ცნობილ ექიმსა და ტელესახეს, ნინო ნადირაძეს 4 წლის შვილიშვილი ჰყავს. ალექსანდრე უსაყვარლესი პატარაა, რომელმაც ბებია და ბაბუა გადარია და ძალიან აქტიური ქალბატონი, რომელიც წვეულებების ხშირი სტუმარი იყო, ახლა სამსახურის შემდეგ სახლში გარბის, რათა მასთან მეტი დრო გაატაროს.
fortuna.ge-სთან ინტერვიუში ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ პენსიაზე ოცნებობს, რადგან სურს, მთელი ცხოვრება შვილიშვილს მიუძღვნას.
როგორია პატარა ალექსანდრესთან ურთიერთობა?
„მიყვარხარ გულში“ არის მისი საყვარელი ფრაზა. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ზუსტად 21 წლის თავზე ივიკო გამიჩნდა, 21 წლის თავზე კი 4 წლის შვილიშვილი მყავს აკიდებული ზურგზე. რა შეგრძნებაა ბებიობა? თავი მგონია ახალგაზრდა დედიკო. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, ჩემი შვილები ვინმესთან „შემეჩურთა“. ახლა კი პირიქითაა, ვერ ვიტან, ჩემს შვილიშვილს ვინმესთან რომ ვტოვებ. ყოველ დილას შემოდის ჩემთან და გუგასთან და შუაში გვიწვება. ძალიან ადრე დგება, ერთი საათი აქვს ხოლმე კიდევ და ჩვენთან ძილი უყვარს. მერე ყველას გვაღვიძებს. ისეთი თბილია… ჩემი არც ერთი შვილი ასეთი თბილი არ იყო. ვის დაემსგავსა, არ ვიცი. ასეთი თბილი ჩვენს ოჯახში არავინაა. რით დავიმსახურე ღმერთისგან ეს სიკეთე, არ ვიცი.
ვის ჰგავს თქვენი პატარა?
სხვათა შორის, ძალიან თბილია, მაგრამ პრინციპული. არ ვიცი, კონკრეტულად ვის ჰგავს. მაინტერესებდა, რა დრომდე იტირებდა და ნახევარი საათი არ გაჩერებულა, მეც აქედან ვიყავი ჯიხვივით… ბოლოს ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი, გამომეკიდა და შემისრულა, რაც მინდოდა.
დამჯერი არ არის?
სხვათა შორის, ძალიან დამჯერია, ჩემს შვილებს არ ჰგავს.
დრო გაქვთ, რომ მასთან ერთად გაატაროთ? ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ…
ძალიან იშვიათად დავდივარ სადმე. როგორც კი ვამთავრებ სამსახურს, სახლში მოვრბივარ კისრისტეხით, მინდა, ბაღში დიდხანს არ გავაჩერო და დროულად წამოვიყვანო. სულ მინდა, ვეხუტო და ვეფერო.
გუგაც ასეთივე მდგომარეობაშია?
გუგა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია (იცინის). ჩემზე მძიმე მდგომარეობაში… ცოლ-ქმარმა გავაფრინეთ, დასაბმელები ვართ და დაგვაბით. გუგა ცდილობს, რომ შვილიშვილთან მკაცრი იყოს, მაგრამ ისეთ სახეს იღებს, აღარ გამოსდის და გუგას ტოვებს განიარაღებულს. მიმაჩნია, რომ ბავშვს შენიშვნა მშობელმა უნდა მისცეს, ხოლო ბებია-ბაბუები კი – ეფერონ.
მკაცრი დედა იყავით?
მე ვიყავი მკაცრი დედა, როგორც ბებიას, სიმკაცრის ნატამალი არ გამაჩნია და ასეთს თავს ვერასდროს წარმოვიდგენდი. ის კი არა, თავიდან, როცა ჩემი შვილის ფეხმძიმობა გავიგე, ცოტა სტრესი მივიღე, გაჩნდა თუ არა ჩემი შვილიშვილი, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. თან, რას ჰგავდა პატარა, მე კი მასზე ლამაზი არავინ მეგონა (იცინის). ახალგაჩენილი ბავშვი ხომ წარმოგიდგენიათ, რომ დავინახე, მართლა ერთი ნახვით შეყვარება იყო.
ბაიას რომ ეკონკურენტებით, როგორი რეაქცია აქვს?
(იღიმის) ბაია მკაცრი დედაა და ჩვენ გვეჩხუბება, ნუ ატუტუცებთ ბავშვსო. სურს, რაღაცები დამოუკიდებლად აკეთოს.
უფრო მეტი მოგვიყევით გატუტუცებაზე…
თავზე რომ დამაჯდეს, არ ჩამოვისვამ. რა ვქნა, მითხარით?!. ცუდია, ვიცი, მაგრამ მინდა, დავამახსოვრდე, როგორც თბილი და ტკბილი ბებია, რომელიც სულ ეფერებოდა.
მისი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?
მე და გუგას უკვე დალაგებული გვაქვს ყველაფერი – გავყრით შვილებს სახლიდან და მე, გუგა და ჩვენი შვილიშვილი ვიცხოვრებთ ერთად.
სხვა შვილიშვილებიც ხომ გეყოლებათ…
ვაიმე, იცით, სხვებს რას ვეკითხები, ვისაც ორი ან მეტი შვილიშვილი ჰყავს? მეორე და მესამე შვილიშვილი ისევე გიყვართ, როგორც პირველი-მეთქი? არ ვიცი, მატყუებენ თუ მართალია, ერთნაირად გვიყვარსო, მაგრამ ყველა მაინც პირველ შვილიშვილს გამოარჩევს.
ყველაზე ხშირად თქვენთან ერთად რისი კეთება უყვარს?
ჩემთან ერთად უყვარს ჩახუტებული ყოფნა. ძალიან უყვარს მანქანები, მოაქვს და ერთად ვთამაშობთ. წიგნს გადავშლი, წავუკითხავ ხოლმე, ვათვალიერებთ ერთად, ვუყურებთ ტელევიზორს. ხანდახან ბაკოს უჩუმრად ტელეფონს ვაძლევ, მერე შემოვარდება ხოლმე ჩემი შვილი და დაგვიღრიალებს (იცინის).
ბებია და შვილიშვილის გარდერობი…
მთავარია, ნაჭერი იყოს ბუნებრივი, ბამბა თუ ტილო. არ მივიჩნევ, რომ ჩემს შვილიშვილს „დოლჩე და გაბანა“ და „გუჩი“ უნდა ეცვას. ძალიან დემოკრატიულ ბრენდებში ვაცმევთ, როგორებიცაა „ზარა“ და „ბენეტონი“. ძალიან იშვიათად ვდებ შვილიშვილის ფოტოებს, არც იმას მივუთითებ, რა აცვია, რადგან უნდა ეცვას ბუნებრივად და შესაბამის ფერებში. კატეგორიულად მეზედმეტება ბრენდული სამოსი ბავშვებზე. შეიძლება, არ ვარ მართალი, მაგრამ არ მინდა, რომ ამ თემაზე რამე აქცენტი ჰქონდეს, მით უმეტეს, ბიჭს.
დიდ ბებიასა და ბაბუასთან როგორ ურთიერთობს?
ძალიან უყვარს მათთან სტუმრობა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვია, უყვარს სტუმრები და სტუმრად სიარული.
მომავალზე ვსაუბრობდით, ყველაფერი დალაგებული გვაქვსო და ექიმობას უმიზნებთ მის შემთხვევაშიც?
ისე უყვარს მანქანები, რომ არ ვიცი (იღიმის). სამი წლის ასაკში ამეტყველდა, ცოტა გვიან, მაგრამ ახლა ასაკმა ისედაც გადაიწია და ყველა მანქანის სახელი იცის და ამბობს. მე და გუგა ვფიქრობთ, რომ ალბათ, გავუკეთებთ პროფილაქტიკას, იქნება ლურჯთვალა მოტორისტი და მთელი თბილისის გოგონები მასთან მიიყვანენ მანქანებს.
ლამაზი გოგონები ახსენეთ და ბაღში ჰყავს უკვე შეყვარებული?
ასაკობრივი ზღვარი დარღვეული აქვს და სულ ბეჭების თამაშით უვლის გარშემო თავისზე ხუთი თავით მაღალ და რამდენიმე წლით უფროს გოგონებს, არ იცის, როგორ მიიქციოს მათი ყურადღება. ნამდვილი „ლომი“. პირველ აგვისტოს ხდება ოთხი წლის.
დაბადების დღის გადახდას როგორ აპირებთ?
არ მიყვარს უაზროდ დიდი დაბადების დღეები. ბევრი ბავშვის შეკრება ინფექციის წყაროა, ან ყურადღება ვერ მიაქციო და ვიღაცამ რაღაც დაიზიანოს. გვექნება ტორტი, სანთლებს ჩააქრობს, ვიმღერებთ Happy Birthday-ს, რაც ძალიან უყვარს. მეც არ გამოვირჩევი გრანდიოზული დაბადების დღეების გადახდით. გახსოვს 3 წლის ასაკში დაბადების დღე? არც მე მახსოვს, უფროსები უფრო ხალისობენ ხოლმე.
უფრო მეტად გუგას გრანდიოზული საჩუქრები გვახსოვს თქვენს დაბადების დღეებზე… დასვენებას თქვენს შვილიშვილთან ერთად ხომ არ გეგმავთ?
შვიდი წელია, შვებულებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მომინდა. მე და გუგა აგვისტოში ქობულეთში, ძალიან კარგ სასტუმროში, რომელიც ტყეშია ჩაფლული, მიგვყავს ჩვენი შვილიშვილი დასასვენებლად.
მოკლედ, სრულფასოვანი ბებია ხართ…
დილას ვიღვიძებ და ვფიქრობ, როგორ გავიდე პენსიაზე, რომ ბავშვს სრულად მე მივხედო. ვერ დავაყენე საშველი, მაგრამ ალბათ, ამ სურვილსაც ავისრულებ. მინდა, ჩემი ცხოვრება ჩემს შვილიშვილს მივუძღვნა. ერთადერთი ის მაფიქრებს, როცა შვილიშვილები იზრდებიან, მერე არავის სჭირდები. არ მინდა, ისეთი ბებია ვიყო, კარს რომ უყურებენ შვილიშვილების დაბრუნების მოლოდინში. თუმცა მეორე მხრივ, ვგიჟდებოდი ჩემს ბებიებზე და მინდა, ჩემს შვილიშვილს ხსოვნაში ასევე დავრჩე. ისე, რეებს ვლაპარაკობ, ჯერ დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს (იცინის).
ინტერვიუ: ნინო მურღულია