LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „თუ ვინმე 30 წლის ასაკს გადასცდა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, არ აქვს იმედი, რომ დაოჯახდება და შვილს გააჩენს, გული არ გაიტეხოს… ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგია, ადრეულ ასაკში რომ არ შევქმენი ოჯახი…“

5717
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძეს ახლახან ძალიან დიდი პირადი ბედნიერება ეწვია. მას 39 წლის ასაკში ვაჟი, რონი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც ეხმარება და სხვა დამხმარეებიც ჰყავს, ჯერჯერობით პატარას მაინც დედიკოსთან ყოფნა ურჩევნია.

ნინოს „რუსთავი 2“-ში სატელევიზიო გადაღებაზე შევხვდით, სადაც რონიც ჰყავდა წამოყვანილი, გადაღებებს შორის კი პატარა ბუნებრივ კვებას ითხოვდა…

როგორია ცხოვრება ვაჟის შეძენის შემდეგ, ნინო fortuna.ge-ს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გულწრფელად უზიარებს…

ნინო მუმლაძე:

ემოციები და შეგრძნებები კი არა, მთელი ცხოვრება თავდაყირა ამოტრიალდა. ალბათ, ყველა დედა ამას გრძნობს და გადის. აბსოლუტურად სხვა შინაარსი ეძლევა ცხოვრებას. რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ყველაფრის გადაფასება მოხდა. გარდა იმ უდიდესი ემოციებისა, რაც შვილის ყველა მოძრაობას და გაღიმებას მოჰყვება, დედამიწის ზურგზე ნებისმიერ განძს აჭარბებს. ალბათ, ეს ყველა დედას აქვს და ამაში ორიგინალური ვერ ვიქნები.

რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნე გვიან ასაკში შვილის გაჩენაზე და უამრავ ქალბატონს მიეცი სტიმული...

რონი რომ გავაჩინე, ვიყავი 39 წლის და სამ თვეში გავხდი 40 წლის. არ მგონია, რომ ამაში გამორჩეული ვარ დღეს, რადგან ბევრი ქალბატონი ზუსტად ჩემს ასაკში ოჯახდება და აჩენს შვილს. ახლა ვხვდები, რომ ადრეულ ასაკში შეიძლება უფრო მარტივად გაუმკლავდე რაღაცებს. რასაკვირველია, ბუნება ბუნებაა და ტყუილი არ იყო, როცა ადრე 25 წლის ასაკის მშობიარეებს ხანდაზმულ მშობიარეებს ეძახდნენ (იღიმის). გინდა თუ არა, ახალგაზრდა ასაკში უფრო მეტი ენერგია გაქვს ღამეების თენებისთვის… დღეს, როცა ქალბატონები ცდილობენ, ჯერ პროფესიულად შედგნენ და შემდეგ გახდნენ დედები, მოიტანა ის, რომ ჩემ მსგავსად, ბევრი აჩენს პირველ შვილს შედარებით გვიან ასაკში. ჩვენს დროს, მგონი, ეს გასაკვირი არ არის და ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. ჩემს სამშობიარო პალატაშიც ჩემი ასაკის ქალბატონი იწვა. თუ ვინმე 30 წლის ასაკს გადასცდა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, არ აქვს იმედი, რომ დაოჯახდება და შვილს გააჩენს, გული არ გაიტეხოს, იმიტომ, რომ არასდროს არის გვიან. საერთოდაც, სიყვარულს ასაკი არ გააჩნია.

მეუღლის დახმარების კოეფიციენტი როგორია?

(იღიმის) ჩემი მეუღლე არის ძალიან ემოციური ადამიანი და ძირითადად, ემოციურად გვეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ რონის პამპერსს უცვლის, მაგრამ მეხმარება, შემიძლია, თამამად დავუტოვო ბავშვი. იცით, როგორ არის? ძალიან ფრთხილად ექცევა ბავშვს. პირველი ორი თვე ბავშვს ისე ფრთხილად იყვანდა ხელში, მეუბნებოდა, ჯობს, შენ გეჭიროსო და ეს ცოტა ნერვებს მიშლიდა (იცინის). ახლა ცოტა გაუთამამდა, ყოველდღიურ რუტინაშიც მეხმარება, ასეირნებს კიდეც. მისი ფრთხილი ქცევა ახლა უკვე მეკომფორტულება, თუკი სადმე მივდივართ, მოხერხებული და სპორტული ადამიანია და მისი იმედი მუდამ მაქვს.

რონი შენ გარეშე, როგორც ვნახეთ, ძალიან მოწყენილია და სულ დედიკოსთან უნდა…

რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, რა თქმა უნდა, სულ ეძებს დედას. მაქსიმუმ ორ თვეში თეატრში მომიწევს გასვლა და არ ვიცი, რა გვეშველება. სალონში გავედი საათნახევარი და დედაჩემი მირეკავდა, ჩქარა მოდი, ვეღარ ვაჩერებთო. სხვა ოთახში რომ ვარ, იქაც მეძებს…

როგორც მივხვდი, მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ გქონია…

პირველი 40 დღე ძალიან რთული იყო, რადგან რონის, ფაქტობრივად, არ ეძინა. მუცელი აწუხებდა… მართლა გაუჩერებლად ტიროდა. 40 დღის უძილობა, მშობიარობას რომ თავი დაანებო, ძალიან მძიმე ამბავია… მართლა წკიპზე ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა გამოსწორდა სიტუაცია. ღამის საათებში ორ საათში ერთხელ შია, მაგრამ ამ ინტერვალებით მაინც მძინავს, მადლობა ღმერთს (იღიმის). ცოტა ხასიათი დამიბრუნდა. იმედი მაქვს, მალე იმის ძალაც დამიბრუნდება, რომ ჩვეულ ფორმაში ჩავდგე, ვიზუალურადაც და ხასიათის მხრივაც… დიეტის დაცვა ჯერ არ გამომდის…

მეორე შვილზე ფიქრობ?

სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით არ ვიცი. რონი იმდენად პატარაა, ამ ეტაპზე ვერ დავგეგმავ. მერე, ასაკიც არის. ისიც არ ვიცი, ჩემი ბიოლოგიური მონაცემები რამდენად მომცემს საშუალებას, რომ კიდევ გავაჩინო. ჯერ ხუთი თვის ჩვილი მყავს და არაფერს ვგეგმავ. რომ მოხდეს ასე და მომიწიოს მეორეს გაჩენა, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიქნები.

რადგან დიეტას ვერ იცავ, ფორმაში ჩასადგომად რა გეგმა გაქვს?

ვიცი, რომ უნდა მოვუკლო ნახშირწყლებს, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას, ბავშვი რომ ბუნებრივ კვებაზეა, ჩემი მადაც გაზრდილია. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ძილს, საკვები ენერგიის ერთადერთი წყაროა. მომიწევს, როცა თეატრში დავბრუნდები, ჩემი ძველი კოსტიუმები მოვირგო, ახლა, რა თქმა უნდა, ვერ ვეტევი…

პაუზა თეატრში, ალბათ, ძალიან დიდ მონატრებას იწვევს…

მგონია, რომ პანდემიის პერიოდია, როცა სულ სახლში ვიყავით… (იღიმის). უბრალოდ, ახლა პანდემია არ არის, მაგრამ მე ცხოვრების იგივე რეჟიმი მაქვს. მომენატრა ჩემი პროფესია, როლები, თანამშრომლები და მეგობრები. ერთი სული მაქვს, ამ ყველაფერს დავუბრუნდე. პანდემიისგან განსხვავებით, მიზეზი ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების რიტმი, რითაც აქამდე მოვედი, იმდენად განსხვავდება დღევანდლისგან – სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდი, ახლა კი… ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგია, ადრეულ ასაკში რომ არ შევქმენი ოჯახი. რაც უნდა გიწყობდეს ოჯახი ხელს, ცხოვრების მთავარი ადამიანი, შვილის გაჩენის შემდეგ, შენი შვილია. რასაც აკეთებ, ყოველი ნაბიჯი, ეძღვნება მას. შენი თავისთვის ვეღარ ცხოვრობ, მე კი ძალიან გემრიელად შევირგე განვლილი 39 წელი… (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g