ნინო მუმლაძე თავის უცნობ მხარეზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ნინო მუმლაძე: საკუთარი თავის დახასიათება ძალიან რთულია და შესაბამისად, რთული კითხვაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ შვილი შემეძინა, ნინო მუმლაძე, პირველ რიგში, არის დედა. მალე სამსახურში გასვლა მომიწევს, მაგრამ ნახევარი წელი აბსოლუტურად ყველაფერს მოვწყდი სამყაროში და საკუთარი ცხოვრება მთლიანად ჩემს პატარას მივუძღვენი.
გარდა ამისა, სულ ვამბობდი, რომ ჯერ ქალი ვარ და მერე – ყველაფერი დანარჩენი. ჩემი ნებისმიერი ქმედებისა და ხასიათის განმსაზღვრელი ჩემი ქალურობაა.
ვარ რეალისტი და იმავდროულად, ოპტიმისტი. მგონი, გამომდის ამ ორის შეთავსება.
რაც მთავარია, ვარ თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ყოველთვის აქვს საკუთარი თავის იმედი. არ მეშინია, არ ვიბნევი გარკვეულ სიტუაციებში. ვიცი, რომ გამოსავალს ყოველთვის მოვნახავ. 40 წლის ასაკამდე ასე მოვედი – პირველ რიგში საკუთარ თავზე ვამყარებდი იმედებს, შემდეგ ოჯახზე, მეგობრებზე და ასე შემდეგ.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური ვარ. ვცდილობ არ გამოვხატო. თუ ემოციებს ავყევი, შეიძლება, ცუდად მოვიქცე (იცინის). ასაკთან ერთად მათი მართვა ვისწავლე. ახლა ამ დროს საერთოდ უკონტაქტო ვხდები და შიგნით ვხარშავ ყველაფერს. ეს გაცილებით რთული ასატანია, მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობს. ყოველთვის ვერ ვიკავებ თავს. ხანდახან მაინც იფეთქებს ხოლმე. რაც უფრო ახლობლებს ეხებათ საქმე, მით უფრო თამამი ვარ ემოციების გამოხატვაში. ამ ამბავში ახლობლები უფრო მეჩაგრებიან, ეს, მგონი, ყველასთან ასეა (იცინის). ადრე საზოგადოდაც უფრო თამამად გამოვხატავდი ემოციებს. თუმცა, ახლა კარგი ემოციების შეკავებას ნამდვილად არ ვცდილობ.
– ტირილის უფლებას თუ აძლევთ თავს და ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ორსულობისას ძალიან ხშირად ვტიროდი. ისედაც ემოციური ვარ და ორსულობისას, საერთოდ, ყველა წვრილმანზე გული მიჩუყდებოდა. კარგი იყო თუ ცუდი არ აქვს მნიშვნელობა (იცინის). ზოგადად, ცრემლების არ მრცხვენია. ადამიანი იმით არის უნიკალური, რომ ემოციები აქვს და ცრემლიც ადამიანურია.