როგორ და რა კუთხით ჩაერთო სადაზღვევო სექტორი COVID-19-ის მართვაში და რა გამოწვევების წინაშე დააყენა ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები გლობალურმა პანდემიამ – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ კალანდარიშვილმა ისაუბრა.
– რა სირთულეები წარმოქმნა კორონავირუსის არსებობამ სადაზღვევო ბიზნესის საქმიანობაში?
რა თქმა უნდა, კორონავირუსის არსებობამ, როგორც სადაზღვევო, ისე სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის საქმიანობაზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით განსხვავებულ რეალობაში და გვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება. პანდემიის გავრცელების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: შეფერხდა ბევრი ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირის საქმიანობის პროცესი და შესაბამისად, დაიკლო მოსახლეობის შემოსავლიანობის და გადახდისუნარიანობის დონემ. ამ ფაქტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე ვალუტის კურსის ცვლილებაც. ბაზარზე მოთხოვნა, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შემცირებულია. გადასული ვართ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და დარწმუნებულები ვართ, ერთად აუცილებლად გადავლახავთ ამ მძიმე პერიოდს და ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
-რამდენად სწრაფად მოერგეთ ახალ რეალობას და როგორ აგრძელებთ ოპერირებას?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ დაარსდა 2020 წლის 20 თებერვალს. ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად დაიწყო გავრცელება. კომპანიის დაარსების დღიდანვე, ჩვენ მოგვიწია შევგუებოდით ამ ახალ რეალობას და არ შეგვექმნა მომსახურეობის თვალსაზრისით, ჩვენი დაზღვეულებისთვის რაიმე სახის ბერკეტი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით. ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული დიჯითალ მიმართულება. ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურების მიღება, მომხმარებელს ჩვენგან შეუძლია დისტანციურ რეჟიმში. შევქმენით ონლაინ პლატფორმები, დაზღვეულების პირადი კაბინეტები, რისი დახმარებითაც შესაძლებელია, როგორც ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის ონლაინ შეძენა, ისე დაზღვევის პერიოდში საჭირო, ნებისმიერი მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიღება. შევქმენით პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად მოვარგეთ დღევანდელ რეალობას, მოსახლეობის გადახდისუნარიანობას, არსებულ დაზღვეულებზე გავაკეთეთ გარკვეული შეღავათები სადაზღვევო პრემიის გადახდის კუთხით. ამ მძიმე პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის ბიზნესის წარმომადგენელმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეუსაბამოს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს და საჭიროებებს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევამ“ ეს შეძლო თავისი მაღალკვალიფიციური და ერთგული თანამშრომლების დახმარებით.
–რითი განსხვავდება თქვენი კომპანია ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან და რა სადაზღვევო პაკეტებს სთავაზობთ მომხმარებელს?
„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ სულ 10 თვეა, რაც ქართულ ბაზარზეა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე შევძელით საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თავის გაცნობა. მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ ასორტიმენტს, როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. ჩემგან არ იქნება სწორი, ვისაუბრო კონკურენტების ნაკლოვანებებზე და ჩვენს უპირატესობებზე მათთან შედარებით, უბრალოდ, ვიტყვი, რომ „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ არის კომპანია, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია თავის დაზღვეულებზე: ცდილობს, შეუქმნას მათ მაქსიმალური კომფორტი მომსახურების თვალსაზრისით. გვაქვს პროდუქტები, რომლებიც აბსოლუტურად მორგებულია მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე. ამ ყველაფრის საშუალებით, ჩვენ შევძელით ის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში გვყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის და რაც მთავარია, კმაყოფილი დაზღვეულები. ასეთი მაჩვენებელი, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ მოკლე პერიოდში, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არც ერთ კომპანიას ჰქონია. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ის ფაქტი, რომ „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უკვე ენდობიან.
-სად ხართ ამ ეტაპზე წარმოდგენილი და როგორია სამომავლო გეგმები?
ოფისები მდებარეობს თბილისში, ზესტაფონსა და ბათუმში, თუმცა წარმომადგენლობები გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს მომხმარებლებს არ ვზღუდავთ ამ კუთხით და მათ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, ჩვენი სადაზღვევო მომსახურების მიღება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი ბევრია. შემდეგი წელი იქნება განსაკუთრებით დიდი გამოწვევებით სავსე ჩვენთვის, ვქმნით ახალ, ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებს, კიდევ უფრო განვავითარებთ ციფრულ მიმართულებას და ვფიქრობთ, რომ ბაზარზე არსებულ ძირითად მოთამაშეებს ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ.
-„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აქტიურად ჩაერთო COVID-19-ის მართვის პროცესში – რას გულისხმობს და მოიცავს ეს ჩართულობა?
მთავრობასთან შეთანხმებით, როგორც სხვა სადაზღვევო კომპანიები, ისე ჩვენც, რა თქმა უნდა, დაკონტრაქტებული კლინიკებისა და ექიმების მეშვეობით, ჩავერთეთ covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის პროცესში, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმების, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების, მორიგე ოპერატორებისა და სხვა საშუალებებით, 24 საათიან რეჟიმში, 112-დან შესაბამისი საქმეების მიღებას და მართვას. ოჯახის ექიმები ახორციელებენ ასეთი პაციენტების მუდმივ მონიტორინგს სატელეფონო, ან ვიდეო კონსულტაციების საშუალებით. მსუბუქი პაციენტების მართვა და მათი მეთვალყურეობა სრულდება ბინაზე, ხოლო თუ გართულებული შემთხვევები გვაქვს, 112-ის მეშვეობით, მათი გადაყვანა ხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც კოვიდ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტების გაგზავნა და სწრაფი, ან პისიარ ტესტის ჩატარება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება, მათ შორის: კომპიუტერული ტომოგრაფიის. ამ ყველაფრის დაფინანსება სრულად ხორციელდება სახელმწიფოს მიერ.
საზოგადოების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ჩვენც მაქსიმალურად, ყველა რესურსით ვცდილობთ, რომ მათ შევამსუბუქოთ ეს მძიმე პერიოდი.