მსახიობ ნინო თარხან-მოურავთან ინტერვიუს ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
შთაბეჭდილებებით სავსე, რომელი ქვეყნიდან ან ქალაქიდან დაბრუნებულხართ?
ჩემზე ნებისმიერი ქვეყანა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან თითოეულს თავისებური ხიბლი, საინტერესო ადგილები და ცხოვრების წესი აქვს. ბევრი წლის წინ რეიკიავიკში ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა. ასევე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბეირუთმა. მაგრამ ორი წლის წინ, პანდემიის დროს, რაღაც პროექტით ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობამ. მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, ვამბობ, რომ ჩემს ქვეყანაზე ლამაზი და შთამბეჭდავი არც ერთია.
ასე ძალიან მოგენატრათ საქართველო თუ სხვა ქვეყნებში რამე კონკრეტული არ მოგეწონათ?
არ ვიცი, შეიძლება ეს ასაკის ბრალია, მაგრამ მივხვდი, რომ ლაღად მხოლოდ საქართველოში შემიძლია ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, ბევრგანაა კარგი და საინტერესო, მაგრამ პირველ ადგილას მაინც საქართველოს ვაყენებ.
თეატრიდან ან პირადი ცხოვრებიდან, დაასახელეთ ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც პირველი გაგახსენდებათ…
პირადი ცხოვრებიდან დავასახელებ… მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი ბინა დიდხანს არ გვქონდა. ბევრს ვეძებდით, ზოგი არ მოგვწონდა, ხან შევარჩევდით და შეძენას ვერ ვახერხებდით. ერთ მშვენიერ ნინოობას ჩემმა მეუღლემ ბინის გასაღები მაჩუქა. დღემდე იქ ვცხოვრობთ, უბრალოდ ახლა წავკისში ვართ, იქ პანდემიის დროს ავედით და დავრჩით. ორი ბავშვი წამოგვეჩიტა და გადავწყვიტეთ ჰაერზე გავზარდოთ.
უკვე ორი შვილიშვილის ბებია ხართ. ამ სტატუსთან დაკავშირებული თქვენი შთაბეჭდილებები როგორია?
ანდრო 2 წლისა და 8 თვისაა, ხოლო ლილე – 8 თვის. ჩემი მეგობრები, გამოცდილი ბებიები სულ მეუბნებოდნენ, ბებია რომ გახდები, არ იცი, რა დაგემართებაო. ვფიქრობდი, განსაკუთრებული რა უნდა შეიცვალოს, შვილიშვილის შეძენა გამიხარდება და რასაკვირველია, მეყვარება-მეთქი, მაგრამ ეს საოცარი გრძნობა აღმოჩნდა. უფროსი რომ იზრდება, სულ უფრო მეტად შემოდის კონტაქტში და სულ მეტიტინება, ამაზე უფრო და უფრო ვგიჟდები! ეს დიდი ბედნიერებაა. მე ასე მივმართავ: „ბება”, ის კი „ნუნას” მეძახის და მას შემდეგ „ნუნა” გავხდი (იღიმის).