„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ჩანს ამ აქციებზე, ტროას ცხენივით შემოგვიყვანეს ახალგაზრდები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ნინო წილოსანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს, შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ რეალურად ამ ტროას ცხენში თავად ოპოზიციის ლიდერები არიან დამალულები:
„დღეს გვეუბნებიან, რომ აქციაზე დგანან ადამიანები, ვისაც უნდათ ევროპა. თუმცა იქ ერთმნიშვნელოვნად დგანან ადამიანები, ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ანუ, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, იქ დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციურ სპექტრს და სურთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა, ეს პროცესი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ოპოზიცია არის გამარჯვებული და რაღაც ფორმით, ოპოზიციას მოუტანონ გამარჯვება ლანგარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ აქციებზე არ ჩანს, ტროას ცხენივით შემოგვიყვანეს ახალგაზრდები. ამ ტროას ცხენში, რეალურად, თავად ოპოზიციის ის ოდიოზური ლიდერები არიან დამალულები, რომლებიც შემდეგ უკვე უცბად ასე გამოჩნდებიან, რომ, რეალურად, ეს არის ამ ახალგაზრდების უკან მდგომი ძალა”, – თქვა ნინო წილოსანმა „იმედის” ეთერში.