ნუცა თოფურია ჟურნალ „თბილისელებთან“ იღბლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ნიჭთან ერთად ისიც აუცილებლად საჭიროა.
– როგორ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ და წარმატებისთვის ბევრს შრომობ, იღბალიც გეხმარება?
– ძალიან იღბლიანი ვარ, ძალიან. სხვათა შორის, ხშირად ვამბობ: როგორი იღბლიანი ვარ და მადლობელი ვარ ამისთვის ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების-მეთქი. ამის გამო მადლობას ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე. ერთხელ კი, ერთმა მითხრა: რატომ მადლობა? ეს შენი ნიჭითა და შრომით დაიმსახურეო. არა, ძალიან ბევრი რამაა იღბალზე დამოკიდებული. ბევრი ნიჭიერი მსახიობია და შესაძლოა, მას ეთამაშა ის მთავარი როლი, რომელსაც დღეს მე, არამსახიობი ვთამაშობ. ეს იყო ჩემი ბედი, გამიმართლა, იღბლიანი ვარ და აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი. საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ აღმოჩნდები, ესეც იღბალია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად აეწყო და ვფიქრობ, სამყაროში, უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომ, ვუხდი უფალს მადლობას ხშირად, რაც დღეს მაქვს, სხვა მე არაფერი შემიძლია. და, გარდა იმისა, რომ გამიმართლა შემოქმედებითი კუთხით, მთავარი და მნიშვნელოვანი – ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა. რომ არა დედა, მამა და ჩემი ოჯახი, არც კი ვიცი, ვინ ვიქნებოდი. ჩემმა მშობლებმა ჩემი და ჩემი ძმის გამო ბევრი სირთულე გამოიარეს, მაგრამ მაინც შეძლეს და ყველაფერი გაგვიკეთეს. შეიძლება, ბევრჯერ არ იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ ბევრი გაიღეს იმისთვის, რომ მე ვეტარებინე ყველგან. რაც ცნობიერება მაქვს, არ მახსოვს, ჩემს მშობლებს რამეზე უარი ეთქვათ. არასდროს უარი არ მიმიღია, შეიძლება, არ ჰქონდათ, მაგრამ ახერხებდნენ, რომ ჩემთვის მოეცათ ის, რაც მჭირდებოდა. ძალიან მათამამებდნენ, კარგი გაგებით, ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მქონოდა“.