის თამაში, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა დუტას გადაცემაში, როცა ერთ-ერთ ჩემოდანში 17 ათასი ლარი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ეკას არ დავუჯერე, რომელიც ყოველთვის ჩემზე უკეთ გრძნობს და მერვე ჩემოდნის არჩევა მირჩია, თორემ აუცილებლად 50 ათასს მოვიგებდი.
– გიორგი, შენ რისი გჯერა?
– „მე მჯერა მამაცი გულის, ხორცში არსებობა სულის, მართალი კაცის გზა რთულის და ყველაფერი ქართულის!“
– რას არ გააკეთებ არასდროს?
– წარმოდგენა არ მაქვს. არავინ არ უნდა თქვას, რომ ოდესმე რაიმეს არ გააკეთებს, რადგან ბევრ „მაგარ ბიჭს“ შეეშინდა იქ, სადაც წესით არ უნდა შეშინებოდა და პირიქით, ბევრმა შეშინებულმა ჩაიდინა გმირობა, რასაც არავინ ელოდა. მე უბრალოდ სურვილები მაქვს, არ მინდა დავმარცხდე, თორემ ბრძოლის ველზე რა იქნება, არავინ იცის.

– სხვა რა სფეროში შეგიძლია წარმოიდგინო საკუთარი თავი?
– არ ვთვლი, რომ ერთი კონკრეტული სფეროთი უნდა შემოვიფარგლო და თუნდაც იქ გავხდე ჩემი პროფესიის გვირგვინოსანი. ადამიანს მინიმუმ ხუთი ტალანტი აქვს ღვთისგან ბოძებული, ამიტომ ყველა უნდა გამოიყენოს და არა შეიზღუდოს ერთი სფეროთი.
– სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ ერთობლივ პროექტზე მუშაობას?
– (ნინი ბადურაშვილი) არაა გამორიცხული ზაფხულის სიმღერა ჩავწეროთ ერთად. მთავარია, ის ვიმღეროთ, რაც ჩვენს სისხლში და ხორცშია. რა თქმა უნდა, მქონდა ექსპერიმენტები, მაგრამ არ გაამართლა. ქართველები ძალიან მუსიკალური ერი ვართ და როგორც ჩანს, მელოდიური სიმღერები უფრო მოგწონს.
– (გიორგი გილიგაშვილი) „კოკა-კოლას არომატით ბავშვობის ფრთებს გავშლი, ისევ ძველი მისამართით მიგაცილებ სახლში, გემო გასდის, ფერი გასდის, თითქოს წარსულ დღეებს და თუ გესმის ჩემი დარდის, მოუყევი ხეებს“ – ახალ სიმღერაზე ვმუშაობ ბორიკო შხიანთან ერთად და ვფიქრობ, მალე ჩავწერ და მსმენელსაც შევთავაზებ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი

