LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარულს სიმღერა „დედოფლის გამბიტის“ კომპოზიტორმა დაუწერა: „დისტანციურად გავაკეთეთ კოლაბორაცია, რომელიც სერიალ Monseinur Spade-ში გაჟღერდა. ამ სერიალის ნახვა უკვე ყველას შეუძლია…“

146
ნინო ბაშარული

მომღერალ ნინო ბაშარულის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეებია, რომელთაც ის ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ნინო ბაშარული:

ჩემით ლათინოამერიკელი კომპოზიტორი დაინტერესდა. ეს კომპოზიტორი კარლოს რაფაელ რივერა გახლავთ. მას ჩემი სიმღერები მოასმენინეს და უთქვამს, ამ გოგონამ ჩემს კომპოზიციაზე უნდა ჩაწეროს სიმღერაო. დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართული ჩამწერი სტუდია და ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს.

ძალიან გამიხარდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ლათინოამერიკელ კომპოზიტორს. ჩემთვის ესპანური კულტურა, ქართული მუსიკის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს მე და კარლოსმა. ამაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ მე ვმღერი ესპანურ ფლამენკოს, პორტუგალიულ ფადოს – ეს ურთულესი ჟანრები საქართველოში პირველად მე შევასრულე და შევასრულე ისე, როგორც შეასრულებდა იმ ქვეყნის წარმომადგენელი. ამაზე წერდნენ, ამაზე ბევრს მესაუბრებოდნენ. მეუბნებოდნენ, ფლამენკოს რომ ასრულებ, ესპანელი გვგონიხარო. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს ფაქტია.

კარლოს რაფაელ რივერამ ჩემი ჩანაწერი თავის ლამაზ მუსიკაში ჩასვა, ჩვენ დისტანციურად გავაკეთეთ კოლაბორაცია, რომელიც სერიალ Monseinur Spade-ში გაჟღერდა. ამ სერიალის ნახვა უკვე ყველას შეუძლია ონლაინ სხვადასხვა პლატფორმებზე.

ალბათ, იცით ცნობილი სერიალები Queen’s gambit, Griselda, Lessons in chemistry – ისინი სწორედ კარლოსის მიერაა მუსიკალურად გაფორმებული. ის გენიალური კომპოზიტორი და ადამიანია. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საკუთარი კომპოზიციებისთვის, მათ შორის „გრემისა“ და „ემის“ ჯილდოები. მთხოვა, კავშირზე იყავი, ახალ კოლაბორაციისთვისაც დაგიკავშირდებიო.

მე, ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე, ძალიან რთული გზა გავიარე. ყველგან აუტსაიდერი ვიყავი. ადრე არავინ უსმენდა ესპანურ სიმღერებს. თავისუფლებისთვის მებრძოლები ვიყავით და ძირითადად, ჯაზს ვუსმენდით. ასევე, ვასრულებდით ქავერებს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ძალიან გვიჭირდა და მე და ჩემი მეგობარი მუსიკოსები ხანდახან უფასოდაც ვუკრავდით, მაინც არ ვღალატობდი ჩემს მუსიკალურ სტილს. მეუბნებოდნენ, „პაპსა“ სიმღერები კომერციული მიზნით მაინც ჩაწერე. აუცილებლად გაიყიდება, ფულსა და სახელს მოგიტანსო. მე ყოველთვის კატეგორიულ უარს ვამბობდი და ჩემს შინაგან ხმას, ჩემს სტილს არ ვღალატობდი. მე ესპანურ და პორტუგალიურ კულტურებთან მეგობრობამ და ამ ერთგულებამ მომცა საკუთარი ხელწერა შემოქმედებითი თვალსაზრისით. აუტსაიდერობიდან აუტსაიდერობამდე საკუთარი საავტორო სიმღერები დავწერე და მიხარია, რომ ჩემი „ის ვაჟი“ ქართველმა საზოგადოებამ ასე ერთბაშად, ანუ, ყველა კატეგორიის, პროფესიისა და ჟანრის მოყვარულმა ადამიანმა შეიყვარა. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ კარგია, როცა საკუთარ თავს არ ღალატობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g