LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი ახალ ჰიტზე და კლიპზე: „ჩემი კოლეგების იცით, როგორი მადლობელი ვარ? ისე გავერთეთ, დაგვავიწყდა, რომ კლიპს ვიღებდით…“

309
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილმა ახლახან თავისი კოლეგები „გარდენიაში“ შეკრიბა და საახალწლო კლიპი გადაიღო „ფლეშის“ ძველ სიმღერაზე, რომლის ახლებური ვერსიაც შემოგვთავაზა.

ვიდეორგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნოდიკო გვიყვება, როგორ გაუჩნდა ამ კლიპის იდეა:

„სიმღერის იდეა მომაწოდა ნიკა ხაჩიძემ. ის არის ჩემი იდეების გენერატორი. „მე ვოცნებობდი“ ასევე მისი იდეით ჩავწერე, რომელსაც შვიდი მილიონი ნახვა აქვს.

„ფლეშის“ ეს სიმღერა ბავშვობიდან მახსოვდა და ძალიან მიყვარდა. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ბორიკო შხიანთან, რომელსაც ქართველ ქუინსი ჯონსს ვეძახი. ფანტასტიკური მუსიკოსია, პელე და მარადონა. ბორიკომაც გაიხსენა ეს სიმღერა და ძალიან მოეწონა. მგონია, რომ მან ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია გააკეთა, ამ შემთხვევაში ვერსიაზე ვსაუბრობ. ძალიან უხდება ეს ჟღერადობა საახალწლო მოლოდინს. მინდოდა, მსუბუქად მემღერა, გემოვნებიანად და დახვეწილად. ამ სიმღერით ძალიან ბედნიერი ვარ.

ნესტან სონჯიკაშვილს კოვიდი ჰქონდა და დღემდე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ნამუშევარია. რა მაგარია, რომ ასეთ მდგომარეობაში ასეთი კლიპის გადაღება შეუძლია. გარდა იმისა, რომ ვმეგობრობთ, ძალიან ხშირად ჩვენი იდეები ემთხვევა.

მინდოდა, გადამეღო წვეულება, სადაც ჩემი კოლეგები სტუმრად მოვიდოდნენ. ეს იდეა ნესტანმა განავრცო. მინდოდა, „ფლეშის“ ბიჭები ამ კლიპში ყოფილიყვნენ კარგად ინტეგრირებულები. მადლობა მათ ამ სიმღერისთვის და გვერდში დგომისთვის.

ჩვენთან ერთად იყო ოპერატორი ბუდა, რომელსაც ჩემი კლიპების 80% აქვს გადაღებული.

ვთხოვე ჩემს კოლეგებს დახმარება. იცით, როგორი მადლობელი ვარ? არავინ მოსულა ძალით ან იმის ხათრით, რომ ჩემთვის არ ეწყენინებინათ. ისე გავერთეთ გადაღების დროს, დაგვავიწყდა, რომ კლიპს ვიღებდით. მსუბუქი სასმელებიც მოგვართვეს. ეს კლიპსაც ეტყობა (იცინის). თითოეული ჩემი მეგობარი, ვინც ამ კლიპში ჩანს, არის ძალიან ბედნიერი. კლიპს რომ უყურებ, მის დასრულებამდე გაღიმებული ხარ… მერიდება ჩემს ნამუშევარზე ასე საუბარი, მაგრამ როგორიც მინდოდა, ისეთი გამოვიდა. არაორდინარული აქ არაფერი ყოფილა, წავედით მარტივი გზით, მაგრამ ვფიქრობ, ამ იდეამ აბსოლუტურად გაამართლა.

ნახვები ყოველდღიურად იმატებს, ბევრი ადამიანი აზიარებს. „ფორტუნას“ რადიოსადგურებშიც გაიმართა პრემიერა.

როცა „ინსტაგრამზე“ მოდის თაგები, ამით ვხვდები, როგორი პოპულარულია სიმღერა. მგონია, ამ ახალ წელს ბევრი ადამიანი იმღერებს მას, გაერთობა და გახდება საახალწლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი.

მაბედნიერებს, როცა ისეთ სიმღერას ვიპოვი, რომელიც მომწონს. თუ ნაწილობრივ მომწონს და გულით ვერ გავაკეთებ, იმას ვეშვები.

რაც ბოლო წლებში ჩავწერე, ყველაფერი ჰიტად იქცა და წარმატებული გახდა. სიმღერა რომ გაჰიტებულია, დიაგნოზია, როცა კონცერტზე გადიხარ და ხალხი შენთან ერთად მღერის. ჩემი მსმენელი უამრავ წერილს მწერს, აზიარებენ და მნიშნავენ პოსტებზე. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. გამიმართლა, რომ დავიბადე და გავიზარდე მომღერლად და ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. მადლობა ღმერთს და სამყაროს.

კიდევ ერთი სიახლე მაქვს – გოგოლა კალანდაძესთან ერთად ჩავწერე დუეტი, ლილიკო ნემსაძის მელოდიასა და ნანა ცინცაძის ტექსტზე, ესეც ძალიან პოზიტიური და საახალწლო განწყობის სიმღერა გამოვა. კლიპი არ გადაგვიღია, საახალწლო ეთერებში შევასრულებთ და რა თქმა უნდა, რადიოებში გესტუმრებით ახალი სიმღერით!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g