საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი რეკომენდაცია გათვალისწინებულია,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმთავრესი მაკროეკონომიკური რეკომენდაცია, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას ეხებოდა, შესრულებულია.
”საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას უკვე დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც სწორედ ეს რეკომენდაციაა გათვალისწინებული. რაც შეეხება სოციალურ ხარჯებს, ეს არის ხარჯები, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტული – მოსახელობის ჯანდაცვაზე ზრუნვა და საპენსიო უზრუნველყოფა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ სოციალური ხარჯების პარალელურად ჩვენ ვიზრუნოთ ეკონომიკაზე და დაახლოებით მილიარდი მომავალ წელს დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც მან აღნიშნა, გასული წლის პირველი ნახევარი რეგიონში საკმაოდ მძიმე იყო და საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გადახედვა მოუწია.
”ყველა ჩვენი სავაჭრო პარტნიორის ეკონომიკაში იყო სამწუხაროდ, არცთუ ისე სახარბიელო პროცესები, რაც აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩვენ მოგვიწია მაკროეკენომიკური პარამეტრების გადახედვა, ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც მუშაობდა საქართველოში მაისში, გადაწყვიტა, რომ დროებით გადაევადებინა მისია. მისია ჩამოვიდა ნოემბერში და ვფიქრობ ის საკმაოდ წარმატებული იყო,” – აღნიშნა ხადურმა.
მსოფლიო სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აკონტროლოს ხარჯები 2016 წელს და არ დაუშვას ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა მშპ-ს 3%-ზე მეტად. ანგარიშში ნათქვამია, რომ მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე.
ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება.