LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „სიტყვა „უცხო“ თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა – ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია“

175
ნინო წილოსანი და ქრისტინე კუპრავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის, ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოპოზიციისთვის სიტყვა „უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა.“

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია.

„ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა… თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები.

რომ კითხო, სიტყვა „უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა.

თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.

ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა „უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი… არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“. – წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტერმინი „უცხო“ სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი არ არის.

„ჩვენ ხშირად გავიგონებთ: – რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა… როცა ვამბობთ: – უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან – უარყოფითისკენ“. – განაცხადა ქრისტინე კუპრავამ, რის გამოც ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა.

magti 5g