პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება 2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გულშემატკივრების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა.
ნინო წილოსანის განცხადებით, „ქვეყანაში მოიძებნება მავნებლური მცირე ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს“.
„არავინ აპირებს დათვლას, 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა – თვალნათელია, რომ მაშინ, როცა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის წარმატებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ამ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა. ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ვამბობდით, რომ უზომოდ ბედნიერი ვართ. იმ ფონზე, როდესაც დიდი სახალხო ზეიმი გაიმართა და ყველა, პოლიტიკური შეხედულებებისგან განურჩევლად, ეროვნული ნაკრების მიღწევებს ვზეიმობდით, წარმოუდგენელია ის დაორგანიზებული მავნებლობა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფის განხორციელებული არ ყოფილიყო.
ფეხბურთელები ამაყები იყვნენ, რომ მათ ხალხი გააერთიანეს და ადამიანებმა მათი გამარჯვებების გამო პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადეს.
ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი, ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს.
ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს, წაგებულს და დამარცხებულს, რომლებსაც ზეიმის დროს მავნებლობის შანსი მიეცათ“, – თქვა ნინო წილოსანმა.