LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნავს თუ არა სისხლში შაქრის მატება დიაბეტს – ენდოკრინოლოგი სალომე ჟვანია ჭარბწონიანობასა და გამოსავალზე

156
სალომე-ჟვანია

რა არის წონაში სწრაფი მატების უხშირესი მიზეზი, რა არის ის კვლევები, რომლებიც ასეთი სწრაფად განვითარებული ჭარბი წონისას უნდა გავიკეთოთ, რა გზას გადის ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი, როდის უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი, საგანგაშოა თუ არა FT4-ის და  TSH-ის მცირე ცვლილებაც  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა, ენდოკრინოლოგმა – სალომე ჟვანიამ ისაუბრა.

სალომე, რა არის წონაში სწრაფი მატების უხშირესი მიზეზი?

როდესაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს ნორმალური წონა და უცებ შეამჩნევს, რომ დაიწყო წონაში მატება, ეს პირველ რიგში სხვადასხვა მეტაბოლურ თუ ჰორმონალურ დარღვევებთან არის დაკავშირებული. აუცილებლად უნდა მოხდეს დიფერენცირება იმის, თუ რას ნიშნავს მეტაბოლური დარღვევა და რას ჰორმონალური, რადგან მათ რაღაცნაირად ერთად მოიხსენიებენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტს უთქვამს, იცით, მე ჰორმონები, ანალიზები ნორმაში მაქვს, მაგრამ წონაში მაინც ვიმატებ. ეს კი უკვე არასწორი ფორმულირებაა, რადგანაც თუ გვაქვს პათოლოგიური წონაში მატება, ესე იგი, ჩვენ უკვე გვაქვს რაღაც ტიპის დარღვევასთან საქმე. ჭარბი წონა სიმპტომი გახლავთ. ყველაზე ხშირად, რასაც კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში ვაწყდებით, ჭარბი წონის მიზეზი პირველ რიგში ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და შესაბამისად, ამ დროს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის, თიროქსინის პროდუქციის შეწყვეტა ხდება.  ეს ჰორმონი კი, შეიძლება ითქვას, რომ 100 %-ში თუ არა, 99%-ში იღებს მონაწილეობას იმაში, რომ ჩვენმა ორგანიზმმა, როგორც ერთიანმა მექანიზმმა იმოქმედოს, ანუ ის ყველა ორგანოთა სისტემაში თავის წვლილს დებს და შესაბამისად, მისი დეფიციტიც ყველა ორგანოთა სისტემაზე აისახება და სიმპტომატიკაც ყველა კუთხით შეიძლება მივიღოთ. ამ ჰორმონის დეფიციტი პირველ რიგში მეტაბოლურ დარღვევებზე აისახება, ანუ პაციენტი იწყებს წონაში მატებას.

ზოგჯერ, პაციენტი მოდის და ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, დიეტაზეა, ვარჯიშობს, მაგრამ მაინც სუქდება ან თუ პროგრესულად არ იმატებს წონაში, მაშინ რაღაც კონდიციას აქვს მიღწეული და ვერ იკლებს, მიუხედავად ძალიან დიდი და ჯანსაღი მცდელობებისა. შეიძლება პაციენტი ჯანსაღ კვებაზე იყოს, მაგრამ თუ პაციენტის ჭარბი წონა ამ უმნიშვნელოვანესი ჰორმონის დეფიციტით არის გამოწვეული, თუ ორგანიზმში ამ ჰორმონის დეფიციტის შევსება არ მოხდება, კლება არ მოხდება.

მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ჭარბწონიანი პაციენტების, მათ შორის, ჰიპოთირეოზიანი პაციენტების, რადგან ეს ერთმანეთზე მიბმული პრობლემებია, ინსულინრეზისტენტობა, ანუ ადამიანის ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევაა. მარტივად რომ ავხსნათ, აღქმა და უნარი, თუ როგორ უნდა მოიხმაროს ორგანიზმმა ინსულინი, საჭმლის მომნელებელ უჯრედებში და ნახშირწყლოვან ცვლაში დაქვეითებულია და რადგან ვერ აღიქმება ინსულინი, ორგანიზმში მისი ჭარბი დაგროვება ხდება. ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ, რაც ისეთი სერიოზული დაავადებების საწინდარი და რისკ ფაქტორია, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, ქალბატონებში საკვერცხეების პოლიკისტური დაავადება, რაც ძალიან ხშირია, თითქმის ყველა ჭარბწონიანი ქალბატონი ამ პრობლემის წინაშე დგას. თავის მხრივ, პოლიკისტურ დაავადებას თავისი პრობლემები მოჰყვება, მათ შორის, რაც ყველაზე მტკივნეულია, პირველადი, მეორადი უშვილობა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ცუდის თავი და თავი ჭარბი წონაა და ის აუცილებლად საყურადღებოა. თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ წონაში ვიმატებთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმის დადგენა, თუ რატომ ხდება ჩვენს ორგანიზმში ის ცვლილება, რომელიც ასეთ სერიოზულ სიმპტომს გვაძლევს.

რა არის ის კვლევები, რომლებიც ასეთი სწრაფად განვითარებული ჭარბი წონისას უნდა გავიკეთოთ?

ჩვენ ახლა ყველაზე ხშირ მიზეზებზე ვისაუბრეთ, თორემ ენდოკრინოლოგიაში არის ისეთი ჰორმონალური დარღვევები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლის და სხვადასხვა პათოლოგიები გვაძლევს ამ პრობლემას, მაგრამ იქ იმდენად სწრაფი კლინიკაა სხვა კუთხით, რომ პაციენტი პირდაპირ მიდის ექიმთან და იქ, შეიძლება ითქვას, რომ ჭარბი წონა მეორე ეტაპზეა.

რაც შეეხება კვლევებს, მაგალითად, თუ მოვიდა პაციენტი, რომელსაც აქვს ჭარბი წონის ან წონაში კლების პრობლემა, პირველ რიგში აუცილებელია პაციენტის ვიზუალური და ობიექტური გასინჯვა, რადგან მნიშვნელოვანია, რა ადგილებში უფრო მეტად აქვს პაციენტს გაცხიმოვნება, თუ როგორი ტიპის გაცხიმოვნებაა. როგორც ვთქვით, ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი ბევრია და რომ არ ჩამოვყვეთ და ბევრი არასაჭირო კვლევა რომ არ დავუნიშნოთ პაციენტს, ამისთვის ობიექტურ გასინჯვას და ცხიმოვანი ქსოვილის შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზი, თუ რას გვესაუბრება პაციენტი, თუ რა გამოვლინებები აქვს ჭარბ წონასთან ერთად. ძირითად ანალიზებზე რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფასდება, აუცილებლად ექოსკოპიურადაც და ჰორმონალური კვლევითაც. თავისთავად ტარდება HOMA ინდექსის ანალიზი, ანუ ვაფასებთ ინსულინრეზისტენტობას. დანარჩენი, მეორე რიგის ანალიზები უკვე ჩივილებიდან და სხვადასხვა კონკრეტიკიდან გამომდინარე ინიშნება. მაგალითად, თუ გვაქვს ციკლთან დაკავშირებული პრობლემები, იქ უკვე საკვერცხეებით ვინტერესდებით. მეტაბოლური კვლევა, ის, რომ ნახშირწყლოვანი ცვლა, ცხიმოვანი ცვლა და ფარისებრი ჯირკვალი შეფასდეს, შეიძლება ითქვას, რომ გარდაუვალია, რა კუთხითაც არ უნდა გაიშალოს პაციენტის დიაგნოზი.

რა გზას გადის ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი, როდის უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი და თუ არსებობს რაიმე ტიპის მიმანიშნებელი სიმპტომი, რომელიც დიაბეტის დიაგნოზის ჩამოყალიბებამდე მოგვცემს ნიშანს და გვიშველის?

რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, როდესაც უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული დიაბეტი ტიპი ორი, პირველი გამოვლინება, მაშინ როცა სისხლში გლუკოზის შემცველობა მაღალია, არის ის, რომ პაციენტი პათოლოგიურად იკლებს წონაში. ანუ პირველი სიმპტომი, რითაც დიაბეტზე შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ, წონაში კლებაა. როდესაც მოდის პაციენტი და დგინდება დიაბეტი ტიპი ორი და მას აქვს ჭარბი წონა, ჩვენ ექიმები ამას თეორიულად ვუდგებით ისე, რომ დიაბეტის პრობლემა პაციენტს უკვე დაახლოებით 5 წელი მაინც აქვს და უბრალოდ ახლა მოვიდა, რადგან ახლად გამოვლენილი, ახლად დაწყებული დიაბეტის დროს პირველი სიმპტომი წონაში კლებაა. ჭარბწონიან პაციენტებში ეს უკვე დიდი ხნის პროცესია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნახშირწყლოვანი ცვლა ვიკონტროლოთ. თუ ერთი ჭარბწონიანი ოჯახის წევრი მაინც გვყავს, თუ ვაკმაყოფილებთ რისკ ჯგუფს, უნდა ჩავიტაროთ ანალიზი, უნდა განვსაზღვროთ HOMA ინდექსი. თუ ნახშირწყლოვან ცვლაში რაღაც ტიპის დარღვევა ვლინდება და თუ გვაქვს ის დარღვევა, რომ ვართ ინსულინრეზისტენტულები, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ძახილის ნიშანია და აუცილებლად უნდა მივხედოთ მას, უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

არასწორი ცხოვრების რეჟიმი, მჯდომარე სამსახური, არასწორი კვება, მწეველობა, დიდი ნაყოფის მშობიარობა, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის დარღვევა, დიაბეტის განვითარების რისკია.

პაციენტთან, რომელიც არარეგულარულად და არაკომპლექსურად მკურნალობს ჰიპოთირეოზს, უმეტესად, თითქმის 100 %-ში, არის ინსულინრეზისტენტობა. ვისაც აქვს ჰიპოთირეოზი მან პერიოდულად აუცილებლად უნდა იმოწმოს ინსულინრეზისტენტობა. ძალიან ბევრი ფაქტორი გვკარნახობს იმას, თუ როდის უნდა შევიმოწმოთ ნახშირწყლოვანი ცვლა.

მცირედით მომატებული გლუკოზის მაჩვენებელი, უზმოდ ან დატვირთვის შემდეგ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტი აქვს?

პირველ რიგში, გააჩნია, რა ანალიზის მონაცემს მაძლევს პაციენტი, სახლში აპარატით გაზომილს თუ ლაბორატორიულს. უკვე დიაბეტიან ადამიანთან კაპილარულ სისხლში გაზომილი მონაცემით შეიძლება რაღაც ორიენტაცია ავიღოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად არცერთი ენდოკრინოლოგი სისხლში კაპილარულად გაზომილ მონაცემს არ ეყრდნობა. როდესაც დიაგნოსტიკაზეა საუბარი, იქ აუცილებლად ლაბორატორიული, ვენური სისხლიდან გაკეთებული ანალიზებია საჭირო და არც მხოლოდ გლუკოზა უზმოდ არ არის საკმარისი, აქ ძალიან ბევრი ანალიზია გასათვალისწინებელი.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი არც ისე მარტივი დასასმელია, რადგან ძალიან ბევრ ეტაპს გადის გლუკოზის მონაცემი მანამ, სანამ იმ დონეს მიაღწევს, როცა ჩვენ, ენდოკრინოლოგები ვამბობთ, რომ იქ შაქრიანი დიაბეტია. როგორც გითხარით, მარტო გლუკოზით არ წყდება დიაგნოზი, ნახშირწყლოვან ცვლაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მონაცემია, C პეპტიდი, ინსულინი, ბეტა უჯრედების ფუნქცია და ეს ყველაფერი ერთად, კომპლექსურად უნდა განიხილოს ენდოკრინოლოგმა, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დასვას. მომატებული გლუკოზა, რა თქმა უნდა, დიაბეტს არ ნიშნავს. გლუკოზა პაციენტებმა აუცილებლად უზმოდ და კვებიდან ორ საათში უნდა გაიზომონ. სხვა დროს გაზომილი გლუკოზა ინფორმატიული არ არის და ვერ დავეყრდნობით. თუ მომატებული გლუკოზის ციფრები დაფიქსირდება, ეს უკვე საკმარისი საბაბია ენდოკრინოლოგთან მისასვლელად და თუნდაც ერთჯერადად, ღრმა ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად. თუ მომატებულ გლუკოზას თან ერთვის ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორები, ეს უკვე საკმაოდ დიდი საბაბია ღრმა კვლევების ჩასატარებლად.

პაციენტები ხშირად კითხულობენ, ,,ინსულინრეზისტენტობა მაქვს და ანუ დიაბეტი მაქვს?” ან კითხულობენ, რამდენ წელში დაემართებათ დიაბეტი. ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად დიაბეტი აქვს, ეს უბრალოდ არის გაზრდილი რისკი, ანუ რისკჯგუფია. მაგალითისთვის, როგორც თამბაქოს მოხმარება ზრდის დიაბეტის რისკს, ისე ზრდის ინსულინრეზისტენტობაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად დაემართება შაქრიანი დიაბეტი, მით უმეტეს, თუ ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. პაციენტის ძალისხმევით და სწორი მიდგომით პრედიაბეტიც განკურნებადია. უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტის დიაგნოზს, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც ვერაფერი მოვუხერხეთ, ამიტომ პაციენტებმა აუცილებლად მცირედ ცვლილებასაც კი უნდა მიაქციონ ყურადღება და სამ თვეში ერთხელ მაინც იკონტროლონ ინსულინრეზისტენტობა.

ჭარბი წონის მკურნალობისას როდის ხდება საჭირო მედიკამენტის ჩართვა?

ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ ნებისმიერი წონაში მატება ორგანიზმში რაღაც ტიპის დარღვევაა. ანალიზებში რა ტიპის დარღვევაც არ უნდა მოვიდეს, იქნება ეს ლიპიდურ ცვლაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, თუ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით, რაღაც სახით აუცილებლად იწყება მედიკამენტური მკურნალობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც 6-7 სახეობის მედიკამენტი უნდა დაენიშნოს პაციენტს. რაღაც სახით, რაღაც დოზირებით, რომელიღაც მედიკამენტი, რა თქმა უნდა, დიაგნოზის მიხედვით, პაციენტს ენიშნება. ზოგადად, გასახდომი მედიკამენტი ცუდი ფორმულირებაა. როგორც ასეთი, გასახდომი მედიკამენტი, რომელსაც პაციენტი დალევს და წონაში დაიკლებს, არ არსებობს. მედიკამენტი წონის კლებაში გვეხმარება, რადგან მიზანმიმართულად, ანალიზის მიხედვით არის დანიშნული, იმ დარღვევის მიხედვით, რაც პაციენტს აქვს. შესაბამისად, მედიკამენტური მკურნალობისას, აუცილებლად დიაგნოსტირებული უნდა იყოს სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი. ასე არ ხდება, რომ ჩვენ ავდგეთ და ყველა მსუქან და ჭარბწონიან ადამიანს რაღაც მედიკამენტი დავუნიშნოთ ანალიზის გარეშე. მაგალითად, მე მყავს პაციენტი, რომელიც 100 კგ-ზე მეტს იწონის, მაგრამ მისი ცხიმოვანი ცვლა რომ შევაფასეთ, აბსოლუტურ ნორმაშია, ანუ რეალურად, მას სისხლში მაღალი ქოლესტერინი არ აღენიშნება და ასეთ პაციენტთან, რა თქმა უნდა, არ არის იმის საჭიროება, რომ ჩვენ ლიპიდური სპექტრის მომაწესრიგებელი მედიკამენტები დავნიშნოთ. პაციენტებს სურთ, რომ სადღაც წაკითხულით, გაწერილი კვების რეჟიმით, გარეკლამებული მედიკამენტით იმკურნალონ, მაგრამ ის  გარეკლამებული მედიკამენტიც ჩვენების მიხედვით უნდა დაინიშნოს. ნებისმიერ მედიკამენტს თავისი ჩვენება და საჭიროება აქვს. ანალიზის მიხედვით უნდა შეირჩეს დოზირებაც.

რაც შეეხება კვების რეჟიმს, არიან პაციენტები, რომელთაც მართლა საათებით გაწერილი დიეტა უნდათ, რადგან ამის გაკეთება უფრო უადვილდებათ, ზოგს კი უნდა, რომ ექიმმა უბრალოდ სწორი კვების პრინციპები აუხსნას, რომ შემდეგ თვითონ გადაწყვიტოს და მოირგოს კვების რეჟიმი.

კვების შედგენისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის დღის რეჟიმი. ერთი და იგივე კვების რეჟიმი, რაც არ უნდა ჯანსაღი და კარგად გაწერილი იყოს, ყველა პაციენტს ვერ მოერგება. კვების რეჟიმი თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად ინიშნება.

მაშინ, როცა პაციენტების გარკვეულ ნაწილს ძალიან კარგი შედეგი აქვთ ინდივიდუალურად შერჩეული მედიკამენტების და კვების რეჟიმის ფონზე, არიან ისეთი პაციენტებიც, რომელთაც შედეგი არ აქვთ. ასეთ დროს რასთან გვაქვს საქმე?

დავიწყოთ იმით, რომ ვერ იქნება ორი ერთნაირი იდენტური დიაგნოზი, ანალიზი, იდენტური მკურნალობა, მედიკამენტის დოზა და ა.შ. მაგალითისთვის, ავიღოთ ორი ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტი, რომელთაგანაც ერთი 120 კგ-ს იწონის, მეორე – 80 კგ-ს და მასის ინდექსი ორივეს ჭარბი აქვს. ეს ორი პაციენტი ერთნაირი კვების რეჟიმით ვერ დაიკლებს, რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ინსულინ რეზისტენტობაც და სიმსუქნეც ვიღაცას სამზე მეტი აქვს, ვიღაცას ხუთზე. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა რაოდენობით არის ინსულინი დაგროვილი. ერთი წონის, ასაკის, ანალიზის მქონეც რომ იყვნენ პაციენტები, ყველა ორგანიზმს თავისი თავისებურება აქვს. ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რადგან ვიღაცას ჩქარი მეტაბოლიზმი აქვს, ვიღაცას ნელი, ვიღაცას ისეთი კვებითი ქცევა აქვს, რაც ხელს უშლის წონის კლებას ან პირიქით, ხელს უწყობს, ამიტომ ორი აბსოლუტურად იდენტური შემთხვევა არ არსებობს.

ჭარბი წონა არ არის რაღაც დაავადება, ვთქვათ, გრიპი, რომ განვკურნოთ და მორჩეს, ეს არის ორგანიზმის წინასწარ განწყობა, ერთხელ თუ დასჭირდა პაციენტს ამ მხრივ მკურნალობა ის მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს. სიმსუქნის მკურნალობა არ ნიშნავს მედიკამენტი დავალევინოთ პაციენტს, ინსულინრეზისტენტობა ან ქოლესტერინი დავწიოთ, TSH გავასწოროთ, ამას მედიკამენტურად აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ მთელი ცხოვრება?! ინსულინრეზისტენტული პაციენტი რომ ავიღოთ, მუდმივად ინსულინრეზისტენტობის საწინააღმდეგო მკურნალობას ვერ ჩაიტარებს. ისე უნდა გადავაწყოთ პაციენტი, რომ მეტაბოლიზმი სწორად ფუნქციონირებას მივაჩვიოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ პაციენტის კვებითი ქცევა, რომელმაც ის ამ მდგომარეობამდე მოიყვანა და პრობლემები განავითარა. თუ პაციენტს კვებით ქცევას შევაცვლევინებთ, ამ პრობლემის წინაშე დადგომა აღარ მოუწევს.

FT4-ის და  TSH-ის მცირე ცვლილებაც საგანგაშოა და აუცილებელია თუ არა მედიკამენტური მკურნალობა, TSH-ს მცირე ცვლილებაც შეიძლება გახდეს წონის მატების მიზეზი?

მსოფლიოში ჯერ კიდევ მიდის იმაზე დისკუსია, რა მაჩვენებელზე მივცეთ პაციენტს ჰორმონი. ევროპა თავის მონაცემებს გვაწვდის, ამერიკა თავისას. მე პირადად ჩემი კლინიკური გამოცდილებიდან ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, არსებობს მონაცემი და სიტუაცია, როცა ზედა ზღვარზე შეიძლება იყოს ჰორმონი ან ზედა ზღვარსაც კი იყოს აცდენილი, მაგრამ მე შევიკავო თავი. შემიძლია ძალიან ბევრი ისეთი დეტალი ჩამოვთვალო, რომელიც იმ გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება, თუ როდის დავიწყო ჰორმონოთერაპია და როდის-არა. უმეტეს შემთხვევაში, დაახლოებით 95%-ში, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დადებითი და აუცილებლად ვიწყებთ ჰორმონოთერაპიას, თუმცა ინდივიდუალურია. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი, რომელიც არის ასაკოვანი და პაციენტს 5 და რაღაც აქვს TSH, როცა 4-ია ნორმა, მაგრამ კლინიკური გამოვლინება საერთოდ არ აქვს და არ აწუხებს ეს ჰიპოთირეოზი, ჰორმონოთერაპის არ ვნიშნავთ. რაღაც ასაკში, 60-65 წელს ზევით, ჩვენ ასეთ შემთხვევაში, როცა პაციენტს კლინიკურად არ აქვს რაღაც გამოვლინება, ჰორმონოთერაპიას არ ვიწყებთ ხოლმე. როდესაც ახალგაზრდა ქალბატონი მოდის, რომელსაც გეგმაში აქვს ორსულობა და რომელსაც ზედა ზღვარი აღენიშნება და ფიქსირდება ავტო-იმუნური დაავადება, რა თქმა უნდა იწყება ჰორმონოთერაპია.

მინდა პაციენტებს ვუთხრა, რომ არ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილები, რახან ჰორმონი ენიშნებათ. ჰორმონი ჰგონიათ რომ ცუდია, მაგრამ სწორად დანიშნულ ჰორმონზე, მით უმეტეს, თიროქსინზე თუ ვსაუბრობთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ჰორმონი თუ დააკლდა ორგანიზმს და  დეფიციტი წავიდა, ყველა ორგანოთა სისტემის პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს, დაწყებული დერმატოლოგიური პრობლემებით, დამთავრებული ნევროლოგიით, რეპროდუქტოლოგიით და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან დიდია. როცა მეკითხებიან, რას იწვევს ჰიპოთირეოზი, ვპასუხობ – ყველაფერს. მან შეიძლება ყველანაირი ჩივილი მოგვცეს.

შესაბამისად, ნებისმიერი სიმპტომის დროს ყოველთვის მიზანშეწონილია გაკეთდეს კვლევა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ან დადასტურდეს ან გამოირიცხოს. ერთი TSH-ის ანალიზი ამაზე ყველაფერს გვეუბნება და გვაძლევს ნიშანს.

ბევრი ადამიანი, საკუთარი გამოცდილებით, წონის კლებისთვის შაქრის და პურის სრულად ამოღებას გვირჩევს, სწორია თუ არა ეს?

ყველა ენდოკრინოლოგს თავისი მიდგომა და მკურნალობის მეთოდი აქვს. მე პირადად, თუ პაციენტი გარკვეული მიზეზის გამო რაღაც პერიოდი ცილოვან დიეტაზე მყავს, შეიძლება რაღაც პერიოდით ამოვაღებინო თეთრი შაქარი, მაგრამ თუ ჩვენ სწორ კვებაზე ვსაუბრობთ, ზომიერი, დღიური მოთხოვნილება ადამიანმა უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, დიაგნოზიდან გამომდინარე წესდება შეზღუდვა შაქარზეც, პურზეც და ა.შ. , მაგრამ ისეთი დიაბეტიანი პაციენტებიც მყავს, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ, დღეში მცირე რაოდენობა თუ არ მიიღეს და ჩვენ მათ ნებას ვრთავთ და ვასწავლით, რამდენი უნდა მოიხმარონ. ყველაფერი ზომიერებაზეა. მე ჩემს პაციენტებს კატეგორიულად არ ვუკრძალავ მათ მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები