მსახიობი ნინო მუმლაძე ახლახან 40 წლის გახდა. ამ ასაკს, რომელიც წლების წინ სოლიდური ეგონა, ახალი ცხოვრებით – მეუღლესა და 2 თვის შვილთან ერთად შეხვდა. ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ნინო მუმლაძე იმ ქალებს, ვინც ჯერ არ დაოჯახებულა, რჩევით მიმართავს და აღნიშნავს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.
„გვიან არასდროსაა. სიყვარულს ასაკი მართლაც არ აქვს. 40 კი არა, ხალხი მეორე ნახევარს 60 წლის ასაკში პოულობს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი სიყვარული უკიდურეს ასაკში ვიპოვე – ეს შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. მთავარია, არ იფიქრო, რომ ასაკი რაღაცას წყვეტს. პირადი ცხოვრების აწყობის უნიკალური რეცეპტი რომ ვიცოდე, აქამდეც რაღაცას მოვახერხებდი. ალბათ, ბედისწერის ამბავია: რაღაც არსებობს, რაც ჩვენი ცხოვრების წიგნში წერია და ყველას თავისი ბედი, თავისი ცხოვრება აქვს.
უბრალოდ არსებობს სიტუაციები, როცა შენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, ვინც იმ დროს გჭირდება. ზოგჯერ წლები გადის და მერე ფიქრობ: უიმე, ის რა კარგი ბიჭი იყო, რატომ არ მივაქციე ყურადღებაო? რა მნიშვნელობა აქვს, კარგი იყო თუ ცუდი? ალბათ, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყავი, თუმცა თავად ასე არ გგონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ღმერთმა ზუსტად იცის, შენს ცხოვრებაში ვინ უნდა გამოუშვას, რომ ესა თუ ის შედეგი დაგიდგეს. უბრალოდ, მთავარია მიხვდე, რომ შენს ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი ადამიანი შემოვიდა და ძალით არ გააფუჭო სიტუაცია – დააფასო, რასაც ღმერთი გაძლევს…“