თბილისის მერმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კახა კალაძე ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადების შესახებ სხვა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხს აპირებდა, როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შესახებ.
კალაძემ მას კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„შეგიძლიათ, რომ გაჩუმდეთ? არ მაცლით საუბარს; ადამიანი სვამს შეკითხვას; ცოტა თავი შეიკავეთ; ზრდილობა იქონიეთ; მშობლები ხომ გყავთ? ოჯახში ხომ გაიზარდეთ?!“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ თავის შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს.
„კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებ. სირცხვილია, რასაც ამბობთ ახლა; კითხვები მაქვს ობიექტური და არ მპასუხობთ“, – თქვა ჟურნალისტმა.
„სირცხვილი კი არა, სამარცხვინო ხარ ახალგაზრდა გოგო. მაგისთვის ვარ აქ, რომ გიპასუხო, შეგიძლია? ბავშვი ხომ არა ხარ, კაცო? ადამიანი სვამს შეკითხვას და ვპასუხობ და დამელოდე, ნუ მეჩრები პირში, სად გაიზარდე? უზრდელი ხარ ამხელა გოგო“, – მიმართა ჟურნალისტს კალაძემ.