ნუ იკეთებთ ამდენ ფილერს, იფიქრეთ გაახალგაზრდავებაზე სწორად – ციცინო შურღაია გაახალგაზრდავების საუკეთესო გზებზე

25
ციცინო-შურღაია

რა არის „Space lifting”, ანუ სახის დაჭიმვა 3D-ში და როდის და რა ასაკში შეიძლება დაიგეგმოს აღნიშნული ოპერაცია, რა პროცედურებს და ჩარევებს უნდა ავარიდოთ თავი, რა იწვევს სახის ნერვის დაზიანებას და არის თუ არა ეს შეუქცევადი პროცესი, რა არის ყველაზე მოთხოვნადი ინტიმური ზონის პლასტიკური ოპერაციის დროს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პლასტიკურმა ქირურგმა – ციცინო შურღაიამ ისაუბრა.


ქალბატონო ციცინო, რა არის „Space lifting”, ანუ სახის დაჭიმვა 3D-ში?

ამ ოპერაციამ თავისი ისტორიის მანძილზე დიდი ევოლუცია განიცადა. პირველი ოპერაცია ჰოლენდერმა გააკეთა. მასთან ერთი მსახიობი ქალბატონი მივიდა და უთხრა, ამომიღეთ ზედმეტი კანი თმის ნაპირას. ამ ადამიანმა ეს კანი უბრალოდ ასწია, რაც ზედმეტი იყო მოჭრა და შეკერა, იქ აშრევებაც კი არ იყო. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით 5 წელი და უკვე პირველად დაიწყო ასეთი რამ, რომ სახეს აშრევებდნენ. მერე დაიწყო ოპერაციის მესამე ეტაპი, მოხდა შიგნითა ქსოვილების დაზბორვა. პირველი რევოლუცია ოპერაციის მსვლელობაში მოხდა მაშინ, როცა ტორდ სკუგმა ასწია მეორე შრე, SMAS ლიფტინგი გააკეთა. ის ისე გარდაიცვალა, რომ არც იცოდა, რომ ამ ოპერაციაში რევოლუციონერი იყო, რადგან მაშინ სიტყვა SMAS-საც კი არ ამბობდნენ. SMAS ცოტა მოგვიანებით მიცმა და პეირონემ აღმოაჩინეს და მოახსენეს საფრანგეთის საზოგადოებას, რომ სახეზე არსებობს ისეთი შრე, რომელშიც ყველა მიმიკური კუნთია გაერთიანებული და ამას ზედაპირული აპონევროტული კუნთოვანი სისტემა ჰქვია.

თუ ადამიანი მოწყენილია, მოწყენილია მთელი სახე, თუ ადამიანი მხიარულია, მხიარულია მთელი სახე, თუ ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ნეიტრალურია მთელი სახე. ტორდ სკუგმა თქვა, თუ მეორე შრეს ავწევთ, მაშინ ეფექტიც უფრო კარგი იქნება და ჩვენი ოპერაციაც უფრო ხანგრძლივად იმუშავებსო. ამის მერე პროგრესულად წავიდა ამ ოპერაციის განვითარება, დაიწყეს კუნთების გადაჭრა, კუნთების აწევა და ბოლოს ჩიხამდე მივიდნენ. არსებობს წიგნები ღრმა დონეზე სახის დაჭიმვაზე, ენდოსკოპიურ სახის დაჭიმვაზე, მაგრამ შემდეგ ქირურგმა ანდერლმა თქვა, ახლა გავჩერდეთ და უკან წავიყვანოთ ეს პროცესიო, რადგან სახის დაჭიმვამ, ძვლებიდან რომ ააცალო მთელი სახე, საოცარი შედეგები გამოიწვია. მაგალითად, ადამიანი როცა იცინის, ამას მონალიზას სიცილი ჰქვია და ამ ოპერაციის მერე ადამიანს მგლის სიცილი ჰქონდა. შესაბამისად, მიხვდნენ, რომ ეს უკვე ზედმეტი იყო და ბოლოს და ბოლოს შეჯერდნენ იმაზე, რომ უფრო შუალედური ოპერაციები გაეკეთებინათ.

დღეს ყველაზე თანამედროვე ოპერაცია ე.წ. „სფეის ლიფტინგია“. მე თქვენ ახლა აგიხსნით, თუ რაშია ამ ოპერაციის ნაკლები ტრავმატულობა, დიდი ეფექტურობა და თანამედროვეობა, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“… ყველა ქირურგი ამას ვერ გააკეთებს, მხოლოდ ის აკეთებს, ვინც კარგად იცის სახის ნერვი, რადგან აქ ძალიან დიდი რისკია. ამას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აკეთებს, თუმცა მე ამაშიც ეჭვი მეპარება. ვიცი, რომ მენდელსონი აკეთებს, მაგრამ რაც შეეხება ტიმოთი მარტინს, რომელთანაც ასი ათასი დოლარი ღირს ეს ოპერაცია, მე შემეძლო, რომ მასთან ოპერაციაზე უფასოდ დავწოლილიყავი, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ ის „სფეის ლიფტინგს“ აკეთებს, ის უბრალოდ SMAS ლიფტინგს აკეთებს. ვთქვი, აქეთ რომ მომცეს ასი ათასი დოლარი, ოპერაციაზე მაინც არ დავწვები -მეთქი.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის „სფეის ლიფტინგი“… ევოლუციის პროცესში მივხვდით, რომ SMAS ლიფტინგი, რაც ძალიან იყო გავრცელებული, არ წევდა შუა, ცენტრალურ ზონას, სახის ცენტრალური ზონა მაინც დაბლა რჩებოდა. მენდელსონმა, გენიალურმა ქირურგმა თქვა, რომ კუნთები ზემოთ უნდა ავწიოთო და მაღლა უნდა ავწიოთ ან დავამოკლოთ ტუჩის ამწევი კუნთიო, რადგან გრავიტაციის ფონზე ის გრძელდება. ლოყის სივრცეში არის რამდენიმე წარმონაქმნი, სახის ნერვი, ლოყის ნერვი, სანერწყვე ჯირკვალი, სანერწყვე ჯირკვლის სადინარი, სიცილის კუნთი და სხვა ბევრი რამ.

რაც შეეხება ბიშას, რაც ცენტრში მდებარეობს, ბიშას ცხიმოვანი ბურთი ჩვენ არ გვჭირდება მას შემდეგ, რაც ძუძუთი კვებას თავს ვანებებთ, ანუ გვჭირდება ბავშვობაში და მერე აღარ. დაადგინეს, რომ ადამიანებს ღრმა მოხუცებულობაშიც ეს ცხიმი იგივე მოცულობაში აქვთ შემორჩენილი, რაც ახალგაზრდობაში ჰქონდათ. ეს ცხიმი შეიცავს რუხ ნივთიერებას და არ იწოვება, ამიტომ როდესაც ჩვენ ვიღებთ მას და ეს სივრცე ცარიელი რჩება, ამის მერე ეს სივრცე უნდა დავხუროთ. ეს ცხიმი, რომელიც ამოვიღეთ არის ოქროს მასალა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავადიდოთ ტუჩები, წინ წამოვწიოთ ნიკაპი, რადგან ის არ იწოვება. ჩემი დიდი პრაქტიკიდან გამომდინარე, გაძლევთ გარანტიას, რომ ის არ გაიწოვება.

რაც შეეხება კანქვეშა ცხიმის გამოყენებას, რაც ადრე ძალიან მოდაში იყო, სამჯერ შევუყვანე ტუჩში ერთ ქალბატონს, მაგრამ სამივეჯერ გაიწოვა. ეს არ იყო კარგი მეთოდი.

როდის, რა ასაკში შეიძლება დაიგეგმოს აღნიშნული ოპერაცია და თქვენ როდის გასცემთ მისი ჩატარების რეკომენდაციას?

ნებისმიერი ოპერაციის დანიშვნას იურიდიული დამტკიცება სჭირდება, უნდა განვმარტოთ, თუ რატომ მიდის პაციენტი ოპერაციაზე, თუ რა ჩვენებები აქვს. არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვზომავთ.

დავიწყოთ იმით, რომ სიბერე სხვადასხვა ასაკში იწყება. არსებობს სხვადასხვაგვარი სიბერე…  ფიზიოლოგიური, ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, პასტოზური სიბერე. მაგალითად, მსუქანი ადამიანები გაცილებით უფრო მალე ბერდებიან, ვიდრე გამხდრები, რადგან მათი სისხლძარღვები დატვირთულია ქოლესტერინით, ათეროსკლეროზული ფოლაქებით, მათ დაზიანებული აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა. სიმსუქნე აუცილებლად გულისხმობს მეორე ხარისხის შაქრიან დიაბეტს, შაქრიანი დიაბეტი კი აზიანებს სისხლძარღვებს და ა.შ. არსებობს ასეთი სიბერეც – ფოტოსიბერე.  ადამიანები, რომელთაც უყვართ მზე, გაცილებით უფროსები არიან. ასევე, არსებობს სიბერე, რომელიც სტრესებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ბიოლოგიური ასაკი არასდროს ემთხვევა ქრონოლოგიურ ასაკს.  მაგალითად, მე მყავდა ბებია, რომელიც 101 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელსაც 32 კბილი ჰქონდა. ამ დროს მეცნიერება ამტკიცებს, რომ კბილები უცხო სხეულია ადამიანისთვის და გარკვეულ დროს, სიბერეში, როცა იცვითება არამარტო რბილი ქსოვილები, არამედ ძვალიც, კბილი უნდა ამოვარდეს. ასევე, არსებობს პროგერია, ნაადრევი სიბერე, რაც თანდაყოლილი დაავადებაა. ამ დროს ადამიანი მაქსიმუმ 28 წლის ასაკში აღწევს 80-100 წლის ასაკს და სიბერით, თავისი სიკვდილით კვდება. შესაბამისად, ქრონოლოგიურ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქირურგთან უნდა წახვიდეთ მაშინ, როცა სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავი აღარ მოგეწონებათ. მე სახის დაჭიმვა, გაახალგაზრდავება 34 წლის ასაკშიც გამიკეთებია. ეს იყო ქალი საბერძნეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარდა მზე და რომელსაც ფოტოსიბერე ჰქონდა. აღნიშნული ოპერაცია გამიკეთებია 84 წლის ასაკშიც.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ბევრი პლასტიკური ქირურგის მიერ გაკეთებული ცხვირები ერთმანეთს ჰგავს. გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული მეთოდი, რომელსაც პლასტიკურ ქირურგიაში იყენებთ?

ყველა ქირურგს საკუთარი მეთოდი უნდა ჰქონდეს, სხვისი არ უნდა მოიპაროს, თუმცა ძალიან იშვიათია ასეთი ქირურგი, ისევე, როგორც იშვიათია მომღერალი, რომელიც თვითონ წერს მუსიკას, ტექსტს, არანჟირებას… შენ თვითონ უნდა შექმნა შენი ქირურგია.

ცხვირის ოპერაცია აუცილებლად უნდა გააკეთოს ოტორინოლარინგოლოგმა. მე მაქვს ჩემი მეთოდი, მე ვაკეთებ გარეთა ცხვირს, მაგრამ როცა საქმე ქირურგიულ ჩარევებს ეხება, რაც ოტორინოლარინგოლოგმა უნდა იცოდეს, მე იმას არ ვეხები, რადგან ძალიან დიდი პატივისცემა და პრესტიჟია ექიმისთვის, აღიაროს, რომ რაღაცას მასზე უკეთესად სხვა აკეთებს. მე ვარ ქირურგი, მაგრამ ყველაფერს ხომ არ ვაკეთებ?!. მე ვარ მიკროქირურგი, პლასტიკური ქირურგი და ყბა-სახის ქირურგი და ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ვინც არის პლასტიკური ქირურგიც და ოტორინოლარინგოლოგიც, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთესად გააკეთებს ცხვირს. დღეისათვის მე ის ოპერაციები მაქვს ამორჩეული, რაც ჩემია, რაც მსიამოვნებს…

თუ ნახავთ ჩემს პრეზენტაციებს, მათ ასე ჰქვიათ „ახალი მიმართულება სახის ნერვის ქირურგიაში“, „სფეის ლიფტინგის საკუთარი მეთოდი“, მაგალითად, მე ახალი მიმართულება მივეცი სახის ნერვის ქირურგიას რუსეთში.

აღნიშნეთ, რომ სახის გაახალგაზრდავების ოპერაცია მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა სარკეში ჩავიხედავთ და ჩვენი თავი აღარ მოგვეწონება. იგივე შეგიძლიათ თქვათ ყელისა და დეკოლტეს პლასტიკაზეც?

რა თქმა უნდა. ყელისა და დეკოლტეს პლასტიკა ცალკე არ არსებობს. მე ვარ ის ქირურგი, რომელიც არ ეთანხმება და ეწინააღმდეგება სახის სექტორულ დაჭიმვას, ანუ ან მარტო ზედა ნაწილის, ან მარტო ქვედა ნაწილის ან მარტო დეკოლტესი.

პაციენტები პირველ რიგში რასაც მთხოვენ, არის ის, რომ ოპერაციის მერე თავიანთი, ინდივიდუალური სახე, გამომეტყველება შეუნარჩუნდეთ. იმისთვის, რომ მე მათ სახის ინდივიდუალური გამომეტყველება შევუნარჩუნო, სახის სამივე ზონაში ერთნაირად უნდა ჩავერიო.

ერთხელ, ამერიკიდან ჩამოვიდა ქალბატონი და მეუბნება, ვზივარ კაფეში, კაცი მომიახლოვდა და მეუბნება, მაპატიეთ, არადელიკატური შეკითხვა უნდა დაგისვათ, პლასტიკური ქირურგი ვარ და დავინახე, რომ თქვენ ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და თუ შეგიძლიათ, ამ ექიმის კოორდინატები მომეცითო. მე ჩემი მეთოდი მაქვს და მე რასაც ვაკეთებ, შეიძლება, მარტო პლასტიკურმა ქირურგმა შეამჩნიოს. ჩვეულებრივმა ადამიანმა ეს არ უნდა შეამჩნიოს და არ უნდა გითხრას, ეს რა გჭირს, ვინ გაგიკეთაო.

ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი პროცედურა, კორექცია, ჩარევა კეთდება, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

პირველ რიგში, მინდა გირჩიოთ, რომ არასდროს გაიკეთოთ შემდეგი ორი პროცედურა… პირველი, საცრემლე არხის ფილერით შევსება და მეორე, სახის გათბობასთან დაკავშირებული არანაირი პროცედურა, მაგალითად, თერმაჟი, ალტერა, ფრაქსელის ლაზერი.

წარმოიდგინეთ, რის ხარჯზე ახალგაზრდავდება ამ დროს ადამიანი, ამ დროს ხდება ცილის დენატურაცია, იწვება ყველა ქსოვილი და ხდება ამ ქსოვილების ერთმანეთთან მიწებება, ანუ შრე აღარ არის.

რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ქირურგიას, ქირურგია არის მინუს შრე. ჩემს არცერთ პაციენტს ოპერაციის მერე ტკივილი არ აქვს და ტკივილგამაყუჩებელი არ სჭირდება, რადგან მე შრეში ვმუშაობ. როდესაც ადამიანები ზემოთ აღნიშნულ გამახურებელ პროცედურებზე მიდიან, თავიანთ ახალგაზრდობას კრედიტში იღებენ მომავლიდან და მომავალში ეს ახალგაზრდობა აღარ აქვთ, იმიტომ რომ, იმის შანსიც აღარ აქვთ, წესიერი ოპერაცია გაიკეთონ, რადგან უკვე შრეც აღარ აქვთ და შეიძლება, რომ ჭრილობა პირველადი შეხორცებით არ შეხორცდეს და მეორადი შეხორცებით შეხორცდეს, რაც ძალიან ცუდი რამ არის.

დღეს უკვე ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფილერების უზომოდ გაკეთება შეუძლებელია, რომ ის მიგრაციას განიცდის და საბოლოო ჯამში სახეს ამახინჯებს. ყველა გადადის იმ აზრზე, რომ ჯობია, დროულად გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა. ყოველთვის ჯობია მოძებნო ნორმალური ქირურგი და სახის დაჭიმვა გაიკეთო.

რომელია სახის ნერვზე ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ყველაზე რთული ოპერაცია, შეუქცევადი პროცესია თუ არა სახის ნერვის დაზიანება, საერთოდ რატომ ზიანდება ეს ნერვი და ოპერაციის მერე თუ შეიძლება, რომ კვლავ გვქონდეს რეციდივი?

ამ თემაზე მე ორი დისერტაცია მაქვს დაცული და ამ კითხვის პასუხს საზღვარი არ აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ზიანდება სახის ნერვი, ის ოპერაციების დროსაც შეიძლება, რომ დაზიანდეს…

ძალიან ხშირად ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ვთქვათ, გრიპი გვაქვს და ამ დროს ვერ ვგრძნობთ გემოს, სუნს. ამ დროს კი, ეს არის ძალიან ბოროტი ვირუსი, რომელმაც გაიარა ტვინის დამცავ ბარიერში და მოხვდა ტვინში, დააზიანა ცენტრალური ნერვული სისტემა, ანუ სახის ნერვის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ვირუსი იყოს. მაგალითად, ძალიან ბევრი სახის დამბლა იყო კორონა ვირუსის დროს.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გრიპი და ერთ კვირაში დაეწყოს სახის მოძრაობის დეფიციტი. ეს შეიძლება დაიწყოს უცებ, პროგრესულად… შეიძლება, ადამიანი ჯერ თვალს ვერ ხუჭავდეს, მერე ვერ იღიმოდეს და ა.შ. თუ დროულად მიხვალთ ექიმთან ასეთი სახის დამბლა მორჩენადია. ერთი წელი თუ გავა და თქვენ კვლავ პარალიზებული იქნებით, მერე სულ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. ერთ წლამდე როგორღაც უნდა მიაღწიოთ ექიმამდე, თორემ შესაძლოა, რომ კუნთი დაიღუპოს ან რეტროგრადული ამნეზია დაეწყოს მას. ნებისმიერ დროს, ერთ წლამდე ოპერაციის ჩატარება გაცილებით ადვილია, ვიდრე ერთი წლის შემდეგ. ერთი წლის პერიოდში ჩატარებული ოპერაცია სახის ნერვის მთლიანობის აღდგენაზეა მიმართული, მაგრამ ერთი წლის გასვლის მერე, როცა მიმიკური კუნთი დაღუპული იქნება, მაშინ მიმიკური კუნთიც უნდა აღდგეს და ნერვიც. ეს ოპერაციები ძალიან რთულ კატეგორიაში გადის. ჩვენ ამ დროს გვჭირდება კუნთის სხვა ადგილიდან აღება. სახის ნერვის ქირურგია უკვე ელიტარული ქირურგიაა და ექიმმა, რომელმაც არ იცის სახის ნერვი, არ უნდა აიღოს სკალპელი და არ უნდა გაჭრას სახე, რადგან ეს იატროგენულ დამბლას გამოიწვევს და ეს პლასტიკური ქირურგისთვის სასახელო ამბავი ნამდვილად არ არის.

რა არის ყველაზე მოთხოვნადი ინტიმური ზონის პლასტიკისას?

ინტიმური ზონის პლასტიკა ჩემი საყვარელი ოპერაციაა. ეს ჩემს ისტორიაში 1998 წლიდან დაიწყო, დამიძახეს და მითხრეს, რომ ქალს კლიტორის ნერვი გადაუჭრეს…

ყველაზე მოთხოვნადი ახლა კლიტორის კაპიუშონის მოხსნაა, ამ დროს ორგაზმიც სხვანაირია და შესახედაობაც და ეს რაღაც კომპლექსებსაც უხსნის ქალბატონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები