LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრის ყველაზე საინტერესო ტელეპრემიერები

1260
fortuna-films

მართალია, ნოემბრის თვეში კინოთეატრები ნაკლებად აწყობენ გრანდიოზულ პრემიერებს, მაგრამ „მცირე ეკრანი“ უმზადებს კინომანებს საინტერესო სიურპრიზებს.

„ინგლისელი ქალი“ (The English) – ბრიტანელმა რეჟისორმა ჰიუგო ბლიკმა, რომელიც მაყურებელმა 2018 წელს გაიცნო მეტად აქტუალური ფილმით „შავი მიწის აღზევება“, ამჯერად ბრიტანელი არისტოკრატის კორნელია ლოკის ისტორია შესთავაზა კინომანებს, რომლის მოგზაურობა საკუთარი შვილის მკვლელის ძიებაში ნამდვილ თავგადასავალს ემსგავსება.

„ტალსას მეფე“ (Tulsa King) – ტეილორ შერიდანის და ტენერნს უინტერის ნამუშევრის მთავარი გმირი განგსტერი დუაიტ მანფრედია, რომელიც 25-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსული ოკლაჰომას მიყრუებულ ქალაქში ტალსაში ცდილობს ახალი კრიმინალური ქსელის გამართვას. მთავარი როლი ფილმში სილვესტერ სტალონემ შეასრულა, რომლისთვისაც სერიალი ტელეფორმატის სადებიუტო ნამუშევრად იქცა.

„1899“ – ბარან ბო ოდარის და იანტიე ფრიზეს ახალი დეტექტივიც ისეთივე საინტერესოა, როგორც წინა ნამუშევარი, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით, ამჯერად პერსონაჟები უზარმაზარი ხომალდის ემიგრანტი მგზავრები არიან, რომლებიც მოულოდნელად პოულობენ რამდენიმე თვით ადრე უგზოუკლოდ დაკარგულ გემს, თუმცა სამაშველო ოპერაცია სრული კოშმარით იცვლება.

„უენსდეი“ (Wednesday) – ტელედებიუტისთვის ტიმ ბერტონმა „ადამსების ოჯახის“ სიუჟეტი აირჩია, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციით მანამდეც მოსინჯეს მისმა კოლეგებმა. საკუთარი ნამუშევრის მთავარ გმირად ბერტონმა უცნაური ოჯახის ექსტრასენსორული ნიჭით დაჯილდოებული ქალიშვილი აქცია, რომელიც ერთის მხრივ, საკუთარი ოჯახის საიდუმლოს, მეორეს მხრივ, მკვლელობების მთელ სერიას იძიებს.

„უილოუ“ (Willow) – სტივენ ვულფენდენის და ჯეიმი ჩაილდსის სათავგადასავლო ფანტასტიკა 1988 წელს გამოსული, ამავე სახელწოდების ფილმის ერთგვარი სიქველია, რომელიც ზღაპრულ სოფელზე, მის ბინადრებსა და ობოლ გოგონაზე მოუთხრობს მაყურებელს. წინასწარმეტყველების თანახმად, სწორედ პატარა გოგონას მისიაა ბოროტი ჯადოქრის დამარცხება, რომელიც საუკუნეების მანძილზე თვითნებობს მის სოფელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g