LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Noém“ 10 წლის გახდა – ამბავი დაუჯერებლის შესაძლებლობაზე

557
მარიამ ტონკო

ნოემის“ ფეისბუკ გვერდზე ერთხელ მაინც თუ მოხვდები, არათუ მისი გამომწერი გახდები და ეცდები, არ გამოგრჩეს ახალი ნაკეთობების შესახებ ინფორმაცია ყველაფრის შეძენის დაუოკებელი სურვილით, არამედ ავტომატურად ჩაერთვები იმ კამპანიებშიც, რომლებსაც ბრენდი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აწარმოებს. „ნოემი“ ის პლატფორმაა, სადაც ესთეტიკა და ემპათია ერთმანეთს ერწყმის, ერთ ენაზე, ხმაშეწყობილად საუბრობენ. „ნოემი“ ორიგინალური ხელნაკეთი სამკაულებითა და აქსესუარებით თითოეული ქალის ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს და მათთან დაკავშირებულ იმ ყოფით თემებსაც წამოწევს, რომლებზეც საზოგადოება ხშირად დუმილს ამჯობინებს.

მარიამ ტონკო, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ბრენდის „Noém“ დამფუძნებელი:

– „ნოემი“ 2 დეკემბერს გახდა 10 წლის, თუმცა წინასაახალწლოდ დაწყებული ახალი პროდუქტის წარმოების გამო, ამ თარიღს ქაოსში შევხვდით და მხოლოდ ქველმოქმედებით აღვნიშნეთ – გულის ფორმის საყურეები გავაჩუქეთ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ერთი პატარა გოგონას დასახმარებლად. ამ აქციის გამო ვიტირე – ეს 10 წელი თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ „ნოემს“ სიკეთის მკეთებელი ადამიანები შემოეკრიბა. მაშინ, როდესაც ამ საქმეს ვიწყებდი (და დავიწყე არაფრიდან – 200 ლარით, მქონდა მხოლოდ იდეა, რომლისაც არავის სჯეროდა), ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენს შევძლებდით. ზოგადად, სულ ვცდილობ, დაუჯერებლის შესაძლებლობა იგრძნობოდეს ამ ბრენდისგან. მართალია, მერიდება ბრენდი ვუწოდო, რადგან ის ჯერ ვერ გამოიყურება ისე, როგორც მე ვხედავ, მაგრამ ეს 10 წელი, ამდენი მომხმარებლით, რომლებიც ჩვენთან ერთად იმაღლებენ შემეცნებას, არის დასტური იმისა, რომ ის იმედს ჩუქნის ადამიანებს – თუ გაქვს ფანტაზია, უნდა იმოქმედო. ამიტომაცაა, რომ ბიზნეს საქმიანობას და ბრენდის ფასეულობებს ყოველთვის ვმიჯნავ ერთმანეთისგან.

– მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობთ სიახლეებს, რა გიბიძგებთ განვითარებისკენ?

– ბევრმა არ იცის, რომ თავიდან ვკერავდი (ვკერავ ბავშვობიდან). საკუთარი საქმის დაწყება რომ გადავწყვიტე, ხელით შევკერე, დაახლოებით, 12 კაბა, რომლებიც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ჩავაბარე. შემდეგ, როცა ჩემს გვერდზე კაბების ფოტოების კომერციული დატვირთვით განთავსება მოვისურვე, აღმოვაჩინე, რომ მჭირდებოდა რაღაც, ჩემ მიერვე შექმნილი, რაც ფოტოების კომპოზიციას შეკრავდა. ჩემი ფინანსების გათვალისწინებით ასეთი დეტალი სამკაული აღმოჩნდა, კონკრეტულად, ტყავის საყურეები, რომლებმაც კაბებზე არანაკლები მოწონება დაიმსახურეს. უფრო მეტიც, მათზე იმხელა მოთხოვნა გაჩნდა და თან რომ დავინახე, ჩემი დიზაინით შექმნილი ნამუშევრები ადამიანებს როგორ აბედნიერებდათ, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით განვვითარებულიყავი. მანამდე იმ ადამიანების რჩევები გავითვალისწინე, რომლებსაც მსგავსი ბიზნესი ჰქონდათ. დასაწყისში არ ველოდი არაფერს (თან სამედიცინოზე ვსწავლობდი), უბრალოდ ვიცოდი, რომ რთული გზა იქნებოდა, მცდელობა არ უნდა დამეკლო, მუდმივად უნდა მქონოდა სიახლეები. არ მეგონა, რომ „ნოემი“ ასე განვითარდებოდა და მის სამკაულებსა და აქსესუარებზე ასეთი მოთხოვნა გაჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ 10 წლის წინანდელი შეგრძნებები განმიახლდა – იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელი გვიახლოვდება და ცივა, საკუთარი თავისთვის თემატური ქუდი შევიკერე. ქუდი ფოტო, განწყობის გაზიარების მიზნით, „ნოემის“ გვერდზე განვათავსე და უცბად 10 წლის წინანდელი ამბავი განმეორდა – ჯერ ორი კვირაც არ არის გასული და შეკვეთებს ვერ ავუდივართ. რაც ძალას მაძლევს არის ის, რომ სულ მახსოვდეს, საიდან დავიწყე, რადგან როცა ბევრს ვმუშაობ, აღარ მრჩება დრო გავიაზრო, საერთოდ რისთვის ვცხოვრობთ ადამიანები. საყვარელი საქმე კი გაძლევს საშუალებას, ბავშვობის ოცნება შეინარჩუნო და არ შეცვალო შენი თავის შესახებ აღქმა.

– „ნოემის“ გუნდზეც მოგვიყევით. ბევრნი არ ხართ, თუმცა ძალისხმევას არ იშურებთ, რომ მომხმარებლები კმაყოფილები გყავდეთ.

– დიახ, ახლა სულ რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ. „ნოემის“ გუნდის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, თუმცა ყოველთვის ისეთ ადამიანებს ვარჩევდი, რომლებისთვისაც ადამიანური ღირებულებებია მთავარია, რომლებსაც უყვართ ადამიანები. იმას კი არ ვცდილობ, ვიღაც ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს (საერთოდ არ გამაჩნია ასეთი სახის ლიდერული თვისებები, რის გამოც ბევრჯერ პრობლემები მქონდა, რადგან ბევრ თანამშრომელს ვერ ვუმკლავდებოდი), არამედ ვიყოთ თანასწორები. „ნოემში“ ყველას ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ბევრი საკითხის მიმართ, უპირველესად კი, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქალებს ვემსახურებით და ქალთა ბრენდი ვართ, ამიტომაც ვცდილობთ, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა ქალთა მიმართ.

– სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვით ხაზი თემატური ფოტოსესიებით. საიდან დაიბადა სურვილი, რომ თუნდაც ქალთა მიმართ ძალადობის თემა წამოგეწიათ?

– ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილების სურვილი სულ მქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ. თავადაც არაერთხელ გადავყრივარ გენდერული ნიშნით სტერეოტიპებს, მაგალითად, 10 წლის წინ ბიზნესს რომ ვიწყებდი, ეს ვიღაცებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. დარწმუნებული ვარ, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნებოდათ. გარდა ამისა, მეგობრები ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს ამბებს იმაზე, რომ ქუჩაში, ტრანსპორტში ვიღაც „აგვეკიდა“. პატარაობიდან სულ ვინტერესდებოდი, რატომ ატარებდა ქალი შინ უფრო მეტ დროს, რატომ ემსახურებოდა ქალი სუფრას, რომელზეც მხოლოდ კაცები მიირთმევდნენ. შემდეგ უკვე, როცა „ნოემს“ ბევრი გამომწერი გაუჩნდა (სხვათა შორის, 7 წლის განმავლობაში არ ვჩანდი და ყველას ეს ბრენდი რატომღაც უცხოური ეგონა), ერთ დღესაც, ბავშვობიდან გაჩენილ ბევრ კითხვასა და ტრავმაზე სათქმელი ძალიან მომაწვა და გავაზიარე ჩვენს გვერდზე. პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება, უამრავი მადლობა მოჰყვა. ამან მომცა სტიმული, სპეციალური კამპანიებით, წინ წამომეწია ისეთი პრობლემები, რომლებიც შეიძლება მე არ შემხებია, მაგრამ შეხებია ჩემს მომხმარებელს და ფართო აუდიტორია აუცილებლად უნდა დაფიქრებულიყო მათზე.

– როგორ ხედავთ „ნოემის“ მომავალს?

– არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ამ ეტაპზე უბრალოდ მუშაობა მინდა, ამიტომ ბევრს არ ვფანტაზიორობ. მადლიერი ვარ იმისიც, რაც მაქვს. ერთადერთი, ვისურვებდი ფიზიკური მაღაზიები მქონდეს, მომხმარებელს ადგილზე მოსვლა რომ შეეძლოს. კერვაშიც ვხედავ მომავალს. ჯერჯერობით, უფრო პატარ-პატარა მიზნები მაქვს. საბოლოოდ კი, ვისურვებდი, „ნოემი“ ბევრ ქალს დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g