“ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა მნიშვნელოვანი იქნება.” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბავშვთა პანსიონატში ინფორმაციის დახურვა და ჩაკეტვა ყოველმხრივ საზიანოა.
ნინოწმინდის ბავშვებისთვის – პირველ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად არიან, მისივე თქმით, პანსიონატის ჩაკეტვა ყოველმხრივ საზიანოა, პირველ რიგში კი თავად ბავშვთა სახლისთვის:
“მინდა ყველას ვთხოვო, ნურავინ ეცდება, რომ რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრ ფერში. ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება მნიშვნელოვანი. ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მხრიდან ყველას მიმართ თხოვნაა, რომ ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის, შესაბამისად, ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა აღმოიფხვრას და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს.”- თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს
პირველ ივნისს 18 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა.
ორგანიზატორები ითხოვენ:
◼ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა,
◼ დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გონივრულ ვადებში გადაყვანა.