ნუცა თოფურია ზაფხულის დარჩენილ დროს კონცერტებზე გაატარებს, თუმცა დასვენებისთვისაც მოიცლის თავის ერთგულ მეგობართან, მარიამ შენგელიასთან ერთად. მას შემდეგ, რაც მარიამმა საჯაროდ აღიარა, რომ შეყვარებულია, ნუცას გულშემატკივრები მისი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდნენ. fortuna.ge-თან მომღერალმა გულახდილად ისაუბრა იმ 3 კრიტერიუმის შესახებ, რომელსაც მისი მომავალი მეორე ნახევარი უნდა აკმაყოფილებდეს და ასევე გაგვიმხილა, რომ 89 წლის ბებიასთან ერთად მალე ერთ-ერთ სასიმღერო პროექტში, „მიმღერე“ ვიხილავთ.
ნუცა, როგორია შენი საზაფხულო გეგმები?
რა თქმა უნდა, ვესტუმრებით ბათუმს. გვაქვს ძალიან კარგი კონცერტები, ბენდთან ერთად, მარიამ შენგელიასთან ერთად… საინტერესო ღონისძიებები იქნება გიორგი ცხადაძესა და თაკო კაკალაშვილთან ერთად. გვაქვს გასვლითი კონცერტები სხვა რეგიონებშიც.
დასვენება შეთავსებითაა თუ ვერ ხერხდება?
ყველა მაგას მეკითხება, როდის ისვენებო? ასეთ დროს კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავდივარ ხოლმე, რომ დასვენება მოვახერხო, შესაძლოა, აგვისტოში მქონდეს რამდენიმე თავისუფალი დღე. მე და მარიამი ვგეგმავთ, რომ საზღვრებს გავცდეთ. კარგი შემოთავაზებებია ევროპიდან და შესაძლოა, მე და მარიამი გავემგზავროთ. ჩვენი საყვარელი ქვეყნიდან, საფრანგეთიდან გვაქვს შეთავაზება კონცერტის ჩატარებაზე.
ნუცა, როგორც ვიცი, მალე მაყურებელი ნახავს, როგორ ამღერდები ბებიასთან ერთად…
მე და ბებია ხალხისთვის ერთ-ერთ საყვარელ პროექტში გამოვალთ ერთად. ბებია პროფესიონალი არ ყოფილა, მაგრამ საოცრად მღერის ქართულ საესტრადო სიმღერებსაც და ხალხურსაც, ნებისმიერი ხმის შესრულება შეუძლია. არის 89 წლის და ყველა გააგიჟა…
შვილიშვილთან ერთად სცენაზე დადგომა რა საინტერესოა…
თავიდან მონაწილეობა რომ შემოგვთავაზეს, არ ვიცოდი, რას მიპასუხებდა. როცა ვუთხარი, ისე გაუხარდა, გაგიჟდა, იმდენად გამაბედნიერეო… ძალიან უყვარს ეს პროექტი, წარმოიდგინა, როცა გამოვა, მერე როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია.
ასეთივე ლამაზია ბებია, როგორიც შენ ხარ?
ძალიან ლამაზი ბებია მყავს.
მას ხომ არ ჰგავხარ გარეგნობით?
მგონია, არავის ვგავარ, დედაჩემი ისეთი ლამაზია, მას რომ მამსგავსებენ, ესეც მიკვირს ხოლმე.
მონაწილეობ სერიალში „მარჯვენა სანაპირო“. ამ სერიალში გაჟღერებული შენი სიმღერები ადვილად ჰიტდება…
პირველად, როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს, ზუსტად ერთი დღით ადრე ახმეტელის თეატრიდან დამირეკეს… ჩემი უდიდესი ოცნება ასრულდა, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი თეატრის მსახიობობაზე. ერთი დღის გამოტოვებით დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა. როცა სცენარის გასაცნობად მივედი, აღმოვაჩინე, რომ ანის პერსონაჟი ჩემთან ძალიან ახლოსაა და საკუთარ თავს ვთამაშობ. საოცარი მსახიობები და სტაფია. ამ სერიალში ისეთი მსახიობები თამაშობენ, ძალიან დიდი რესურსი აქვს, დავით დვალიშვილისა და ნანული სარაჯიშვილის გვერდით რომ ვთამაშობ, ეს ძალიან დიდი ამბავია. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ყველას ვგულისხმობ. მეორე სეზონმაც ისეთი დიდი მოწონება დაიმსახურა, ქუჩაში რომ მივდივარ, ძალიან ხშირად მაჩერებენ და სერიალის გამო მეუბნებიან კომპლიმენტებს. ნეტავ, როდის გამოვა ახალი სერიაო… სიმართლე გითხრათ, არ ველოდი სერიალის ასეთ წარმატებას. მესამე სეზონი უკვე დადასტურებულია. ეს სერიალის წარმატების მანიშნებელია. თეატრშიც დავასრულეთ სეზონი, ძალიან ემოციური იყო ბოლო „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ თამაში, იქაც ველოდები გაგრძელებას და ახალ სეზონს სექტემბრიდან.
მოკლედ, სფერო არ არსებობს, თავი რომ არ მოსინჯო…
ამას წინათ, ვიღაც კითხულობდა, ეს ნუცა თოფურია მსახიობია, მომღერალია თუ მოცეკვავეო (იცინის).
ნუცა, შენს გარეგნობაზე მინდა გკითხო – ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოიყურები… თითქოს სტილიც შეიცვალე, უფრო სექსუალური იმიჯი გაქვს…
ეს არის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამსახურება ნამდვილად. მანამდე ვვარჯიშობდი, სამი თვით ადრე, სანამ პროექტში მონაწილეობას გადავწყვეტდი, კიდევ კარგი, ვარჯიში დავიწყე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, მაგრამ რომ არ გამეკეთებინა, უცებ ასეთ დატვირთვას ვერ გავუძლებდი, ისედაც ძალიან გამიჭირდა, 24/7-ზე სრული დატვირთვით გიწევდა ვარჯიში, ეს არის ურთულესი გამოცდა. რა ტრენაჟორები და რა დარბაზი, როცა ცეკვა არსებობს?! ისეთ ფორმაში, როგორშიც ცეკვამ ჩამაყენა, არასდროს ვყოფილვარ…
რაც შეეხება სტილს, მართლაც უფრო თამამი გახდა. ასეთ კაბებს ადრე არ ჩავიცვამდი. ახლა, როცა საკუთარი თავი მოგწონს, უფრო მეტად გეხალისება ასე ჩაცმა.
კიდევ ვის მოსწონხარ, საკუთარი თავის გარდა? როგორაა საქმე პირად ფრონტზე?
(იცინის) არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი, მაგრამ მინდა გამოვყო ჩემი თაყვანისმცემლები, არიან შეგნებულები და კარგები. თუ ზედმეტად შევწუხდი, ამის გამოხატვაც შემიძლია. დედაჩემი ხშირად მაფრთხილებს, ხომ შეიძლება, ისეთი არ იყო, როგორიც ხარ და ადამიანებთან ცოტა თავი შეიკავო, დიპლომატიურად მიუდგეო. მეც დიპლომატიურად მიდგომას ვცდილობ ძალიან. არ მახსოვს თაყვანისმცემელი, რომელსაც უარს ეტყვი და ძალით მოდის. ეს ძალიან მაღიზიანებს.
პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით არ ხდება ისეთი რამ, რომ მოგიყვეთ. თუკი იქნება სალაპარაკო, აუცილებლად მოვყვები. კი ამბობენ, რომ სიყვარულსა მალვა უნდა და ბედნიერებასაც ცოტა უნდა მოუფრთხილდეო, მაგრამ მე ფიზიკურად არ გამომივა, რაც მაბედნიერებს და კარგად მხდის, მინდა საუბარი. არ დავმალავ არც სიყვარულსა და არც ბედნიერებას, როცა ისეთ საფეხურზე იქნება, როგორზეც უნდა იყოს…
აი, მაგალითად, როგორც შენი უახლოესი მეგობრის, მარიამ შენგელიას შემთხვევაში მოხდა. თუ შეგაწუხეს ახლობლებმა კითხვებით მას შემდეგ, რაც შენი „ტვიქსის“ მეორე ცალს მეორე ნახევარი გამოუჩნდა?
მარიამი ძალიან კარგად არის. ისე კარგად, რომ მეშინია მის პირადზე საუბარი. თავად ამბობს ხოლმე, რომ ყველანაირი თვალი მას ეცემა. მაინც გადაწყვიტა ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა. როგორ არ მაწუხებენ კითხვებით (იცინის). მირჩევნია, გულწრფელს, ნამდვილს და იმ ერთადერთს დაველოდო.
ერთადერთობის კრიტერიუმები როგორია?
ასე ჩამოწერილი არ მაქვს, როგორი უნდა იყოს, მაგრამ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ძალიან მინდა, იყოს დაკმაყოფილებული. გარეგნობით არ მინდა დავიწყო, მაგრამ რაც უნდა იყოს, პირველი ჭამს თვალი. როცა ადამიანს არ იცნობ. რამდენიმე ჩემი დაქალი შემომეკამათება, რატომ არის გარეგნობა მნიშვნელოვანიო, აბა, რა არის?! სანამ მის შინაგან სამყაროს გავიცნობ, შევიყვარებ მის თვისებებს და მომეწონება ისეთი, როგორიც არის, პირველ რიგში, უნდა მომეწონოს გარეგნობით. სხვათა შორის, ქერა და ცისფერთვალება ბიჭები არ მომწონს. ამაზე იყო უსაყვარლესი კომენტარები და გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გამონათქვამებს უარყოფითი კომენტარები მოჰყვება ხოლმე. ჩემი გვერდით ვერ აღვიქვამ იცით, როგორ ბიჭებს? აი, ძალიან ქერა, ოქროსფერი თმა რომ აქვთ…
ანუ ზღაპრული პრინცი შენთვის არ არის…
შავგვრემანი პრინცები მირჩევნია, თუ ფერადი თვალი ექნება, იდეალურია.
რაც შეეხება თვისებებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საპირისპირო სქესში?
ჩემი ცხოვრების წესს და განრიგს უნდა მიეჩვიოს, მინდა, არ უქმნიდეს დისკომფორტს, რომ მაქვს კონცერტები გვიანობამდე, შეიძლება, სადმე გაფრენამ მომიწიოს და სცენის გამო ვიყო ყურადღების ცენტრში. ვარ ხოლმე ყურადღების ცენტრში, ეს კი, ბევრ მამაკაცს შეიძლება, არ მოსწონდეს. მინდა, ჩემს პარტნიორს ეს ყველაფერი მოსწონდეს და აბედნიერებდეს ის, რომ მისი გოგო არის ყურადღების ცენტრში. სად ვნახოთ ასეთი?! შეზღუდვა ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემმა მშობლებმა გამზარდეს პრინცესასავით, ყოველთვის მენდობოდნენ და არასდროს შევუზღუდივარ რამეში. ჩემთვის ყველანაირი შეზღუდვა არის დიდი დისკომფორტი. მე ისეთი ადამიანი ვარ, თუკი შემიყვარდა, არასდროს მოვიქცევი ისე, რომ მას ეწყინოს, მაგრამ თუ შეზღუდვებს დამიწესებს, ჩვენი ურთიერთობა ფიზიკურად არ გამოვა, როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს. იუმორის გრძნობაც არის ჩემთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი.
შავგვრემანი პრინცი იუმორის გრძნობით და თავისუფლების მომნიჭებელი…
ურთიერთგაგება მთავარია და თუ ეს არის წყვილში, ყველაფერი იდეალურად იქნება…
ინტერვიუ: ნინო მურღულია