ჟურნალი „გზა“ ნუცა შანშიაშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც მომღერალი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს იხსენებს…
ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
ნუცა შანშიაშვილი:
საშინელი შიში განვიცადე მოსკოვში. ღამის კლუბიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და კაცმა გამიტაცა. ჩვეულებრივი მანიაკი და მკვლელი იყო. ბრილიანტის საყურეები მეკეთა და აკანკალებული ხელით მოვიხსენი. ამ მომენტში გონება მოვმართე, შიში გამოვრთე და ადამიანური ურთიერთობა გავააქტიურე. დიალოგში შევედი ამ ადამიანთან და ვეუბნები, რისთვის გჭირდება ამის გაკეთება, გამიტაცე და მერე რა? ამიხსენი რა გჭირს, იქნებ, შემიძლია, დაგეხმარო?! ადამიანს უნდა მომკლას და მე ვეუბნები, დაგეხმარები, ასე რამ გაგამწარა-მეთქი. დაიბნა ჩემი მიდგომის გამო, უცებ დაამუხრუჭა, ჩანთა გადამიგდო და მითხრა, ახლავე გადადი მანქანიდანო. სადღაც ქალაქგარეთ, გაურკვეველ ტერიტორიაზე, სიბნელეში დამაგდო, მაგრამ გადავრჩი.
გაძარცვა უნდოდა?
არა, გაძარცვა რომ ნდომებოდა ჩანთას არ გადამიგდებდა. გიჟი და მანიაკი იყო, არ ვიცი, გაუპატიურება უნდოდა თუ მოკვლა, მაგრამ რაღაც საშინელებას გადავრჩი. როდესაც არჩევანი არ გაქვს, ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას და მეც ამაში ვიპოვე გამოსავალი. საერთოდ, თუ შენში შიშს დაინახავს, გიჟი უფრო ღიზიანდება, ამიტომ ჯობს ეს განცდები გვერდზე გადადო და სხვანაირად იმოქმედო. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ თუ ცხოვრებაში შენზე ნადირობა დაიწყეს, გაჩერდი და მსხვერპლის პოზიციიდან მონადირედ გარდაისახე. როგორ მოახერხებ ამას, ეს უკვე შენს გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მდგომარეობის საშენოდ შემობრუნება აუცილებლად უნდა შეძლო.
ინტერვიუ ვრცლად.