“ზამთარში კორონავირუსი ძალიან გააქტიურდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, კორონავირუსის გამო ცხოვრების წესის შეცვლა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მოგვიწევს. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის არა მხოლოდ მეორე, მესამე და მეოთხე ტალღასაც უნდა ველოდოთ.
“ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება. ვირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ველოდებით და შესაძლოა მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
პაატა იმნაძე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, გრიპმა და კორონავირუსმა ერთდროულად შემოგვიტიოს, ამიტომ აუცილებელია მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გვქონდეს. ეპიდსიტუაციის შეფასებისას კი იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ შეძლო და ვირუსის პიკი მაქსიმალურად შეამსუბუქა.
“ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს. რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა – ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.