მცირე ხნის წინ, ბელგიის სამეფო თეატრში „აიდას“ პრემიერა შედგა. ნინო სურგულაძე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე „ამნერისის” პარტიით წარდგა. ხუთმა საპრემიერო სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
„ეს არის ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის “ამნერისის” წოდება“, – ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას აკეთებს ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი, ბარბარა რიოდერი „აიდას“ პრემიერაში ნინო სურგულაძის ხილვის და მოსმენის შემდეგ.
მსოფლიო პრესა და კრიტიკა ერთხმად აღნიშნავს ნინო სურგულაძის დიდ წარმატებასა და მის გამორჩეულობას.
მსოფლიო კრიტიკის შეფასებებს ყურს უგდებს და თვალს ადევნებს მსოფლიო საოპერო სამყარო, ისინი ქმნიან რეალურ განწყობას და აკეთებენ ხშირ შემთხვევაში პროფესიონალურ დასკვნებს.
ფრანგმა კრიტიკოსმა ჟაკ ოლბესმა, ნინო სურგულაძის ხმის განუმეორებელ ელფერს, ამნერისის პარტიის უბადლო შესრულებისთვის, მომღერლებს შორის „პირველობის პალმის” წოდება თამამად მიაკუთვნა.
გთავაზობთ ამონარიდებს კრიტიკული სტატიებიდან:
ლიეჟის მომღერალთა შემადგენლობა ძალზედ სოლიდური იყო. ყველას Maleficent-ში ანჯელინა ჯოლივით ჩაცმული ნინო სურგულაძის მაცდუნებელი ამნერისი აღემატებოდა. იგი ყველა სცენაში დომინირებდა და მისი მსუყე ხმა ძალზედ მიმზიდველად ჟღერდა ამ პატარა თეატრში. მას მერე რაც ქურუმებმა რადამესს განაჩენი გამოუტანეს, სურგულაძემ თავისი წყევლის წარმოთქმის წინ რამფისს კობრისთავიანი კვერთხი გამოგლიჯა ხელიდან, “anatema” და “su voi” სიტყვებს შორის ბოროტი პაუზა გააკეთა ღრმად ჩასასუნთქად და დარბაზი ექსტაზში მოიყვანა მაღალი ნოტით.
მარკ პულინგერი
(დიდი ბრიტანეთი)
Bachtrack
ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის “ამნერისის” წოდება, გასაგები ხდება ნინო სურგულაძის შხამიანი, ეჭვიანობით მოცული ფარაონის ასულის ხილვის შემდეგ. სურგულაძე მღერის მუქი სპილენძისფერი მეცოთი და ამნერისს ღამის დედოფლად აქცევს, რომელიც მზადაა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გაიღოს რადამესისადმი საკუთარი ვნების განსახორციელებლად. როდესაც ამისგან არაფერი გამოდის, რადგან რადამესი აიდას აირჩევს, მასში თვალნათლივ იმარჯვებს ტანჯული, შურისძიებით აღსავსე მეტოქე, ნექტარივით ტემბრი, სურგულაძეს დიდებული, დასამახსოვრებელი ხმა აქვს.”
ბარბარა რიოდერი
www.klassik.com
(გერმანია)
ყველასაგან გამოირჩა და ყურადღება მიიტაცა ნინო სურგულაძის მიერ შესრულებულმა ამნერისმა. უმაღლესი კლასია, როცა ასეთი კარგად პროეცირებული, სავსე, თბილი, ღრმა და მაცდუნებელი ხმა გესმის მღეროდეს. ამას დაერთო სამსახიობო ტალანტიც, რომელიც მეტი იყო ვიდრე უბრალოდ როლის თამაში.
ლუდვიგ ვან მეხელენი,
Klassiek Centraal
“ამ განუხორციელებელ სასიყვარულო სამკუთხედში ქართველი ნინო სურგულაძის საუცხოო, შხამით აღსავსე და ფატალური ამნერისია რომელიც მაყურებლის ყურადღებას ინარჩუნებს. ფუნჯის მოკლე მოსმით იგი ხატავს პორტრეტს რისხვით ტანჯული და მომაკვდინებელი ეჭვიანობით დასნეულებული ქალისა. თუკი დასაწყისში, აიდასთან “Vieni, o diletta” დუეტში მისი ტაქტიკა მოჩვენებით სიტკბოებაზე აგებული ღალატია, ბოლო აქტში, თავის მართლებაზე უარისმთქმელ რადამესთან დაპირისპირებისას იგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფეთქდება მთელი თავისი ძალზედ დამაჯერებელი მუსიკალურობითა და ნამდვილი ვერდის მეცო-სოპრანოს ხმით, რომელიც ერთდროულად მოქნილიცაა და ძალით აღსავსეც. ამ მომენტში როლის მისეული ხორცშესხმა გრანდიოზულ, ეპიკურ მასშტაბს აღწევს უბნელესი სასოწარკვეთილების და ტრაგიზმის მხრივ.”
ბენედიქტ ევრი
ResMusica
(საფრანგეთი)
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ვერდის ამ ოპერას უნდა ერქვას “ამნერისი”, რადგან, ეგვიპტის ფარაონის ასული ასრულებს ამ ოპერის ყველაზე დრამატულ სცენებს. ეს ურთულესი პარტია ნინო სურგულაძემ დიდებულად შეასრულა. მის ბიოგრაფიაში სწორედ ასეთი რთულად შესასრულებელი პარტიებია თავმოყრილი, რომელიც მაყურებლისთვის და საოპერო ხელოვნების განსაკუთრებული მოყვარულთათვის უდიდეს სიამოვნებადაა ქცეული.
წყარო: award.com.ge