ნინო სურგულაძე მანდილოსნებს რვა მარტს ვრცელი პოსტით ულოცავს, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებს. ნინო აღნიშნავს, რომ მისი სურვილია, ქალებმა ბოლომდე გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ცხოვრებაში კიდევ უფრო წინ წავიდნენ.
გთავაზობთ ცნობილი საოპერო შემსრულებლის პოსტს სრულად:
„8-იანი უსასრულობის სიმბოლოა და მინდა, რომ სწორედ ამ კონტექსტში მოგილოცოთ 8 მარტი.
ჩემო ძვირფასო მანდილოსნებო, ვისურვებდი, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი უსაზღვრო და უსასრულო შესაძლებლობები განვახორციელოთ და კიდევ უფრო წინ წავიდეთ. უკვე პროგრესია, თუ გადავხედავთ განვლილ წლებს და შევადარებთ დღევანდელობას, მაგრამ სასურველია კიდევ ბევრად მეტი, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ მიუხედავად ყოველდღიური სტრესისა და გასაჭირისა, ხანდახან თვითდაურწმუნებლობისა, დიდი პასუხისმგებლობისა, გულის ტკივილისა, თუ უბრალოდ, სიხარულისა და წარმატებისა, ან წარუმატებლობისა, სიყვარულისა და თავდადებისა: საქმის, ოჯახის, მშობლების, შვილების, მეგობრების ან უბრალოდ, უცხო ადამიანების მიმართ, ყურადღებით თუ უყურადღებობით, ბედნიერებითა თუ გათანგვით სავსენი უნდა დავბალანსდეთ. ყველა წერტილი დავსვათ თავის კუთვნილ ადგილას. საუკეთესო ავარჩიოთ, ჰარმონიულად, შევურიოთ და დავუმატოთ დიდი სტიმული იმის გააზრებით და განცდით, რომ სწორედ ქალი იღებს უსასრულობის შექმნაში უშუალო მონაწილეობას. შედეგად კი მივიღებთ საოცარ არსებას, “სუპერ ქალს”, ქალს, სიცოცხლის დასაბამს, მას, ვინც ასაზრდოებს ამ უსასრულობას და ქმნის სამყაროს, სადაც ყველა პოულობს თავის ადგილსა და სივრცეს, განახორციელებს თავის მიზანსწრაფვებს, ათასნაირს და ჭრელს. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე უნდა მოხდეს სოლიდარობით ერთმანეთის მიმართ და კეთილგანწყობით სამყაროსთან მიმართებაში.
ჩვენში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის არარეალიზებული, და სწორედ ამ უსასრულობის სქემაში შესაძლოა მეტად გაჯანსაღდეს ფესვი, არსი და მომავალი.
მოკლედ რომ ვთქვა, 8 მარტს გილოცავთ! ერთმანეთისთვის მოგველოცოს უსასრულობის ბოლომდე შესისხორცება, მიღება და ამ დიდი პოტენციალის, თუნდაც მცირედით გაფრთიანება.
წარმატებები, ძვირფასო მანდილოსნებო, ყველა თქვენს კეთილ საქმეში, და რაც მთავარია, მუდამ წინ! უფალი გფარავდეთ“.