LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს

175
Untitled design

სახალხო დამცველის რწმუნებულებს, დღეს, განმეორებითი ვიზიტის დროს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს და ცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არღვევს:

❗ სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ აღნიშნული საგანგაშო მდგომარეობის გათვალისწინებით, ომბუდსმენი მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ასევე სახალხო დამცველის აპარატის მიე, წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან:

“სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.” – აცხადებენ აპარატში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა:

“აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა – დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

სახალხო დამცველის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე.” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის, მიმართა სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუმცა მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად:

“სააგენტომ მხოლოდ 17 მაისს მოუწოდა პანსიონის ხელმძღვანელს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიეცა მისი საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებად ვერ ჩაითვლება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან პანსიონი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობები ორჯერ შეაფასა. დაწესებულებამ ვერც ერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ორივე შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მხრიდან სალიცენზიო წესების დარღვევა. დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას.” – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ:

➤  სახალხო დამცველი კომუნიკაციის დროს შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობას და დაგვიანებას;

➤  სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას:

◼  დაუყოვნებლივ მოახდინოს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულება და უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება;

◼  შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პანსიონში არსებულ განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი.

ფოტო: რადიო თავისუფლება

magti 5g