დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილის, დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზის] სასამართლო პროცესი გაიმართა – პროცესი თემურ ქათამაძის მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ საქმეში მას კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მხრიდან, ნადირაძის ლანძღვა-გინებას ჰქონდა ადგილი.
თემურ ქათამაძის თქმით, ის კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს, მისი განცხადებით, „48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ძვლები სტკიოდა, პალატაში კი ისეთი მატრასი მიუტანეს, საიდანაც ზურგში მავთულები ერჭობოდა“.
„არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო – მე, უბრალოდ, „ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე. ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, – განაცხადა თემურ ქათამაძემ სასამართლო პროცესზე.
კლინიკა „ვივა მედის“ უფროსი ექთნის, ლელა თავაძის ჩვენებით, თემურ ქათამაძე კლინიკის დირექტორს ფეხით შეეხო. მისი თქმით, თემურ ქათამაძე აგრესიულობით გამოირჩეოდა და ყველა მომსახურებით უკმაყოფილო იყო.
ცნობისათვის, თემურ ქათამაძეს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავება.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თემურ ქათამაძე საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად დააკავეს. 7 თებერვალს, თემურ ქათამაძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობა ძალაში დარჩა. მან პროტესტის ნიშნად, 48 დღე იშიმშილა. შიმშილობის პერიოდში თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივა მედში“ გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.