„ემოციური ფონი მუდმივი არაა, ის სტრესზე და დისტრესზე ორგანიზმის რეაქციაა! გამწვავებული ტკივილების ფონზე, მკურნალობის ნაცვლად, მიტარებთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას? ეს სხვა არაფერია გარდა ჩემს მიმართ უკანონო დევნის გაგრძელება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ!“, – ამის შესახებ აღნიშნულია პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.
როგორც ნინო დათაშვილი მიმართვაში აღნიშნავს, ის სადაც არ უნდა იყოს, სიმართლეს ყველგან დაამტკიცებს:
„პროკურატურას! 2019 წელს რომ ემოციური ფონი მქონდა, ჩემი გაუსაძლისი ტკივილებით იყო გამოწვეული. ოპერაციის გაკეთებიდან ოთხ თვეში, მეორე ოპერაციას ვსაჭიროებდი. ემოციური ფონი იყო მწვავე ანთებით პერიოდში, რა დროსაც მქონდა გაუსაძლისი ტკივილები. მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა, თუმცა დაზიანებული ხერხემალი დამრჩა. ახლაც გაუსაძლისი ტკივილები მაქვს, რაც გამოიწვია თქვენ მიერ შეფარდებულმა პატიმრობამ.
ემოციური ფონი მუდმივი არაა, ის სტრესზე და დისტრესზე ორგანიზმის რეაქციაა! გამწვავებული ტკივილების ფონზე, მკურნალობის ნაცვლად, მიტარებთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას? ეს სხვა არაფერია გარდა ჩემს მიმართ უკანონო დევნის გაგრძელება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ!
ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურებთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა.
მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – აღნიშნავს ნინო დათაშვილი წერილში.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.