ავტომბროლელი ნოდო კოდუა მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის ემზადება, სადაც 30 ქვეყნის ჩემპიონები გამოდიან დრიფტის სახეობაში.
წარმატებული ქართველი ავტომბროლელი fortuna.ge-ს კითხვებს პასუხობს.
ნოდო კოდუა:
25 ოქტომბერს მივემგზავრებით მარსელში, შეჯიბრებაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება. 30 ქვეყანა მონაწილეობს და ერთ-ერთი იქნება საქართველო. ყველა ქვეყანა თავის ჩემპიონს წარადგენს. მივდივართ ჩემპიონების ბრძოლაში. ვიღებ მონაწილეობას დრიფტის სახეობაში, შვიდივე დისციპლინაში, რაც წარმოდგენილია. მარსელი ამ ღონისძიებაზე სამ მილიონამდე ადამიანს ელოდება. მარსელის ცენტრში შოურუმიც იქნება, სადაც საქართველოს ავტომობილი ჩვენი ქვეყნის დროშებით იქნება გაფორმებული.
მე პირველად ვმონაწილეობ. კოვიდის გამო ეს შეჯიბრება ერთი წელი ჩავარდა, 2019 წელს მევლუდ მელაძე გამოდიოდა საქართველოს სახელით, თუმცა მანქანის ტექნიკური პრობლემის გამო, შეჯიბრების დასრულება ვერ მოახერხა.
ახლა როგორ ხართ ტექნიკურად მომზადებულები?
მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მანქანა ბოლომდე მოგვემზადებინა. აქამდე, ევროპის ჩემპიონატზე როცა დავდიოდით მე და ჩემი გუნდი, ტექნიკური პრობლემები გვქონდა ხოლმე. ამ ავტომობილში ყველაფერი ჩავდეთ, რაც შეგვეძლო. სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, მარსელში იმ გზაზე ბევრი ვარჯიში მოგვიწევს, სადაც გამოსვლა გვიწევს. შევეცდებით, გამართული ავტომობილით მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის შედეგი ვაჩვენოთ, რაც ყველას გაგვიხარდება.
საქართველოში რამდენად არის თქვენი სფერო განვითარებული? რა ეტაპზე ხართ ახლა?
სამი წელია, დრიფტის კულტურა უფრო აქტიურად შემოვიდა საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ გვემატება ბევრი ახალი მონაწილე. ვისაც სურს, რომ სპორტული ავტომობილით ივარჯიშოს, უკვე უსაფრთხოა, რადგან დახურულ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
ამ მხრივ ძალიან ჩქარა ვვითარდებით. საქართველოში საკმაოდ კარგი ღონისძიებები ტარდება, გვყავს პილოტები, დრიფტის სახეობაში დაახლოებით 20 პროფესიონალია უკვე, ტექნიკაც მზადაა, რომ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე გავემგზავროთ.
მარსელში რა მოლოდინით მიდიხართ?
წარმატების დიდი მოლოდინი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
წლების შემდეგ რა მიზანი გაქვთ დასახული, როგორც ავტომრბოლელს?
ზოგადად, ფრიფტის მხრივ ყველაზე მაღალი დონის ღონისძიება, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, არის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც მონაწილეობენ.
შემდეგ წელს მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე, ასევე აშშ-ის შიდა ჩემპიონატზე – „ფორმულა დრიფტზე“, სადაც ძლიერი კონკურენციაა. როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის, ორივე შეჯიბრებაში გამარჯვება დიდი მიღწევა იქნება.