LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „ჩემი შვილების დაბადება ყველანაირ კორონას დამავიწყებს…“

29439
nino-surguladzenwssss

ნინო სურგულაძე და მისი მეუღლე, გიორგი ინწკირველი ტყუპს ელოდებიან. ცნობილი საოპერო მომღერალი ორსულობის მერვე თვეს ასრულებს. რასაკვირველია, კორონავირუსის გამო, ის ბოლო პერიოდია, მუდმივად სახლში ზის და არსად გადის, გარდა გეგმური ვიზიტისა ექიმთან.

ნინო სურგულაძეს ბოლო კონცერტი მონტე კარლოში ჰქონდა, როდესაც ხუთი თვის ფეხმძიმე გახლდათ. შემდეგ, 24 აპრილამდე, დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის, გამოსვლა ჩინეთის დედაქალაქში, თუმცა წარმოების ხელმძღვანელმა დაგეგმილი ღონისძიება დროულად გააუქმა და ნინოც ჩინეთში აღარ გაემგზავრა.

ეს პერიოდი საკმაოდ მშვიდად გადააქვს, როგორც თავად ამბობს, იმის გამო, რომ შვილებს ელოდება, პასუხისმგებლობის გრძნობა გაორმაგებული აქვს…

ნინოს საქველმოქმედო ფონდი ამჟამად არ მუშაობს, თუმცა მცირე ხნის წინ, „ნატვრის ხის“ დახმარებით, რამდენიმე ბავშვმა შეძლო მათთვის აუცილებელი მკურნალობის ჩატარება. როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ნინო სურგულაძე ფონდ ,,ღირსების გზა” ერთად, მეცნიერ ბესო შამუგიას იდეით დაგეგმილ ღონისძიებას გამართავს და ექიმებს დააჯილდოებს. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე დიდი ხანია, მუშაობენ, მაგრამ იდეის განხორციელება კორონავირუსის გამო გადაიდო.

ნინო სურგულაძე:

როგორც კი კორონავირუსის შესახებ დაიწყეს საუბარი, მე უკვე შინ ყოფნას ვამჯობინებდი. შემდეგ, მალევე აღმოჩნდა, რომ ვირუსმა ფართოდ დაიწყო გავრცელება.

ხუთი თვის ფეხმძიმე გახლდით, როცა მონტე კარლოში კონცერტისთვის ჩავედი. ამას უნდა მოჰყოლოდა ჩინეთში გამგზავრება (იღიმის), წარმოიდგინე, პირდაპირ ვირუსის ბუდეში მივდიოდი. პეკინში უნდა ყოფილიყო ჩემი გამოსვლა. ერთი კვირა იყო დარჩენილი კონტრაქტის დაწყებამდე, როცა წარმოების ხელმძღვანელმა, რომელიც იტალიელი გახლდათ, გადაგვიტანა კონტრაქტები. კიდევ კარგი, რადგან ბევრი ჩემი კოლეგა სხვა პროექტებით აღმოჩნდა ჩინეთში. ბილეთები, ვიზები, ყველაფერი გამზადებული იყო და გადავრჩი… მე იმაზე ვნერვიულობდი, ამხელა გზა რომ მელოდა წინ და თურმე, სხვა რამეზე უნდა მენერვიულა. ვაპირებდი გამგზავრებას, რადგან ექიმისგან მქონდა ნებართვა, რომ 24 აპრილამდე შემეძლო ფრენა. კარგია, რომ იქ არ აღმოვჩნდი, რადგან აქამდე ან ვიქნებოდი ჩამოსული, ან – არა.

მონტე კარლოდან თბილისში დაბრუნდი?

დიახ და შემდეგ აღარც გავფრენილვარ არსად. რაც შეეხება სხვა კონტრაქტებს, ზოგი უკვე გადაიდო, ზოგზე მიდის საუბარი, რომ უნდა გადაიდოს. სამი პროექტი უკვე გადავადებულია. დაგეგმილია ღონისძიება ივნისში, რომელიც გადაიდება. ყველამ ვიცით, როგორ გართულდა მდგომარეობა იტალიაში, ვფიქრობ, იქ კოლაფსიდან ასე მალე ვერ ამოვლენ. საოპერო მომღერლები წერენ იმის შესახებ, რომ ბევრ მომღერალს, მუსიკოსს, ჩენი სფეროს წარმომადგენელს, დიდი ფინანსური პრობლემა შეექმნა. არავინ მუშაობს. ექვსი–შვიდი თვით ადრე თანხა ბევრს არ აქვს გადადებული, თანაც, ყველა ხომ არ არის პირველი რანგის არტისტი, რომ დიდი ანაზღაურება ჰქონდეს. სახელმწიფოც საუბრობს იმაზე, რომ მათ გარკვეულ თანხას გადაუხდიან, მაგრამ როდის და რა თანხა იქნება ეს, ჯერჯერობით, არ უსაუბრიათ. ყველაზე მთავარი პრობლემა არტისტისთვის ისაა, რომ ის ვერ ურთიერთობს მაყურებელთან და არ აქვს შემოქმედებითი წვა. ამან ბევრი მუსიკოსი დეპრესიის წინაშე დააყენა. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რადგან მე ეს არ შემხებია.

შეგუებული იყავი ისედაც, რომ ბოლო თვეები არ იქნებოდა აქტიური შენთვის…

შეგუებული კი გახლდით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ, ორ თვეში შევძლებდი ფორმაში ჩადგომას და ჩემს საყვარელ საქმესთან დაბრუნებას. თეატრში რაც ხდება, ის ვერ შეედრება აივანზე გამოსვლას და სიმღერას, რასაც ბევრი მომღერალი აკეთებდა  კარაინტინის დროს… თუმცა ამით გადაიტანეს ის დღეები…

შენ როგორ ატარებ დროს?

ძველ კლასიკას დავუბრუნდი, ვკითხულობ იმას, რაც მიყვარს და ბავშვობაში ვკითხულობდი, უნგრული ზღაპრები, სადაც ყველაფერი კეთილად მთავრდება, ნაპოლეონის ცხოვრება, ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს, გადავხედე ჰემინგუეის მოთხრობებს. ზღაპრებზე ვსაუბრობდი და მათში ბევრი დადებითია. ვცდილობ, ნეგატივს ავცდე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ასცდები, რადგან ვუყურებ ახალ ამბებს და ვეცნობი ინტერნეტითაც, რა ხდება მსოფლიოში. მეცნიერების შვილი ვარ და უფრო ღრმად ვწვდები სამედიცინო სიახლეებს.

ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, და ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ, უფალი საოცარ სიმშვიდეს მაძლევს. ჩემ გარშემო ადამიანებს ვატყობ, რომ პანიკაში არიან და ეს სრულიად დასაბუთებულია, როცა ხვალინდელი დღე არ არის ნათელი, ვისმენთ ინფორმაციას, რამდენი დაინფიცირდა, დაიღუპა, ეკონომიკური კოლაფსია… მით უმეტეს, როცა მდიდარ ქვეყანაში არ ცხოვრობ და ეკონომიკური სიძლიერით არ გამოირჩევი. მესმის იმ ადამიანების, ვინც აფორიაქებულია, მაგრამ მე მშვიდად ვარ. ვკითხულობ, ვლოცულობ, ვურთიერთობ ტელეფონითა თუ ინტერნეტით იმ ადამიანებთან, რომლებიც მიყვარს. ვამხნევებ მეგობრებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რისკზონებშია ჩაკეტილი.

ფიზიკური დატვირთვა არ მაქვს, ვერ მოგატყუებთ. უკვე თვეებია, სახლიდან არ გავსულვარ. გეგმური ვიზიტი მქონდა რამდენჯერმე ექიმთან და მხოლოდ ამის გამო გავედი. ვერიდები მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც.  ჩემი მეუღლე განიცდის შექმნილ ვითარებას, მეგობრებს უკავშირდება ონლაინ, დარდს იქარვებს ბავშვების მოლოდინში და იმედით, რომ ყველაფერი მალე კალაპოტში ჩადგება.

როგორც ვხვდები, არ გიჭირს…

დილა თენდება და მაინც ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ განვიცდი, რაც ხდება. ყველანი ადამიანები ვართ და შეუძლებელია, გულთან არ მიიტანო ამდენი ადამიანის უბედურება. მჯერა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვალთ. გარდაუვალია, რომ სულ სხვა სამყაროსა და რეალობას, ადამიანებს, ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს მივიღებთ. გადაფასდება ყველა ღირებულება, რაც აქამდე იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანში მიდის ეს პროცესი. ამ ბოლო პერიოდში დაფასდა ის პროფესიები, რომლებიც აქამდე თითქოს ჩრდილში იყო – ექიმები იქნებიან თუ სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე დგანან. გამოჩნდა, რა უფრო მნიშვნელოვანია.

ნინო, ორსულობისას წონაში ბევრი არ მოგიმატია. კარგად გამოიყურები. ეს როგორ მოახერხე?

გურმანი ვარ. პროფესიიდან გამომდინარე, სულ დიეტაზე ვიყავი. ჩემი გინეკოლოგი, მაკა ცეკვავა მეუბნებოდა, ვინც მთელი ცხოვრება დიეტაზეა, ფეხმძიმობისას მინიმუმ 20 კილოგრამს და მეტს იმატებსო. ბავშვობიდან მესმოდა, რომ ფეხმძიმემ ყველაფერი უნდა მიირთვას. ეს ასე არ არის. თუ გინდა, რომ რთული პროცესები აირიდო, ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ, უნდა მიიღო აუცილებელი საკვები და ვიტამინები, ეს ყველაფერი სწორად უნდა გაანაწილო და აკონტროლო. მაკამ დამინიშნა სწორი კვების სქემა, დღეში ოთხჯერ ჭამა და პლუს ხილი, ვიტამინების კურსი, რომ ბავშვებს არაფერი დააკლდეთ. ჩემს რაციონში ყველაფერი მოხარშულია და გამდიდრებულია სხვადასხვა აუცილებელი ნივთიერებით. ჩემთვის ეს ძალიან უჩვეულოა, მაგრამ როცა იცი, რატომ აკეთებ ამას, ჩვეულებაში გადაგდის ასე კვება. წყლის მიღებას ამ სქემაში თავისი ადგილი აქვს. დედაჩემის დროს ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო ვიტამინებით, დღეს ასე არ არის და გვერდიდან ბევრი დახმარება სჭირდება. ეს რეალობაა.

ბავშვების სახელები შერჩეული გაქვს?

მოფიქრებული გვაქვს, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ბავშვი ერთი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა, მაგრამ ორი ბავშვის სახელზე შევთანხმდით, ერთის სახელი მე გადავწყვიტე, მეორესი – გიორგიმ. ჩემს არჩევანზე მაინც ვფიქრობ… თუმცა ძალიან მომწონს.

გიფიქრია, როგორი დედა იქნები?

თავიდან ცოტა ეიფორიაში ვიყავი, ახლა კი ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ამას წინათ მოვისმინე, ბავშვების სწორად აღზრდა თუ გსურთ, ჯერ თქვენი თავი აღზარდეთო და ამ აზრს დავეთანხმე, მე ჩემი მშობლების მაგალითს ვუყურებდი და ასე ვისწავლე ბევრი მთავარი ფასეულობა.

ძალიან სასიამოვნო და დამღლელი პროცესი იქნება ტყუპის აღზრდა. ახლაც ვესაუბრები, ვეფერები, ვასმენინებ მუსიკას. მათი დაბადების შემდეგ, ცხოვრებას სულ სხვა აზრი მიეცემა. ჩემი ცხოვრება უკევ შეიცვალა. თურმე ცხოვრების მთავარი აზრი ესაა და არა ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი. თუმცა თავად არ უნდა იყო ცარიელი, როცა მშობელი ხდები, ამიტომაც კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.

არ მეშინია, წინ ბევრი საქმეა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება. მათი მოფერება, მათთან თამაში, სითბო ყველანაირ კორონას დამავიწყებს. იმედი მაქვს და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ბავშვებს მშვიდობიან სამყაროში ყოფნამ მოუწიოთ… არ მოდიან იოლ დროს. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რადგან ისინი ასე ბუნებრივად, მოულოდნელად, სიყვარულით ჩაისახნენ, ღვთის ნება იყო, ამიტომაც უკეთესის იმედი მაქვს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g