სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, სად, როდის რა აქციაა, სამ-ოთხ მაღაზიაში იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ ესა თუ ის პროდუქცია, ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ, რომ გაიტანონ თავი, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა.
როგორც წილოსანმა განმარტა, ბოლო წლების ნამძილზე, ხელფასების ზრდის პარალელურად, გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობას არაფრით დატყობია სახელმწიფოს პოლიტიკის მცდელობა, შემოსავლების ზრდის შედეგად, საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი.
„ბოლო სამი წლის მანძილზე, ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები. ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დატყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი და ფინანსური მდგრადობა ჰქონდეთ. ასეთი დეტალები, სამომავლოდ ჩვენც ჩამოვაყალიბებთ ალბათ რეკომენდაციებში, მაგრამ თქვენთვისაც [ადგილობრივი მწარმოებლებისთვის] გასათვალისწინებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა წილოსანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ადგილობრივი მწარმოებლების სურვილიც იყო ფასებთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, ქსელურმა მარკეტებმა ოდნავადაც არ გაითვალისწინეს მომხმარებლის ინტერესები.
„ფასსაც აკლებდით თუ ანახევრებდით და ქსელის სტატიკური მდგომარეობაა, რომ ოდნავადაც შეიძლება არ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი, რომ ამ პროდუქტის გადაყრას, ჯობია, გაცილებით შეღავათიან ფასად, ადამიანმა მიიღოს ის ნუტრიციული საჭიროება, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
