LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დოლიძე: სამწუხაროდ, ახლოს არ ვართ იმ სტანდარტებთან, რომლებიც აუცილებლად განაპირობებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით პასუხს

100
cbcfe28c-dcf5-43b7-96d9-1c1110b8b890_w1200_r1

ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” წარმომადგენლებმა დღეს წერილი გადასცეს.

წერილის ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენია და მასში საუბარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ისაუბრა.

„ფაქტობრივად, ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნამდვილად გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ ივნისში უკვე ველოდებით პასუხს ევროკავშირისგან, შესაბამისად, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები, გავერთიანდით და გვინდოდა მიგვეწვდინა ევროკავშირისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი პასუხი ევროკავშირისგან.

სწორედ ამას ემსახურებოდა ეს წერილი. წერილშიც ასახულია, რომ ჩვენ ქართველი ხალხი, თაობების განმავლობაში ნამდვილად მივილტვოდით ევროკავშირისკენ.

ISFED​-ის აღმასრულებელმა დირექტორმა “ფორტუნას” ეთერში ასევე ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რაც  ქვეყანაში ამჟამად არსებობს და განმარტა:

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები დგანან დემოკრატიულ ღირებულებებზე, ამ ქვეყნებში ეს ღირებულებები ძალიან მაღალ დონეზეა.

იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს იმას, რომ საქართველოც უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ სტანდარტებს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა.

ახლოს არ ვართ იმ სტანდარტებთან, რომელსაც ვისურვებდით და რომელიც განაპირობებდა აუცილებლად დადებით პასუხს. და რა პრობლემებია ძირითადად საზოგადოებამ რომ იცოდეს:

მართლმსაჯულება, რომელიც ყველაზე დამოუკიდებელი უნდა იყოს ქვეყანაში, თუნდაც სხვაგან პრობლემები რომ იყოს, როცა იცი, რომ წახვალ სასამართლოში და იპოვი სამართალს, ჩვენ შემთხვევაში ასე არაა. სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემები მართლმსაჯულებაში გვაქვს.

ასევე პრობლემებია არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, კი შეუძლიათ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ რესურსი, რომელიც მმართველ პარტიას გააჩნია, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და ზოგადად სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობა არის დიდი პრობლემა.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან საქართველოში სახელმწიფო უწყებები ერთი პარტიის გადაწყვეტილებებს ექვემდებარებიან.

ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ როცა მმართველ პარტიას მოუნდება, მას შეუძლია უწყება, მაგალითად სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, ერთ და ორ დღეში გააუქმოს იმიტომ, რომ არ მოსწონს მაგალითად, უწყების ხელმძღვანელი.

ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა, ერთი პარტია ახერხებს ყველა გადაწყვეტილების მიღებას, ოპოზიციას კი არ აქვს ბერკეტები, რომ ამ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს.

ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს, რადგან დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ მონაწილეობას, ხალხის ჩართულობას.

ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, მედიაზე განხორციელებული ძალადობა. მაგალითად, 5-6 ივნისს განხორციელებული ჟურნალისტებზე თავდასხმა და ის, რომ მისი სათანადოდ გამოძიება ვერ მოხდა.

ის ჯგუფები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით ებრძვიან როგორც ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიან, ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან ქვეყანაში.

არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს პრობლემები მოაგვარონ, ვხედავთ ერთმანეთზე გადაბრალების პოლიტიკას.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არავის გადაბრალებაზე არ იქნება დამოკიდებული, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გადავდგით, როგორც ქვეყანამ ნაბიჯები,“ – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

ფოტო: “რადიო თავისუფლება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები