ნინუცა ორჯონიკიძე მუშაობს „რუსთავი 2“-ში, ტელევიზიის გარეთ კი საკუთარ სამოგზაურო ვლოგს აკეთებს „იუთუბისთვის“, ჰყავს ვაჟი, რომელსაც ფიქრობს, რომ სამსახურის გამო ყურადღებას აკლებს.
ნინუცა ორჯონიკიძე:
ძალიან მოწადინებული ბავშვი ვიყავი, სწავლაც მიყვარდა, ხან გამომდიოდა, ხან არა, მაგრამ პატარაობიდან ვგიჟდებოდი აქტიურ ქალებზე. ფეხბურთის თამაში მინდოდა, მაგრამ ვერ დავრბოდი, არ ვიყავი აქტიური და თავდაჯერებული, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც არ იყო ჩემი ძლიერი მხარე. ყველაზე სახალისო ამბავი ისაა, რომ პირველი სამუშაო დღე მქონდა 31 წლის ასაკში, ტელეწამყვანად, ოთხი კვირის პრაქტიკების შემდეგ. მშობლები სულ ზრუნავდნენ ჩემზე და ფიქრობდნენ, რომ არ გამომივიდოდა მუშაობა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მომიწია პასუხისმგებლობების აღებამ. მივხვდი, რომ მზად 50 წლის ასაკშიც შეიძლება არ იყო, თუ საკუთარ თავს არ დააძალებ. ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, მახსოვს, ჩემი და ისტერიკაში იყო, სად მიდიხარ, ხომ იცი, როგორი სფეროაო. არ ვარ „გათქვეფილი“ ტიპი, არ მყავს ასი მეგობარი, ჩემი მეგობრების გარემოცვაში ვიყავი სულ.

ოჯახის წევრებმა ამის შემდეგ უფრო ხომ არ დაგაფასეს?
არა, მგონი, ყველას დავაკელი ყურადღება. ძალიან დიდი და ტრადიციული ოჯახი მყავს. თავისთავად, ყველაზე მეტი ყურადღება დავაკელი ჩემს შვილს, ახლა გარდატეხის ასაკშია, ბიჭია, 13 წლისაა. ძალიან ახლოს ვართ… ისეთ რჩევებს ვაძლევ და ისე ვუდგავარ გვერდში, მივხვდი, რომ სწორი იყო, როცა მუშაობა გადავწყვიტე. მას ჰყავს დედა, ვისაც ბევრი რამ ესმის და ბევრი რამის ახსნა შეუძლია. ტელევიზიაში ვნახე, როგორია ხალხი, როგორ იქცევა ადამიანი, რას უნდა ელოდო მისგან, როგორ უნდა რეაგირებდე მოტყუებაზე, ტკენაზე, რა დამოკიდებულებები უნდა გქონდეს. მიხარია და მიმაჩნია, რომ შემიძლია, ჩემს შვილს რჩევები მივცე. 6 წელი ამ სფეროში ცოტა არ არის… მაგარი და ძლიერი დედა, მგონია, რომ კარგი მეგობარი და მრჩეველია. ყველა, ვინც იწყებს აქტიურად მუშაობას, უნდა გაითვალისწინოს, რომ დრო ნაკლები დარჩება ახლობლებისთვის. მეგობრები სულ ჩივიან, რომ თვალით ვერ მნახულობენ.
რატომ დაიმატე სამოგზაურო ბლოგი?
თითქოს არ მყოფნიდა ხომ, საქმე?! (იღიმის). ტელევიზიიდან გაგვიშვეს თუშეთში გადასაღებად, მთის დღეებზე. მასალა რომ ჩამოვიტანეთ, სამონტაჟოდან ისეთი როხროხი გამოდიოდა… ყველა იგუდებოდა სიცილით, იმდენად კარგი მასალა ჩამოვიტანეთ. ივნისი იყო, აგვისტოში კი უკვე ჩავწერეთ „ნინუცას არხის“ პირველი გადაცემა „იუთუბისთვის“.

მოგზაურობა შენთვის უცხო არ არის…
გააჩნია, სად… კადრები და ვლოგია კარგი, თორემ სინამდვილეში ვერაფრის აღქმას, ნახვას და ჭამას ვერ ვასწრებთ (იღიმის). მაქსიმუმ ორი დღეა გადასაღებად, ზამთარში ძალიან ადრე ვდგებით, რომ მოვასწროთ. 50-წუთიანი ვლოგის გაკეთებას მინიმუმ რვა ლოკაცია სჭირდება, დიდი დრო მიაქვს გადაღებას, ვერ ვიტყოდი, რომ იქ ვარ ნამყოფი, რაზეც ვლოგები გადამიღია. პირველი ჩემთვის თუშეთია, ცუდად ვხდები, ისეთი სილამაზეა, ასევე მიყვარს გურია, სადაც ბავშვობა გავატარე, დედის მხარეა. სოფელ გომში ფეხშიშველა რომ დავრბოდი და თხას რომ დავდევდი, ეს დრო მენატრება ყველაზე მეტად. ამდენი წელი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და სანანებელი მაქვს, რომ ბევრი ადგილი არ მინახავს. ქვეყნის გარეთ მაქვს ნანახი ბევრი რამ, მაგრამ ესეც გასაკეთებელია. ერთი საინტერესო ადგილის მონახულება სულ სხვა განწყობით დაგაბრუნებს ქალაქში.
საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენს მკითხველს სად ურჩევდი მოგზაურობას?
გაპრანჭულ ქვეყნებში ვარ ნამყოფი და იტალიას დავასახელებდი პირველს, ყველა სოფელი კარგია, ხალხი კარგია, მუსიკა, საჭმელი, ხელოვნება და კულტურა. ვყოფილვარ ბალისა და ტაილანდში, ეგზოტიკურ ადგილებში. თუ ნატვრებზე ვსაუბრობთ, იაპონია არის ჩემთვის ჯადოსნური ადგილი, ასევე ისლანდია, ამ ორი ქვეყნის მონახულება მსურს…

ბევრ რამეს აკეთებ ახლა, რა იქნება შემდეგი „გაჩერება“?
ერთადერთი, უნივერსიტეტიდან რაც დამრჩა, არის ის, რომ არსებობს სამწლიანი, ხუთწლიანი გეგმები, რომ იცოდე, რას აკეთებ. წარმოდგენილი მაქვს ბევრი რამ, მაგრამ ჩემთვის შევინახავ. განვითარება მინდა. ყოველთვის ვიტრიალებ საქართველოს თემის ირგვლივ
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი