LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარულის თავიდან დაწყებული ცხოვრება და შთამაგონებელი მოგზაურობა ბალიზე: „ამან გადამარჩინა, რომ არ შევეწირე ერთ-ერთ პნევმონიას…“

682
ნინო ბაშარული (1)

ნინო ბაშარულმა მთელი ცხოვრება მძიმე დიაგნოზით იცხოვრა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხნის წინ შეიტყო, რომ მისი ხანგრძლივი ავად ყოფნა და ხშირი ფილტვების ანთება ფილტვის მანკით იყო გამოწვეული.

ახლახან ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადის, თუმცა თავს უკეთ გრძნობს. ბალიზე იმოგზაურა და როგორც ამბობს, ამ შესანიშნავმა ვოიაჟმა მას რეაბილიტაციის პროცესი გაუმარტივა კიდეც.

ნინო ბაშარულს მოგზაურობაზე, ჯანმრთელობასა და შემოქმედებით გეგმებზე fortuna.ge-მ დაუსვა კითხვები.

ნინო ბაშარული:

ერთ-ერთი ტურის ფარგლებში გავემგზავრე ბალიზე. დავათვალიერეთ არქიტექტურული ძეგლები, ვნახეთ ფირუზისფერი სანაპიროები თავისი სერფინგით, რაც ბალის ახასიათებს და რაც საინტერესო აქვს, ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბალიმ… როდესაც ასეთ ადგილას მიდიხარ, დედამიწის მეორე მხარეს, მაქსიმალურად უნდა მოინახულო ღირსშესანიშნაობები, შეისუნთქო მისი კულტურა. ძალიან, მეტისმეტად ეგზოტიკურია ბალი, ამიტომაც დაარქვეს ალბათ „ღმერთების კუნძული“. ეს არის პიროვნული და სულიერი გაზრდისთვის განკუთვნილი მოგზაურობა. სწორედ ასეთი მოგზაურობები მიყვარს. პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანია. ქრისტინე ანთაძეს ასეთი ტურები აქვს და მასთან ერთად მოგზაურობა ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, ძალიან განვიტვირთეთ ფირუზისფერ სანაპიროებზე და ვუყურებდით, როგორ სერფინგობდნენ სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოსული სპორტსმენები. ძალიან კარგი სანახაობაა…

ფანტასტიკური ფოტოები გამოფინეთ სოციალურ ქსელში…

ზოგი ჩემმა მეგობარმა გადამიღო, ზოგიც – ტურის მონაწილეებმა. მინდოდა, პროექტივით გამოსულიყო და ყოფილიყო მოგზაურობაზე მეტი. წითელი კაბაც გამომატანა დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა. გამორჩეულ ადგილებს გამორჩეულად ვესტუმრეთ. გვინდოდა, ეს ფოტოებშიც აგვესახა. „სამოთხის კარიბჭესთან“ გადაღებული ფოტოები მხოლოდ სანახაობრივი არ არის. ეს არის ჩემი სიმღერის – „დარაბა“, რომელიც ერეკლე დეისაძესთან ერთად შევასრულე, გარკვეული ანარეკლი. ჩემი ტექსტები, შემოქმედების ჰარმონია არ არის მარტივი გასაგები, მაგრამ ფოტოებით ვეცადე, გადმომეცა ჩემი შინაგანი ამოძახილი და შემოქმედების არსი…

ხელოვანი ადამიანებისთვის ყოველთვის საინტერესოა ამგვარი გამოვლინებები. თქვენს ცხოვრებაში ერთი დიდი პერიოდი დასრულდა, ჯანმრთელობის პრობლემების… დღეს რა ეტაპზე ხართ და როგორ გრძნობთ თავს?

პოსტოპერაციული პერიოდი ჯერ არ არის გასული და ეს მოგზაურობა დამეხმარა იმაში, რომ უფრო უკეთ მეგრძნო თავი და ძალები მომეკრიბა. თავად დაავადებას რაც შეეხება – ეს იყო ფილტვის მანკი, რომელიც ძალზედ იშვიათი დაავადებაა. ამ ზაფხულს გავიგე და მანამდე ამ დაავადებასთან ერთად ვცხოვრობდი. როცა დიაგნოზი დამისვეს, ყველას გაუკვირდა, როგორ მოვედი აქამდე ამ დაავადებით. 30 წლამდე ყველაზე დიდი ალბათობაა მისი აღმოჩენა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ გამიმართლა და ძალიან ვიწვალე. ყოველ წელს, შვიდჯერ-რვაჯერ მქონდა ფილტვების ანთება…

ოპერაცია მოაგვარებს ამ პრობლემას?

ოპერაციის შემდეგ ცხოვრების ხარისხი ამაღლდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მე დავკარგე ძალიან დიდი დრო – გასტროლებსა და კონცერტებზე უამრავჯერ მითქვამს უარი მაღალი სიცხის გამო. ეს ხელოვანს არ აძლევს საშუალებას, რომ სრულყოფილად ჩაატაროს კონცერტი. მადლობა ღმერთს, რომ სიმღერისკენ წავედი და არა სხვა პროფესიისკენ, რადგან სიმღერისას ყველაზე კარგად მუშაობდა ფილტვი და ამან გადამარჩინა, რომ არ შევეწირე ერთ-ერთ პნევმონიას. ოპერაცია კარგად ჩამთავრდა და მეც სრულად მალე გამოვჯანმრთელდები. დავიწყებ სრულფასოვან ცხოვრებას ამ ასაკიდან…

გილოცავთ. დიაგნოზი და სწორი მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, საცხოვრებლად რაჭაში გადახვედით. ახლა სად ცხოვრობთ?

ეს ძალიან კარგი ჩანაფიქრი დროებით გადავდეთ, რადგან იქ გადასახლებისას გავხდი შეუძლოდ და თბილისში მომიწია ჩამოსვლამ. გამოირკვა ჩემი დიაგნოზი. იქ საცხოვრებლად აგსავლის ამბავი გადაიდო, როდისთვის, ჯერ არ ვიცი… სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდები, ამ სიშორეზე გადასვლა რთული იქნება. ზაფხულში მე და ჩემი ოჯახი ვგეგმავთ მამაპაპისეული სახლის დასრულებას.

თქვენი დისშვილები, დათო და ანასტასია შესანიშნავად მღერიან. როგორც ჩანს, მუსიკალურობა თქვენს ოჯახში გენეტიკურია. საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ? განსაკუთრებული მუზა ხომ არ გეწვიათ?

ცხოვრებაში იმდენად დიდ დანაკლისს ვგრძნობდი, რომ ბოლომდე დახარჯვის საშუალება არ მომეცა, ახლა უნდა ამოვაფრქვიო რესურსები… ერთ-ერთი რიგითი გეგმა უკავშირდება ჩემს პროექტს, რომელსაც განვახორციელებ მოგზაურობების დროს – ამა თუ იმ ლოკაციაზე, მინიმალისტური აპარატურით, ჩავწერთ სიმღერებს. მსოფლიოს „მოვედები“ ჩემი სიმღერებით… (იღიმის).

გარდა ამისა, ჩემს დისშვილებთან ერთად, მექნება არაჩვეულებრივი მუსიკალური ტანდემები. გავხდი ერთ-ერთი სასტუმროს ივენთ-მენეჯერი, რომლის ლაუნჯ ბარში ჯაზის, ბრაზილიური საღამოები გაიმართება ანასტასიასა და დავითთან ერთად…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g